საზოგადოება

დახმარების გადახედვა, ფინანსური და სავიზო სანქციები — 29 კონგრესმენის წერილი კობახიძეს

11 მაისი, 2024 •
დახმარების გადახედვა, ფინანსური და სავიზო სანქციები — 29 კონგრესმენის წერილი კობახიძეს

აშშ-ის კონგრესის 29 წევრი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს წერილით მიმართავს.

კონგრესმენები საქართველოს ხელისუფლებას ფინანსური სანქციების შესახებ აფრთხილებენ და მზადყოფნას გამოთქვამენ, როგორც ეს გააკეთეს ბელარუსის დემოკრატიის აქტის მიღებით, საქართველოს შემთხვევაშიც უპასუხონ დემოკრატიის უკუსვლას.

2004 წელს მიღებული ბელარუსის დემოკრატიის აქტი არის შეერთებული შტატების ფედერალური კანონი, რომლის მიხედვითაც, ბელარუსის ხელისუფლებამ არ უნდა მიიღოს სხვადასხვა სახის არაჰუმანიტარული ფინანსური დახმარება აშშ-სგან. სანაცვლოდ იგი ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელ მედიის დახმარებას, რომლებიც მუშაობენ ბელარუსში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განვითარებაზე.

„გწერთ, რათა გამოვხატოთ სერიოზული შეშფოთება „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით. ეს კანონპროექტი ძირეულად ეწინააღმდეგება თქვენი მთავრობის მიერ გაცხადებულ სურვილს შემდგომი ინტეგრაციისა ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში და 2009 წლის შეერთებული შტატები-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის სულისკვეთებას. ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ თქვენს მთავრობას, კიდევ ერთხელ გაიწვიოს ეს მავნე კანონპროექტი და დაუბრუნდეს საქართველოს ვალდებულებას, გააფართოოს დემოკრატია და ეკონომიკური თავისუფლება, დაიცვას უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა, გააძლიეროს კანონის უზენაესობა და პატივი სცეს ადამიანის უფლებებს, როგორც ეს გათვალისწინებულია ქარტიაში“, — ნათქვამია კონგრესმენების წერილში.

კონგრესმენების აზრით, „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტის საბაბია კონტროლის დაწესება სწორედ იმ პარტნიორებზე, რომლებიც ქართველი ხალხის მხარდამხარ ათწლეულების განმავლობაში მუშაობდნენ მათი ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად:

„მარტივად რომ ვთქვათ, ამ კანონპროექტის მიღება ძირს გამოუთხრის ნებას ქართველი ხალხისა, რომელიც მომავალს დასავლეთში ეძებს“.

წერილი ავტორები უარყოფენ მოსაზრებას, რომ საქართველოს პარლამენტში ინიციირებული  კანონპროექტი შემუშავებულია აშშ-ის კანონმდებლობის მიხედვით და მიუთითებენ მსგავსებაზე 2012 წელს რუსეთში მიღებულ „უცხოელი აგენტების“ კანონზე, რომელიც ასევე „გამჭვირვალობის“ საფარქვეშ მართლდებოდა.

კონგრესმენები იხსენებენ, რომ მას შემდეგ „პუტინმა და მისმა ბანდიტებმა“ ეს კანონი გამოიყენეს მისი მმართველობის ოპონენტების გასაქრობად, რაც დასრულდა რუსეთის დაღმასვლით საბჭოთა სტილის ავტორიტარიზმში.

„ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ხალხი იმსახურებს და სურს უკეთესი, უფრო დემოკრატიული მომავალი. ამ კანონის მიღება მხოლოდ საქართველოში რუსეთის მავნე გავლენის გაფართოების საშუალებას იძლევა“, — ნათქვამია წერილში.

კონგრესმენებისთვის ასევე ღრმად შემაშფოთებელია რიტორიკა ამ კანონპროექტის ირგვლივ. კერძოდ, ბიძინა ივანიშვილის განცხადება ოპოზიციის „დასჯის“ შესახებ და მისი მინიშნება, რომ შეერთებული შტატები და პარტნიორები ევროპაში თითქოსდა ცდილობდნენ, შეარყიონ საქართველოს სუვერენიტეტი.

„ჩვენ მტკიცედ ვუჭერდით მხარს თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტს თქვენი დამოუკიდებლობის მომენტიდან, მათ შორის 16 წლის შემდეგ, რაც რუსეთი პირდაპირ შემოიჭრა და დაიპყრო თქვენი ტერიტორიები 2008 წელს“, — აცხადებენ კონგრესმენები გმობენ ივანიშვილის „შეურაცხმყოფელ და სასტიკ განცხადებებს“.

„ჩვენი შეშფოთება მხოლოდ გაძლიერდა თქვენი მთავრობის პასუხით კანონპროექტის ხელახალი შემოტანის წინააღმდეგ მშვიდობიან საპროტესტო აქციებზე. გვაქვს ცნობები ათობით მომიტინგის, მათ შორის ამერიკის  მოქალაქეების შესახებ, რომლებიც ქუჩიდან გაიტაცეს და პოლიციამ სცემა. ხელისუფლების სპეცრაზმმა სცემა ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, რომელიც ასევე თქვენი პარლამენტის მოქმედი წევრია.

საინტერესოა, რომ რუსმა პროპაგანდისტმა და ფაშიზმის იდეოლოგმა ალექსანდრე დუგინმა განაცხადა, რომ „საქართველო სწორ გზაზეა“ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გამოთქვა მხარდაჭერა კანონპროექტისადმი. ის, რომ თქვენს ქმედებებს მოჰყვა დაგმობა თქვენი ქვეყნის უახლოესი პარტნიორების მხრიდან და ქება იმ ქვეყნისგან, რომელიც იკავებს თქვენი სუვერენული ტერიტორიის 20%-ს, აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ საქართველოს არასწორ გზაზე აყენებთ“, — ნათქვამია წერილში.

კონგრესმენების თანახმად, სიტუაცია საქართველოში ნათელია და საქართველოს ხელისუფლებას ახლა ორი არჩევანი აქვს:

„მთავრობას შეუძლია, აირჩიოს ქართველი ხალხის ხმის გაგონება ან გააგრძელოს ბნელი გზა რუსული სტილის ავტორიტარიზმისკენ. ჩვენ არაორაზროვნად ვაცხადებთ, რომ ამ უკანასკნელი გზის არჩევა გამოიწვევს შეერთებული შტატების მიერ ჩვენი ურთიერთობის ბუნების ძირეულად გადაფასებას. ისევე, როგორც კონგრესმა გაითვალისწინა ავტორიტარიზმის წარმოშობა ბელარუსში და მიიღო ორპარტიული ბელორუსის დემოკრატიის აქტი 2004 წელს, ჩვენ მზად ვართ ვუპასუხოთ შემდგომ თავდასხმებს აყვავებული, ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგ, რომელსაც საქართველო იმსახურებს.

მოგიწოდებთ, უკან გაიწვიოთ ეს კანონპროექტი და სხვა ზომები, რომლებიც ხელს უშლის ქართველი ხალხის უფლებებსა და თავისუფლებებს, რის შემდეგაც მოხარული ვიქნებით, გავმართოთ პირდაპირი მოლაპარაკებები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისა და გააქტიურების მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ ეს საზიანო კანონმდებლობა არ გაუქმდება, ჩვენ შევუერთდებით სენატში ჩვენს კოლეგებს საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკაში ფუნდამენტური ცვლილებების წახალისებაში, მათ შორის აშშ-ის ფინანსური დახმარების გადახედვის, სავიზო შეზღუდვების გაფართოებისა და ფინანსური სანქციების ჩათვლით მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელნი არიან საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის ძირის გამოთხრაზე“, — ნათქვამია წერილში.

ორპარტიულ მიმართვას ხელს აწერს 29 კონგრესმენი, მათ შორის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ მაკკოლი და ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე თომას კინი.

მასალების გადაბეჭდვის წესი