საზოგადოება

მთავრობა ასაიდუმლოებს კანცელარიის სახურავზე მიმდინარე მშენებლობის დეტალებს

22 ნოემბერი, 2023 • 1908
მთავრობა ასაიდუმლოებს კანცელარიის სახურავზე მიმდინარე მშენებლობის დეტალებს

საქართველოს მთავრობა ასაიდუმლოებს ადმინისტრაციის შენობის სახურავზე მიმდინარე მშენებლობის დეტალებს, მათ შორის- ხარჯებსა და მშენებლობის ნებართვას.

საუბარია კონსტრუქციაზე, რომელიც კანცელარიის შენობაზე რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა და სამშენებლო სამუშაოები შეუიარაღებელი თვალისთვისაც ხილულია.

დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ შესაბამისი მშენებლობის ნებართვა მთავრობის ადმინისტრაციას მიღებული აქვს, თუმცა მერიის არქიტექტურის სამსახურის პორტალზე, სადაც აღნიშნული დოკუმენტაცია უნდა იძებნებოდეს, არაფერია ატვირთული.

მას შემდეგ, რაც „ნეტგაზეთი“ რამდენიმე დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა სახურავზე არსებული კონსტრუქციის მშენებლობის ნებართვის და ხარჯთაღრიცხვის მოპოვებას როგორც თბილისის მერიის, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურებისგან, ორივე უწყებას აღნიშნული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მივმართეთ. რამდენიმე დღეში კი მთავრობიდან მოგვწერეს, რომ ეს არის სახელმწიფო საიდუმლოება, თუმცა რატომაა ასე, წერილს დასაბუთება თან არ ახლავს.

„ფონდი ღია საზოგადოების“ იურისტი ანანო ცინცაბაძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას განმარტავს, რომ თბილისის ისტორიულ ნაწილში მდებარე შენობებზე მშენებლობის ნებართვა თბილისის მერიამ უნდა გასცეს, რასაც წინ უნდა უძღოდეს კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს მიერ მშენებლობის მასშტაბისა და თავსებადობის შეფასება დედაქალაქის ისტორიულ ნაწილთან. იურისტის თქმით, საბჭომ ექსპერტულად უნდა შეაფასოს, შესაძლებელია თუ არა ასეთი კონსტრუქციის დაშენება ამ მნიშვნელოვანი დაცვის ზონაში არსებულ ნაგებობაზე მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა შენობას ძეგლის სტატუსი.

ამასთან, იურისტი აღნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია უნდა ექვემდებრებოდეს საჯარო ინფორმაციას და ყველა დაინტერესებულმა პირმა დაუბრკოლებლად უნდა მიიღოს:

„წერილში, რომელიც თქვენ გამოგიგზავნეს, მიუთითეს, რომ ეს არის სახელმწიფო გრიფით გასაიდუმლოებული და ასევე მიუთითეს, რომ შინაარსით უკავშირდება კონტრტერორისტულ საქმიანობას. ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, არც სარწმუნოა და არც გასაგებია ეს განცხადება იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ მოითხოვეთ მშენებლობის ნებართვა და თუნდაც ისე ზედაპირულად, რომ სახელმწიფო საიდუმლო არ გამჟღავნდეს, თუ ასეთი არსებობს ამ დაშენებასთან დაკავშირებით, განმარტება მაინც უნდა მოეცა მთავრობას“, — ამბობს იურისტი.

ცინცაბაძის თქმით, მთავრობას უნდა აეხსნა, რატომ არის ეს ინფორმაცია დაკავშირებული კონტრტერორისტულ საქმიანობასთან და რა ტიპის სახელმწიფო საიდუმლოს შეიცავს ის:

„მაგალითად, შესაძლოა ეთქვა, რომ ამ დაშენებასთან დაკავშირებით რაღაც მნიშვნელოვანი სახელმწიფო მოლაპარაკებები არსებობს, ან შეთანხმება არსებობს და მისი გამჟღავნება გამოიწვევს გარკვეულ ზიანს. ამის ახსნის გარეშე ასეთი წერილის გამოგზავნა, ჩემი აზრით, დაუსაბუთებელი და დამაბნეველია და არ არის სარწმუნო, რომ ეს ნამდვილად ასეა. სახელმწიფო საიდუმლოებით კონკრეტული ინფორმაციის დაცვას თავისი სტანდარტები აქვს. ძალიან მაღალი სტანდარტი უნდა იყოს, მისი გამჟღავნება ზიანს უნდა აყენებდეს სახელმწიფოს, მის პარტნიორებს, საჯარო დაწესებულებებს და სახელმწიფოს სუვერენიტეტს.

ასეთი დაშენება სახელმწიფო სტრუქტურაზე რატომ შეიძლება იყოს ასეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებული, ჩემთვის არ არის გასაგები. კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანება შემოიტანა მთავრობის ამ წერილმა, რომელიც საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის პასუხად გამოგზავნეს“ ,— ამბობს იურისტი.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობის სახურავზე მიმდინარე მშენებლობა 17.11.23 ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

სკვერი მთავრობის ადმინისტრაციის წინ

დაშენება, რომლის დეტალების გარკვევასაც „ნეტგაზეთი“ ცდილობდა, ერთადერთი სამუშაო არ არის, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარეობს. კერძოდ, კანცელარიის წინ მდებარე მოედანი მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში ისე შემოიღობა, რომ მერიის არქიტექტურის სამსახურს სამუშაოების ჩატარებაზე ნებართვა გაცემული არ ჰქონდა. აღნიშნული მაშინ თბილისის მერიაშიც დაადასტურეს. თუმცა თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებდა, რომ მთავრობას ამ თანხმობის გაცემის გარანტია მისცა და ასეც მოხდა 10 აპრილს. მაშინ მერიის პოზიცია იყო, რომ მათ თანხმობამდე ადგილზე მხოლოდ “მოსამზადებელი სამუშაოები” ჩატარდა და არა ძირითადი.

ოფიციალური რენდერების თანახმად, რომელიც თბილისის არქიტექტურის სამსახურის საიტზე აიტვირთა, სკვერის შიგნით უნდა მოწყობილიყო ღობე, რომელიც ადმინისტრაციის შესასვლელ ნაწილს შემოღობავს. აღნიშნული ღობის მონტაჟი 17 ნოემბრის მდგომარეობით თითქმის უკვე დასრულებულია.

მთავრობის ადმინისტრაციის წინ ღობის მონტაჟი 17.11.23 ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

„ნეტგაზეთი“ შეეცადა გაერკვია, რა დრო დასჭირდება სკვერის მოწყობის სამუშაოების დასრულებას, რომელიც აპრილში დაიწყო, და რა თანხა დაუჯდება ეს ქვეყნის ბიუჯეტს, თუმცა ამ კითხვებზე პასუხი მთავრობის ადმინისტრაციისგან ჯერ ვერ მივიღეთ:

„ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც ადმინისტრაციული ორგანო იღებს, უნდა იყოს აუცილებლად გასაგებად და მკაფიოდ დასაბუთებული. ჩვენთვის არ არის დასაბუთებული, რატომ იყო იქ აუცილებელი სკვერის მოწყობა. ტერიტორიაზე, სადაც სისტემატურად პროტესტები იმართებოდა და ტრადიციულად საპროტესტო სივრცე იყო, რატომ გადაწყდა უცებ სკვერის მოწყობა იმგვარად, რომ შესაძლებელია ის საპროტესტო სივრცედ ვეღარ გამოიყენო“, — აღნიშნავს ანანო ცინცაბაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი