საზოგადოება

„…ზღაპრის ბოლო კეთილია“ — როგორ იქცა ეს სიმღერა საგულშემატკივრო ჰიმნად

27 მარტი, 2024 • 4821
„…ზღაპრის ბოლო კეთილია“ — როგორ იქცა ეს სიმღერა საგულშემატკივრო ჰიმნად

მერაბ სეფაშვილის სიმღერამ „გაიღიმე”, რომელიც 2001 წელს გამოვიდა, ახალი სიცოცხლე შეიძინა. სიმღერა ახლა საქართველოს ნაკრების გამარჯვებასთან ასოცირდება. გამარჯვებასთან, რომლის წყალობითაც ისტორიაში პირველად საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

რა ისტორია აქვს ირმა სოხაძის ტექსტითა და გია მაჭარაშვილის მელოდიით შექმნილი სიმღერის გამოჩენას „ქომაგების“ რეპერტუარში და როგორ დაიმკვიდრა თავი გულშემატკივრებში — ამ თემაზე „ნეტგაზეთი“ „ქომაგების“ წევრს, ბექა ნოზაძეს ესაუბრა.

ნოზაძის თქმით, „ქომაგებმა“ სიმღერა პირველად 2018 წელს ლატვიაში იმღერეს, როცა ნაკრებს გასვლით შეხვედრაზე თან ახლდნენ, იქ კი საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ ბევრი ქართველი ემიგრანტი მივიდა:

„საქართველოსა და ლატვიას შორის გასამართ შეხვედრაზე ვიყავით ქომაგები ლატვიაში ჩასული 2018 წელს და იქ ძალიან ბევრი ადგილობრივი ქართველი იყო მოსული საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ.

იმათთვის ცოტა რთული იყო ჩვენი სიმღერების სწავლა, იქვე აყოლიება და დავიწყეთ რაღაცების დატესტვა ისეთი რაღაცების, რაც შეიძლებოდა ყველას სცოდნოდა. დავტესტეთ რამდენიმე სიმღერა და ერთ-ერთი იყო ზუსტად ეს“, — ამბობს „ქომაგების“ წევრი ნეტგაზეთთან საუბრისას.

მისი თქმით, სიმღერას კარგი ტექსტი აქვს — „ნურაფრის გეშინია“, „შენთანა ვარ“, „ბოლო კეთილია“ და ლატვიაში მცხოვრებმა ქართველებმა მალევე აიტაცეს. საქართველოს ნაკრების ქომაგის თქმით, მათ მიერ დაწყებულ სიმღერას მალევე აჰყვა სტადიონზე მისული გულშემატკივარი:

„ყველა შემოგვიერთდა და შემდეგ ვიფიქრეთ, რომ შეიძლება ეს ის იყო, რასაც მთლიან სტადიონს აიყოლიებდა. ქართველებს ცოტა გვეზარება ხოლმე სიმღერა, ჰიმნზეც დიდი ხანი დაგვჭრიდა იმის მისახვედრად, რომ ჰიმნის სიმღერა კარგია და უნდა ვიმღეროთ.

ახლა, როდესაც ევროპის ჩემპიონატი იყო 21 წლამდელთა შორის, იქ მთლიანი სტადიონი აგვყვა, ისე ითამაშეს ბიჭებმა და იქიდან მოყოლებული უკვე ყველას გულებშია, ყველას გონებაშია“ ,— ამბობს გულშემატკივარი.

ქომაგის თქმით, საგულშემატკივრო სიმღერაში მთავარი ერთიანობის ხაზგასმაა, რასაც მერაბ სეფაშვილის ეს სიმღერა ახერხებს. ბექა ნოზაძე აღნიშნავს, რომ „ქომაგები“ ეცდებიან სტადიონზე მისულ გულშემატკივრებს სხვა სიმღერებიც შესთავაზონ და მათი აყოლიება შეეცადონ:

„გუშინ ქალაქში დავდიოდი და ღამის 4 საათზე, 5 საათზე ხალხი მაგ სიმღერას მღეროდა. ერთია, რაც არ უნდა დაიძახო იქ სიმღერაში, მთავარი ეფექტი ყოველთვის აქვს ერთიანობის ხაზგასმას, ხალხი ჰყვება მაგ სიმღერას ძალიან კარგად. ჩვენ ნებისმიერ რაღაცას ვმღერით ხოლმე, რაც მოგვაფიქრდება, მთავარია, ეს ერთიანობა აჩვენოს და მაგ სიმღერაში არის ეს ერთიანობის განცდა.

ვეცდებით კიდევ ახალი სიმღერით შევეცადოთ ადამიანების აყოლიებას. გამარჯვებასთან ასოცირდება უკვე ეს სიმღერა და ჩვენ რაც გვქონდა, „ზღაპრის ბოლო კეთილია“, ზღაპარში გავატარეთ მთელი ეს პერიოდი და კეთილად დასრულდა ყველასთვის“ ,— ამბობს ნოზაძე.

გუშინ, 26 მარტს საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრების დამარცხება პენალტების სერიაში შეძლო და ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება ისტორიაში პირველად მოიპოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი