საზოგადოება

სამთავრობო თვითმფრინავის დაქირავება ღარიბაშვილებს 109 ათასი ლარი დაუჯდათ — დეკლარაცია

27 მარტი, 2024 • 1122
სამთავრობო თვითმფრინავის დაქირავება ღარიბაშვილებს 109 ათასი ლარი დაუჯდათ — დეკლარაცია

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეავსო თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სამთავრობო თვითმფრინავის დაქირავება თბილისი-მიუნხენი-თბილისის მიმართულებით მის ოჯახს 2023 წელს 109 500 ლარი დაუჯდა.

დეკლარაციაში მითითებულია, რომ ფული ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრმა 2 ეტაპად გადაიხადა: ჯერ 94 500 ლარი, შემდეგ კი — 15 000 ლარი.

ღარიბაშვილმა მანამდე თქვა, რომ კერძო თვითმფრინავი, რომლითაც აშშ-ში სასწავლებლად მიმავალი თავისი სრულწლოვანი შვილი მიუნხენში ჩაიყვანა, მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა დაუქირავა. ცნობილია, რომ მიუნხენიდან აშშ-სკენ ღარიბაშვილების ოჯახი სამგზავრო თვითმფრინავით გაფრინდა.

ქონებრივ დეკლარაციაში დამატებით მითითებულია, რომ ღარიბაშვილებმა 2023 წელს მოგზაურობაში ასევე დახარჯეს 20 000 აშშ დოლარი.

ირაკლი ღარიბაშვილის შვილმა ნიკოლოზ ღარიბაშვილმა სწავლა აშშ-ში, პენსილვანიის უნივერსიტეტში გააგრძელა.

გარდა ამისა, 2023 წელს ღარიბაშვილის ოჯახმა 3 შვილის სწავლაში 42 908 ლარი დახარჯა, თუმცა აქ არ არის მითითებული რაიმე ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია უფროსი სრულწლოვანი შვილის, ნიკოლოზ ღარიბაშვილის აშშ-ში სწავლასთან.

ქონებრივი დეკლარაციიდან იმასაც ვიგებთ, რომ ღარიბაშვილის ოჯახმა გასულ წელს 15 ათასი ლარი დახარჯა წვეულებისთვის, 6 255 ლარი — ტყით სარგებლობისთვის.

ღარიბაშვილს ქონებრივ დეკლარაციაში ასევე მითითებული აქვს, რომ 2023 წელს მშობლებმა დამატებით აჩუქეს 150 ათასი ლარი. შემოსავლებში მას მითითებული აქვს პრემიერის თანამდებობაზე ხელფასის სახით მიღებული 45 104 ლარი. სხვა შემოსავალი, დეკლარაციის მიხედვით, ყოფილი პრემიერის ოჯახს 2023 წელს არ ჰქონია.

რაც შეეხება სხვა ხარჯებს, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ღარიბაშვილებმა 25 809 ლარი გადაიხადეს „ქართუ ბანკისგან“აღებულ სესხში, რომლის მიზანიც ბაკურიანში სახლის მშენებლობაა.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი