ახალი ამბები

ნიკა მელია პარტია „ახალზე“: ეს იქნება სახალხო, მეინსტრიმული პარტია

11 მარტი, 2024 • 854
ნიკა მელია პარტია „ახალზე“: ეს იქნება სახალხო, მეინსტრიმული პარტია

„მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ ენმ-ის ყოფილ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან ერთად, დღეს, 11 მარტს, პარტიის „ახალი“ პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაზე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ „ახალი“ იმ ადამიანების ერთობაა, რომლებსაც მომავალი აერთიანებთ.

მელიას თქმით, მისი და ნიკა გვარამიას გუნდის საერთო მიზანი გამარჯვება იქნება და არა — წარსულთან ანგარიშსწორება. ამასთან, მელიამ აღნიშნა, რომ კონსულტაციები გაერთიანების შესახებ სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ეს მარტივი პროცესი არ ყოფილა:

„ვიხელმძღვანელეთ, პირველ რიგში, ორი გუნდის ინტერესით, ათობით ათასი აქტიური ამომრჩევლის ინტერესით. შემთხვევით არ ვსაუბრობთ ბევრს მომავალზე, ვინაიდან მომავალი არის ის, რაც სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს შვილებს და უფროსი თაობის წარმომადგენლებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა ვისაუბროთ სხვადასხვა საკითხზე. ალბათ, ახლაც მოლოდინია, რომ მე უნდა ვისაუბრო განვლილ გზაზე, წარსულ წარმატებებსა და წარუმატებლობაზე, მაგრამ მე მსურს ვისაუბრო გაცილებით მეტი იმ საინტერესო საკითხებზე, რასაც ჰქვია ხალხის ინტერესი და აქედან მინდა ამოვიდე.

მე მჯერა, რომ გამარჯვების რწმენა, რაც შესაძლოა დღეს ბევრს აკლია და აკლია არა მხოლოდ ამომრჩევლებსა და ხალხს, მათ შორისმ არცთუ ისე ცოტა იმ ადამიანს, რომელიც აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ ოპოზიციურ მოძრაობაში. მე დარწმუნებული ვარ, ეს მოიტანს ნიჰილიზმის დამარცხებას და გამარჯვების ბაცილის შეტანას ყველა ოჯახში. ეს ის არის, რაც სჭირდება ჩვენს მომავალს და, შესაბამისად, მომავალი არის ჩვენს ხელში.

მე ახლა როდესაც ვსაუბრობ, წარმოვადგენ ათობით ათას თანამებრძოლს, იმ თანამებრძოლებს წარმოვადგენ, რომლებსაც სჯეროდათ და სჯერათ, რომ მნიშვნელოვანი არის მანკიერი რეჟიმის დასამარცხებლად არა ფული, არამედ, პირველ რიგში, ღირსება და სიმართლე. რომლებსაც სჯეროდათ და სჯერათ, რომ მორალური უპირატესობა საკმარისია მანკიერი რეჟიმის დასამარცხებლად. რომლებსაც სჯეროდათ და სჯერათ, რომ სწორი ღირებულებით ერთობაშია გამოსავალი“ ,— თქცა ნიკა მელიამ.

მელიას თქმით, დარწმუნებულია, პარტია „ახალი“ უპასუხებს იმ დაკვეთას, რომელიც დღეს საზოგადოებაშია და განაცხადა, რომ ეს არ იქნება ე.წ. ნიშური პარტია, არამედ ეს იქნება სახალხო, მეინსტრიმული პარტია, რომელიც ხან ხელისუფლებაში იქნება, ხან ოპოზიციაში.

მელიას თქმით, ათობით წლების შემდეგ, შეიძლება, თავად და ნიკა გვარამიაც აღარ იყვნენ პარტია „ახალში“ და მას სხვადასხვა თავმჯდომარე ეყოლება. ამასთან, მელიამ აღნიშნა, რომ პარტიის სადამფუძნებლო ყრილობა მალე გაიმართება და იქ უფრო ცხადად გამოჩნდება, თუ რამდენი ადამიანი არის მზად იბრძოლოს „სიმართლითა და ღირსებით“:

„ჩვენს ბრძოლას, ჩვენს გამარჯვების რწმენას აქვს კონკრეტული სახელი ამიერიდან და ეს სახელი არის „ახალი“. ჩვენს გზას წინ მომავლისკენ აქვს კონკრეტული სიმბოლო და ეს სიმბოლო არის ნომერი 4. მე დარწმუნებული ვარ, რომ ნომერ ოთხს შემოხაზავს ასობით ათასი საქართველოს მოქალაქე, განსხვავებული პოლიტიკური გემოვნებით, რომლებიც შესაძლოა წინა არჩევნებზე ხელისუფლებასაც კი აძლევდნენ ხმას. ჩვენ არ ვმუშაობთ ერთ ან ორ კონკრეტულ ელექტორალურ ველზე.

პარტია ყალიბდება იმდაგვარი, სადაც ძალიან ბევრმა განსხვავებულმა ადამიანმა უნდა იპოვოს საკუთარი პოლიტიკური ნავსაყუდელი, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკურ კეთილდღეობას მათთვის და ეს უზრუნველყოფა სხვადასხვა ტიპის კეთილდღეობისა, პირველ რიგში, რწმენაზე იქნება დამოკიდებული.

არ არსებობს პოლიტიკური ლიდერი, რომელიც არ იტყვის, მე ამას გავაკეთებ, მე ეს შემიძლია გავაკეთო. არცერთი საარჩევნო კამპანია ასე არ იგეგმება, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ დღეს, როგორც არასოდეს, საზოგადოებას, პოლიტიკურ ცხოვრებას სჭირდება სუფთა რეპუტაცია, კომპეტენცია, გამბედაობა, ახლებური მიდგომა და ეს ყველაფერი ამ გუნდში იქნება თავმოყრილი“, — აღნიშნა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, დღეს პოლიტიკაში შეკრულია მანკიერი წრე, რომელმაც ჩაკეტა პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი. ამან კი, თავის მხრივ, მელიას განცხადებით, გამოიწვია ურთიერთბრალდებები და უნდობლობა:

„აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მძიმე გვერდითი ეფექტი არის სახეზე, როდესაც ხალხს პრაქტიკულად მოვწყდით და ერთმანეთში ვსაუბრობთ მხოლოდ და მხოლოდ. მე მიმაჩნია, რომ დღევანდელი დღე იქნება ამ მოჯადოებული წრის გარღვევა და ნომერი 4 და პარტია „ახალი“ აუცილებლად მოხსნის ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას პოლიტიკურ ჯადოს“, — განაცხადა ნიკა მელიამ.

ამ თემაზე წაიკითხეთ: ნიკა გვარამიამ მელიასთან ერთად ახალი პარტიის პრეზენტაცია გამართა

მასალების გადაბეჭდვის წესი