საზოგადოება

პრაღაში, უნივერსიტეტში მომხდარ სროლას მსხვერპლი მოჰყვა – თავდამსხმელი სტუდენტია

21 დეკემბერი, 2023 • 1474
პრაღაში, უნივერსიტეტში მომხდარ სროლას მსხვერპლი მოჰყვა – თავდამსხმელი სტუდენტია

ჩეხეთის დედაქალაქის ცენტრში, კარლის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, 21 დეკემბერს მომხდარ სროლას მსხვერპლი მოჰყვა. ჩეხეთის პოლიციის თანახმად, თავდამსხმელი ამავე უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.

სამართალდამცავთა ცნობით, თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რიცხვი 24-ს შეადგენს. BBC-ის ცნობით, პოლიცია იუწყება, რომ თავდამსხმელის ცხედარი უნივერსიტეტის ტერიტორიაზე იპოვეს.

Reuters-ის თანახმად, უნივერსიტეტის თანამშრომლებს უთხრეს, დარჩენილიყვნენ ადგილებზე, ოთახებში ჩაკეტილიყვნენ და ელექტროენერგიაც გამოერთოთ.

სროლის შემდეგ პოლიციამ პრაღის ცენტრალური მოედანი და მიმდებარე ქუჩები გადაკეტა.

ჩეხეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით 24- საათიან რეჟიმში ამოქმედდა საელჩოს ცხელი ხაზი: +420 777 222 053

“საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ აღნიშნულ ნომერზე!” — ამბობს უწყება.

საელჩოს განცხადებით, ამ დროისთვის [თბილისის დროით 20:32] არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები არ არიან გარდაცვლილებს და დაშავებულებს შორის.

“საელჩო აქტიურ რეჟიმში ხაზზე რჩება ჩეხეთის ყველა შესაბამის სამსახურთან”, — ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი