საზოგადოება

მოსკოვის ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო — მედია

24 მარტი, 2024 • 1230
მოსკოვის ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო — მედია

მოსკოვში პარასკევს, 22 მარტს მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ISKP-მა აიღო. ეს არის დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანური ფილიალი, რომლის სახელოდებაცაა „ისლამური სახელმწიფოს ფილილიალი ხორასანის პროვინციაში.“

როგორც „როიტერსი“ იტყობინება, ISKP-თან დაკავშირებულ ტელეგრამ არხზე გამოქვეყნდა ინფორმაცია პასუხისმგებლობის აღების შესახებ, ასევე Crocus City Hall-ში თავად ტერორისტების მიერ გადაღებული ვიდეო, თუ როგორ ხოცავენ ისინი კონცერტზე მისულ ადამიანებს. აღნიშნული ვიდეო ნეტგაზეთმაც ნახა, რომელზეც სწორედ ტერორისტების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით ადამიანთა მასობრივი მკვლელობაა აღბეჭდილი.

„როიტერსის“ ცნობით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა, რომ მოსკოვის ტერაქტის უკან ნამდვილად ISKP დგას. თუმცა, რუსეთის ხელისუფლებას ოფიციალურად ჯერ არ დაუკისრებია პასუხისმგებლობა აღნიშნული ტერორისტული დაჯგუფებისთვის. პირიქით, მათ გააკეთეს ბუნდოვანი განცხადება და მინიშნება, თითქოს ტერორისტები თავდასხმის შემდეგ რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენ მიემართებოდნენ. უკრაინა უარყოფს რაიმე სახის კავშირს მოსკოვის ტერაქტთან და მიიჩნევენ, რომ აღნიშნულს პუტინის რეჟიმი სწორედ უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენებს.

Crocus City Hall-ში ოთხი თავდამსხმელი საღამოს საათებში, კონცერტის დაწყებამდე შეიჭრა და განურჩევლად დაიწყო ადამიანთა დახოცვა, შემდეგ კი შენობაში ხანძარიც გააჩინა. ოფიციალური ცნობებით, მოკლულია 133 ადამიანი, 152 კი დაშავდა. სამართალდამცავებმა ტერაქტთან კავშირის ბრალდებით 11 ადამიანი დააკავეს. რუსეთის ხელისუფლების ცნობით, დაკავებულთა შორის არის ის ოთხი თავდამსხმელიც, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ადამიანთა დახოცვაში.

ISKP ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ნაწილია, რომელიც ავღანეთისა და პაკისტანის ტერიტორიაზე მოქმედებს. ISKP-ს მთავარ მტრად გამოცხადებული აქვს აშშ, ირანი, რუსეთი და ჩინეთი. ისინი ებრძვიან „თალიბანსაც“, რომლებმაც ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების შემდეგ, 2021 წელს, ავღანეთის მართვა ჩაიგდეს ხელთ. „თალიბანის“ მიზანი ავღანეთის ტერიტორიაზე ისლამისტური სახელმწიფოს შექმნაა, ISKP კი აცხადებს, რომ მათი სამიზნე უფრო გლობალურია და რადიკალური ისლამის მთელ პალნეტაზე გავრცელებას გულისხმობს.

სწორედ ISKP-მა მოაწყო 2021 წელს ტერაქტი ქაბულის აეროპორტის შესასვლელში, როცა ამერიკული ჯარების გასვლის შემდეგ სასოწარკვეთილი ადამიანები ავღანეთის დატოვებას ცდილობდნენ. მაშინ აფეთქებას 182 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 13 ამერიკელი სამხედრო. ISKP-მა აიღო პასუხისმგებლობა ქაბულში 2022 წელს რუსეთის საკონსულოსთან მომხდარ ტერაქტზე, რასაც 5 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის იყო დიპლომატიური მისიის 2 თანამშრომელიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი