საზოგადოება

გენდერი ციფრებში

29 სექტემბერი, 2010 • 1796
გენდერი  ციფრებში

ქართული მედია აშუქებს პოლიტიკას, ბიზნესს, კრიმინალს, ზოგჯერ ადამიანის უფლებებს და თითქმის არ უთმობს ადგილს ქალების პრობლემებს – ასეთია GMPP-ის (გლობალური მედია მონიტორინგის) კვლევის დასკვნა. კვლევის შედეგები დღეს ასოციაცია „გენდერმედიაკავკასიამ“  თბილისში, „გაეროს“ სახლში, წარმოადგინა.

საქართველო უკვე მეორედ  იყო ჩართული GMPP-ის გლობალურ მოხალისეთა პროექტში. პროექტის ფარგლებში– ხუთ წელიწადში ერთხელ– ერთ კონკრეტულ დღეს მედიის სხვადასხვა საშუალებებში  ტარდება  კვლევა, თუ რა საკითხებს აშუქებს მედია და როგორია ქალის როლი თანამედროვე მედიაში.

„გლობალური მედია მონიტორინგის” ფარგლებში კვლევა მსოფლიოს 108 ქვეყანის  ტელევიზიებში, რადიოებსა და საგაზეთო გამოცემებში ჩატარდა.

კვლევის დასკვნაში ნათქვამია, რომ დღევანდელი რეალობა 2005 წლის მონაცემებისგან  მცირედ განსხვავდება.

საქართველოში ჩატარებულ კველავასთან დაკავშირებით, GMPP‑ს დასკვნაში რამდენიმე საკვანძო საკითხია გამოყოფილი. მათ შორის:

საქართველოში მოქმედი როგორც ქალი, ასევე მამაკაცი ჟურნალისტები მამრობითი სქესის ექსპერტებს მიმართავენ და არა  მდედრობითი სქესისას. ქალების უფლებებისათვის ბრძოლა ფაქტობრივად არ აისახება ქართულ მედიაში. ხოლო ძალადობის შესახებ გაშუქებელ თემებში გენდერული საკითხების ანალიზს ან საერთოდ არ აქვს ადგილი დათმობილი, ან ძალიან პატარა ადგილი უჭირავს.

თუმცა,  სანამ კვლევის ავტორები კონკრეტულად მედიის საკითხების დეტალურ მიმოხილვას შეუდგებოდნენ, მათ საქართველოში არსებული ზოგადი სიტუაციის ანალიზი გააკეთეს. მათი თქმით, საქართველოში პოლიტიკოსების 90% მამაკაცია, წამყვანი თანამდებობებიც, უმეტეს შემთხვევაში,  ხელისუფლებაში სწორედ მათ აქვთ დაკავებული და მხოლოდ რამდენიმე ქალია მინისტრი. კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველოში მოქმედი ქალთა უფლებების დამცველი არასამათავრობო ორგანიზაციების დახმარებით, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ოჯახური ძალადობის შესახებ. თუმცა კვლევის ავტორები აქვე წერენ, რომ ამ პროცესში ქართულ მედიას ძალიან მცირე როლი ეკუთვნის.

სქესთა ბალანსი ქართულ მედიაში არ არის დაცული, უფრო კონკრეტულად კი კვლევამ აჩვენა, რომ ახალი ამბის საგნად ქალი წარმოდგენილი იყო 22%–ანი მაჩვენებლით,  ხოლო  მამაკაცი – 78%-ით. მონიტორინგის დღეს ქალებმა 59 თემა გააშუქეს, მამაკაცებმა კი – 118.

გაშუქებული თემების მთავარი გმირები, ძირითადად, მამაკაცები იყვნენ. პოლიტიკური თემების გაშუქებისას მედიის მიერ გამოყენებული წყაროების 81% მამაკაცი იყო, ეკონომიკის შესახებ ახალ ამბებში – 97% მამაკაცი. საერთო ჯამში კი მედიამ ერთი დღის მანძილზე  ფოკუსი 174 მამაკაცზე  და მხოლოდ 34 ქალზე გააკეთა.

განსხვავებულია მიდგომა ფოტოებთან დაკავშირებით. ვიზუალურად ქალი და მამაკაცი თითქმის ერთნაირად იყო წარმოდგენილი, თუმცა მამაკაცების ფოტოები თემატურად  პოლიტიკისა და ბიზნესის განყოფილებაში იყო განლაგებული, ხოლო თემები, რომლის ფოკუსიც ქალი გახლდათ, მოდას და ოჯახურ საქმიანობას შეეხებოდა.

სტატისტიკის მიხედვით, რომელიც GMPP-ს კვლევამ აჩვენა, ახალ ამბებს ტელევიზიაში  56% ქალი რეპორტიორი აშუქებს, პრესაში – 47%, ხოლო რადიოში – მხოლოდ 18%.

მონიტორინგი რამდენიმე მედიასაშუალებაზე დაკვირვებით განხორციელდა. კერძოდ: „რუსთავი 2“, „იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი რადიო, რადიო „მწვანე ტალღა“, გაზეთები –  „24 საათი“, „საქართველოს რესპუბლიკა“ და „ახალი თაობა“.



მასალების გადაბეჭდვის წესი