საზოგადოება

განვითარება და უთანასწორობა სამხრეთ კავკასიაში

1 ოქტომბერი, 2010 • 1630
განვითარება და უთანასწორობა სამხრეთ კავკასიაში

ომისა და ფინანსური კრიზისის შედეგად შემცირებული ეკონომიკა ზრდას ანელებს

სტატიის პირველ და მეორე ნაწილებში აღწერილ სირთულეებს ერთდროულად დაერთო ორი დამამძიმებელი გარემოება: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი და მსოფლიოს ფინანსური კრიზისი. ორივე ფაქტორი ერთდროულად გახდა რეგიონში ეკონომიკის შემცირების მიზეზი: პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობა ამცირებს სავაჭრო ბრუნვას და საქონლის მიმოქცევას. ომის გამო ბიზნესი ალტერნატული გზების ძიებას იწყებს, ხოლო მსოფლიო ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის გამო, ზოგადად, მცირდება მოთხოვნა საქონლის წარმოებასა და ექსპორტზე. შესაბამისად, მცირდება გადაზიდვაზე დამოკიდებულ სახელმწიფოთა (მაგ. საქართველო) შემოსავლები. იზრდება უმუშევრობა, კოტრდება ბიზნესი, იშლება ინფრასტრუქტურა.

ომის შედეგად, რაც ყველაზე დასანანია, ნადგურდება ადამიანური კაპიტალი:–სიკვდილიანობის, იძულებითი დევნილობის და უმუშევრობის ფაქტორთა ერთობლივი მოქმედებით. ამ მოვლენებმა ეკონომიკური ზრდის იმედი კიდევ უფრო შეამცირა რეგიონში. მაგ. საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 3.9 პროცენტით შემცირდა 2010 წლის პირველ კვარტალში, ხოლოდ პირდაპირი საგარეო ინვესტიციების ოდენობა 80.2 პროცენტით დაეცა იმავე  პერიოდში.  პირდაპირი საგარეო ინვესტიციების ოდენობა  2009 წელს უკვე განახევრებული იყო და 759 მილიონ ამერიკულ დოლარს  არ აღემატებოდა.

როგორი განვითარების იმედი შეიძლება ჰქონდეთ სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებს?

ლიტერატურაში საუბრობენ შესაძლო რეკომენდაციებზე, რომლებიც ქვეყნების ეკონომიკას ზრდის დაჩქარებაში ეხმარება. ზოგი ავტორი ხაზს უსვამს თავისუფალი ბაზრების, რეგიონალიზაციის და ტექნოლოგიური განვითარების  უპირატესობას. რეგიონალიზაცია დიდი ტერიტორიების მცირე ეკონომიკურ რეგიონებად დაყოფას (მცირე და საშუალო დონის რეგიონული თანამშრომლობის გაერთიანებების ჩამოყალიბების გზით) და მეზობლებს შორის სავაჭრო და პოლიტიკური ბარიერების მოხსნას გულისხმობს. ამან შედეგად მიმოსვლისა და ვაჭრობის წახალისება უნდა მოიტანოს. ეს რეკომენდაციები, ძირითადად, აფრიკული გამოცდილებისა  და პოტენციალის ანალიზს ეყრდნობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს შემოთავაზებები ვერ გახდება პანაცეა დანარჩენი მსოფლიოსათვის,   მათი კვლევა სამხრეთკავკასიურ ქვეყნებზე მორგების კუთხით იქნებოდა გონივრული. 

1. ისტორიული კონტექსტის გათვალისწინება მნიშვნელოვანია

რეკომენდაციების შემუშავების პროცესში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ისტორიული კონტექსტის გათვალისწინება. სამხრეთ კავკასიის ისტორიული კონტექსტი შემდეგში მდგომარეობს: სამივე სახელმწიფო იტანჯება მძიმე კოლონიური მემკვიდრეობისაგან. ეს მემკვიდრეობა ეთნიკური ნაციონალიზმია, რომელიც, ამ სამი სახელმწიფოს საზოგადოებების საზიანოდ,

 200– წლიანი, 70– წლიანი თუ ჯერაც დაუსრულებელი რუსული ბატონობის შესუსტების შუალედებში განსაკუთრებული ძალით მოქმედებს.

2. რესურსების წყევლა

მეორე განსაკუთრებული საფრთხე ე.წ. „რესურსების წყევლაა“ – რესურსებზე უკანონო კონტროლი და მათი ექსპლოატაციით მიღებული ზედმეტი შემოსავალი თითქმის არასოდეს და არსად ხმარდება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. ის სისასტიკით გამორჩეულ კლანებს აძლიერებს, რომლებიც, თავის მხრივ, მეტი დამაჯერებლობით აგრძელებენ მოქალაქეთა ჩაგვრას. აზერბაიჯანი ამის როგორც კლასიკური, ისე უახლოესი მაგალითია.  ამის დაძლევა მხოლოდ  ძლიერი,  შესაბამის საზოგადოებებში აღმოცენებული დემოკრატიული იდეით არის შესაძლებელი, რომელიც განვითარებული სამყაროს მიერ  ფრთხილად და ურყევად იქნება მხარდაჭერილი.

3. ხაზგასმა რეგიონის  საერთო ინტერესებზე

მნიშვნელოვანია განვითარების ადგილობრივი/რეგიონალური სტრატეგია გონივრულად ახდენდეს ისტორიულ სავაჭრო გზაზე მდებარეობის კაპიტალიზაციას. სტრატეგიული მდებარეობა, საფრთხის ნაცვლად, სიკეთის მომტანი მხოლოდ გაერთიანებული რეგიონალური მცდელობით გახდება.

4. სამივე სახელმწიფოს საზოგადოება იდენტობის კრიზისს განიცდის

ბოლო საკითხი, რომელიც გეოგრაფიულ მდებარეობაზე და რესურსებზე მეტად არის მნიშვნელოვანი, იდენტურობის მუდმივი კრიზისია. ეს კრიზისი არის ფუნქცია მუდმივი შეუძლებლობისა მოვახდინოთ თვითორიენტაცია სამხრეთსა და აღმოსავლეთს (აზია), დასავლეთსა (ევროპა და ამერიკა) და ჩრდილოეთს (რუსეთი) შორის. ამ შეუძლებლობამ შეზღუდა ჩვენი შესაძლებლობები, გაგვეტარებინა წარმატებული, დამოუკიდებელი და გაერთიანებული (სამივე სახელმწიფოს შესაძლებლობების ჯამი) საგარეო პოლიტიკური კურსი.

დასკვნა

ამ წერილის მიზანია დავფიქრდეთ იმ საკითხებზე, რაც:

1. განვითარების პოლიტიკის გადახედვის საშუალებას მოგვცემს,

2. რეგიონის ძლიერი მხარეების გამოკვეთაში დაგვეხმარება და

3. თითოეული ქვეყნის როლის განსაზღვრის შესაძლებლობას წარმოაჩენს.

უნდა იქნას წამოყენებული განსხვავებული შემოთავაზებები, რომლებშიც  ადამიანურ კაპიტალზე, უკეთესი საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებაზე და გეოპოლიტიკური მდებარეობით მაქსიმალურ სარგებლიანობაზე იქნება აქცენტი გადატანილი. ამის საპირისპიროდ, მხოლოდ ბუნებრივ რესურსებზე იმედის დამყარება საფრთხის შემცველია იმ ქვეყნებში, სადაც დემოკრატია განსაკუთრებით მოისუსტებს. რესურსები წყევლაა იქ, სადაც მათი სამართლიანი გადანაწილება არ ხდება და ეს რესურსები მხოლოდ უმცირესობის ხელში გაედინება, უმრავლესობაზე უსამართლო კონტროლის შესანარჩუნებლად. მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას ბუნებრივ რესურსებთან პასუხისმგებლობით მისაწვდომობის საკითხს. დაბოლოს, მრავალეთნიკური სამხრეთ კავკასიის საზოგადოებებში კულტურული მგრძნობელობა და გულრწფელი ურთიერთპატივისცემა არის ის ფილოსოფია, რაზეც უნდა იყოს დაფუძნებული განვითარების სამხრეთკავკასიური სტრატეგიული შემოთავაზებები.

ვტორის შესახებ

ირაკლი ვაჭარაძე არის მიწვეული მკვლევარი ნიუ ორკის უნივერსიტეტის ვაგნერის სახელობის  საჯარო სამსახურის სკოლაში.  თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალური სამუშაოს მაგისტრატურის საფეხურზე ასწავლის სოციალურ პოლიტიკას, სოციალური სამუშაოს ეთიკას და არასამთავრობო ორგანიზაციების მენეჯმენტს. ნიუ ორკის უნივერსიტეტში, როგორც ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს უნივერსიტეტის მასწავლებელთა განვითარების პროგრამის მონაწილე 2009-2012 წლებში, იკვლევს სოციალური მეწარმეობის განვითარებასა და პერსპექტივებს მესამე სამყაროს ქვეყნებში.

ირაკლი ვაჭარაძე
ირაკლი ვაჭარაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი