ნეტგაზეთი | უპასუხისმგებლო მშობლები დაჯარიმდებიან უპასუხისმგებლო მშობლები დაჯარიმდებიან – Netgazeti
RU | GE  

უპასუხისმგებლო მშობლები დაჯარიმდებიან

მშობელი, რომელიც ბოროტად თავს აარიდებს ბავშვის აღზრდაში მონაწილეობის მიღებას, დაჯარიმდება. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა მასწავლებელთა, დირექტორთა და მოსწავლეთა ეთიკის კოდექსების პრეზენტაციაზე, #51–ე საჯარო სკოლაში ისაუბრა.

Dimitri Shashkini mshoblebis dasjaze by netgazeti.ge-1


Dimitri Shashkini mshoblebis dasjaze by netgazeti.ge-1

მშობელი, რომელიც ბოროტად თავს აარიდებს ბავშვის აღზრდაში მონაწილეობის მიღებას, დაჯარიმდება. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა მასწავლებელთა, დირექტორთა და მოსწავლეთა ეთიკის კოდექსების პრეზენტაციაზე, #51–ე საჯარო სკოლაში ისაუბრა.

დიმიტრი შაშკინის განმარტებით, თუ ბავშვი სკოლაში რამდენჯერმე დააგვიანებს, დირექტორისაგან ან მასწავლებლისაგან რამდენიმე გაფრთხილებას მიიღებს, თუ სკოლაში  წესრიგს დაარღვევს, სცემს ან აგინებს სხვებს, სამი–ხუთი ასეთი შემთხვევის შედეგად შესაძლებელია ამ ბავშვის მშობელი სკოლის მანდატურმა დააჯარიმოს.

,,მანდატურების მეშვეობით ჩვენ ავამოქმედეთ ეს მუხლი, რომელიც ითვალისწინებს საკმაოდ მტკივნეულ ფულად ჯარიმას იმ მშობლების წინააღმდეგ, რომლებიც ბოროტად თავს არიდებენ ბავშვის გაზრდას… ის, რომ მეორე ბავშვს ან მასწავლებელს შეურაცყოფა არ უნდა მიაყენოს და ის, რომ სკოლაში მოდის სასწავლებლად და არა მუსიკის მოსასმენად, ამას მარტო მასწავლებელი ვერ ასწავლის,  ამას ასწავლის მშობელი და ეს მშობლის ვალდებულებაა. რომ გააჩინა ეს ბავშვი, ვალდებულია მშობელი, რომ გაზარდოს კიდეც’’, – განაცხადა შაშკინმა.

მშობლის პასუხისმგებლობას შვილის გაზრდაში, მინისტრის განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსი ითვალისწინებს. ასევე მისი თქმით,  დიდი ხნის განმავლობაში კოდექსის ეს მუხლი მკვდარი იყო, 15 სექტემბრიდან კი ის ამუშავდება.  უპასუხისმგებლო მშობლებისათვის, შაშკინის განცხადებით, ჯარიმა 100 ლარიდან ზემოთ იქნება.

ბავშვის აღზრდისა და სწავლების მოვალეობის შესრულებას მშობლებს ან მათ შემცვლელ პირებს საქართველოს ადმინიტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 172–ე მუხლი ავალდებულებს. მუხლის მიხედვით:

,,მშობლების ან მათი შემცვლელი პირების მიერ არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდისა და სწავლების მოვალეობათა ბოროტად შეუსრულებლობა, აგრეთვე, არასრულწლოვანის მიერ ნარკოტიკულ ნივთიერებათა ხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე ან მათ მიერ სხვა სამართალდარღვევათა ჩადენა (საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში მთვრალ მდგომარეობაში ყოფნა, აგრეთვე, მათ მიერ სპირტიანი სასმელების მიღება), –გამოიწვევს მშობლების ან მათ შემცვლელ პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ოციდან ოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე’’.

ასეთი ნორმის არსებობა, ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის’’ აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი ჩხეიძეს გამართლებულად მიაჩნია. მისი აზრით, მშობლის ვალდებულება, რომ უზრუნველყოს ბავშვის ჯანსაღ გარემოში განვითარება, ყველა ქვეყანაში არსებობს და ეს უპირველესად ბავშვის უფლებიდან გამომდინარეობს. ჩხეიძის განმარტებით, მთავარი აქ კანონის ინტერპრეტაციაა:

,,დებულებაში წერია ბოროტად შეუსრულებლობა, რა ჩაითვლება ბოროტად შეუსრულებლობად, ეს არის ინტერპრეტაციის საკითხი.  რასაც მინისტრი ამბობს, ობიექტურად რომ შევხედოთ, შეიძლება ჩაითვალოს შემთხვევად, როცა მშობელი  ბოროტად არიდებს თავს ბავშვის აღზრდას, ამიტომ, შესაბამისი სანქცია შეიძლება სახელმწიფომ დააკისროს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი ინტერპრეტაცია იქნება სწორი’’.

ჩხეიძე ,,ნეტგაზეთთან’’ საუბარში იმ შემთხვევას განამრტავს, როცა შეიძლება კანონით მშობლის პასუხისმგებლობის საკითხი  დადგეს. მისი მოსაზრებით, რადგან საქართველოში საშუალო განათლების მიღება სავალდებულოა,  მშობლები იძულებული არიან, უზრუნველყონ ბავშვების საშუალო განათლება.

,,როცა ბავშვი აცდენს გაკვეთილს, რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელი არ არის. თუ მშობელმა იცის, რომ ბავშვი აცდენს პერმანენტულად და იგი არანაირ რეაგირებას არ ახდენს, რამოდენიმე ასეთი შემთხვევის ერთობლიობამ შეიძლება მართლა გამოიწვიოს იმ დასკვნის გამოტანა, რომ მშობელი თავის მოვალეობას არ ასრულებს’’, – ამბობს ჩხეიძე.

დიმიტრი შაშკინის განცხადებით, უპასუხისმგებლო მშობლებს 15 სექტემბრიდან ჯარიმას სკოლის მანდატური გამოუწერს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ლიკა გიგინეიშვილი