საზოგადოება

ისრაელი აცხადებს, რომ სახმელეთო ოპერაციას მთელ ღაზაზე აფართოებს

4 დეკემბერი, 2023 • 1122
ისრაელი აცხადებს, რომ სახმელეთო ოპერაციას მთელ ღაზაზე აფართოებს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (ცაჰალმა) განაცხადა სახმელეთო ოპერაციების მთელ ღაზაზე გავრცელების შესახებ.

საბრძოლო მოქმედებები 1 დეკემბერს განახლდა 7-დღიანი ზავის შემდეგ, რა დროსაც ისრაელმა და „ჰამასმა“ ტყვეები გაცვალეს.

ცაჰალის სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ ხაზი გაუსვა საჰაერო ძალების დახმარების მნიშვნელობას სახმელეთო ოპერაციისთვის. თქვა, რომ საჰაერო თავდასხმები „ჰამასის“ შტაბ-ბინებზე, იარაღის მწარმოებელ ობიექტებზე, გვირაბებსა და რაკეტების გამშვებ ობიექტებზე ზღუდავს სახმელეთო ოპერაციისთვის შესაძლო საფრთხეებს.

ცაჰალის განცხადებით, ჰამასის შატის ბატალიონის მეთაური ჰაითამ ხუვაჯარი, რომელიც პასუხისმგებელი იყო 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს ისრაელის ტერიტორიაზე რეიდების განხორციელებაზე, კვირას საჰაერო თავდასხმისას მოკლეს.

ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის, შინ ბეთის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილია „ჰამასის“ წევრების ლიკვიდაცია მთელ მსოფლიოში, თუნდაც ამას წლები დასჭირდეს. „ეს ჩვენი მიუნხენია“, — თქვა მან და ამით პარალელი გაავლო ისრაელის მიერ პალესტინელი ჯაშუშების მიზანმიმართული მკვლელობების კამპანიაზე 1972 წლის ოლიმპიადაზე ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული თავდასხმების შემდეგ.

ისრაელმა „ჰამასს” ომი 7 ოქტომბერს, მას შემდეგ გამოუცხადა, რაც ტერორისტული ორგანიზაცია ისრაელის ტერიტორიაზე ღაზის სექტორიდან შეიჭრა და განურჩევლად დახოცა 1200-ზე მეტი ადამიანი, მათი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთა შორის არიან ბავშვები, მოხუცები, ქალები და შშმ პირები.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რომელიც მონაცემებს იღებს ღაზაში „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის უწყებიდან, ისრაელის თავდასხმებს ღაზაში 7 ოქტომბრიდან დაახლოებით 15 200 პალესტინელი ემსხვერპლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი