საზოგადოება

ფსიქიკური პრობლემები და საქართველო

21 სექტემბერი, 2010 • 1947
ფსიქიკური პრობლემები და საქართველო

საქართველოში ამ დროისათვის 100 ათასამდე ადამიანია რეგისტრირებული, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აღენიშნება.  არასრულწლოვანი პაციენტებისთვის კი, რომლებსაც  მძიმე ფსიქიკური დარღვევები აღენიშნებათ და სტაციონარული მკურნალობა სჭირდებათ,  ეს მომსახურება ხელმისაწვდომი  არ არის.

 მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, დღეს მსოფლიოში 450 მილიონამდე ადამიანია ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზით.

 საქართველოს სტატისტიკა, 100 000  იმ ადამიანთა ერთობლიობაა, რომლებიც იმყოფებიან სტაციონარში, ან ექვემდებარებიან ჰოსპიტალგარეშე მკურნალობას ან ახლახანს დაასრულეს მკურნალობა- განმარტა არჩილ თალაკვაძემ, სახალხო დამცველის თანაშემწემ 20 სექტემბერს.

 ის იმ მონიტორინგის ჯგუფის წევრია, რომელმაც საქართველოს 6 ფსიქიატრიულ დაწესებულებაში  დაახლოებით, 1000-მდე პაციენტის მდგომარეობაზე მონიტორინგი  განახორციელა.

 საქართველოს ფსიქიატრიულ (სტაციონარულ) დაწესებულებებში  2010 ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგი ევროკავშირის დაფინანსებით  განახორციელეს სახალხო დამცველის აპარატმა და ფონდმა,,გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“.

მონიტორინგის ჯგუფში შედიოდნენ იურისტები,  ფსიქიატრები, ფსიქოლოგი, ექიმი და სოციალური მუშაკი.

მონიტორინგის შესახებ ანგარიში საზოგადოებას სახალხო დამცველის თანაშემწემ და მონიტორინგის ჯგუფის წევრმა არჩილ თალაკვაძემ 20 სექტემბერს წარუდგინა.

 მონიტორინგი 2010 წლის დასაწყისში განხორციელდა და ძირითადი აქცენტები ფსიქიატრიულ დაწესებულებებში საყოფაცხოვრებო პირობებზე, პაციენტებისადმი მოპყრობაზე, დაწესებულების დაფინანსებაზე, კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ფარმაკოლოგიურ ზედოზირებაზე, სამედიცინო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, სამედიცინო პერსონალის სტრუქტურაზე და ა.შ.

მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაციაზე არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში გარკვეული პოზიტიური ცვლილებებია, თუმცა, საერთო მდგომარეობა მძიმეა და ხშირად ფიქსირდება ადამიანის უფლებების დარღვევა.

 ანგარიშის  მიხედვით, მდგომარეობა გაუმჯობესდა დაფინანსების მხრივ – 2006 წელს ფსიქიატრიული დახმარების სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 4 მილიონ 950 ათასი ლარი იყო, 2010 წელს კი დაფინანსება, დაახლოებით, ორჯერ გაიზარდა და გახდა 10 მილიონ 257 ათას 900 ლარი.  თუმცა პროგრამების ბიუჯეტის რესტრუქტურიზაცია და გაზრდა კვლავაც არის ომბუდსმენის რეკომენდაციათა სიაში.

 ანგარიშის ავტორები კიდევ რამდენიმე პოზიტიურ მოვლენაზე მიუთითებენ ამ სფეროში. ესენია   ფარმაკოლოგიური საშუალებებით მომარაგების გაუმჯობესება,  გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საკითხის უკეთ ორგანიზებულობა, პერსონალის რაოდენობის გაზრდა და მათი მხრიდან პაციენტებთან მოპყრობის გაუმჯობესება.  ამ ანგარიშის მიხედვით დამამშვიდებელი წამლების ზედოზირება, როგორც ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა, აღარ ფიქსირდება;

 თუმცა, მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში კვლავ უამრავი პრობლემა რჩება მოუგვარებელი, რომელთა ჩამონათვალსაც ვხედავთ ანგარიშში:

  • საყოფაცხოვრებო პირობები – პაციენტებს არ აქვთ სათანადო კვება, გათბობა, პირადი ჰიგიენა, სეირნობის შესაძლებლობა;
  • გადატვირთული პალატები და პირადი სივრცის არარსებობა;
  • ფსიქიატრიული დახმარება მხოლოდ მედიკამენტებით მკურნალობით შემოიფარგლება და არ შეიცავს არანაირ ფსიქოთერაპიის კურსებს;
  • არ არსებობს პაციენტებზე მორგებული მკურნალობის ინდივიდუალური გეგმა და ყველა პაციენტს ერთნაირი მიდგომით მკურნალობენ;
  • არასრულწლოვანი პაციენტებისათვის, რომელთც მძიმე ფსიქიკური დარღვევები აღენიშნებათ და სტაციონარული მკურნალობა სჭირდებათ, არ არის ხელმისაწვდომი მომსახურება (საქართველოს კანონმდებლობით, ფსიქიკური პრობლემების მქონე არასრულწლოვნებისა და სრულწლოვნების ერთად მოთავსება დაუშვებელია).
  • შეზღუდული ფიზიკური აქტივობა;
  • პაციენტები სათანადოდ არ არიან ინფორმირებული საკუთრი უფლებებისა და უფლებადაცვითი მექანიზმების შესახებ;
  • პაციენტები რიგ შემთხვევებში შრომობენ და ასრულებენ პერსონალის მოვალეობას, მაგალითად, უვლიან სხვა პაციენტებს ან ალაგებენ და ასუფთვებენ;
  • პაციენტების უმრავლესობა ხანგრძლივად სტაციონირებულია, რაც იწვევეს ე.წ. ,,ჰოსპიტალიზმის“ სინდრომს და პაციენტებს საზოგადოებაში დაბრუნების სურვილი ეკარგებათ;
  •  პაციენტებს სამედიცინო მანიპულაციები ზოგჯერ სხვების თანდასწრებით უკეთდებათ, რაც დაუშვებელია;
  • გარდაცვალების შემთხვევები ხშირად სათანადოდ არაა დოკუმენტირებული და მიზეზები განსაზღვრული. (თუმცა, არჩილ თალაკვაძის თქმით, გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა საგანგაშო არაა).

სწორედ ამ პრობლემების აღმოფხვრას ეხება სახალხო დამცველის რეკომენდაციები, რომლებიც გიორგი ტუღუშმა საქართველოს შრომის, ჯანმრთლობის და სოციალური დაცვის მინისტრს და აგრეთვე იმ 6 ფსიქიატრიული დაწესებულების დირექტორებს გაუგზავნა,  სადაც მონიტორინგი განხორციელდა.

ანგარიშის პრეზენტაციაზე სახალხო დამცველმა იმედი გამოთქვა, რომ მათ რეკომენდაციებს ჯანდაცვის სამინისტრო და ფსიქიატრიული დაწესებულებები გაითვალისწინებენ და შემდგომი მონიტორინგისათვის უკეთესი მონაცემები დაფიქსირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი