ავტორი: ბეჟან მატუა, სოხუმი
აფხაზეთში ელექტროენერგიის დეფიციტის ფონზე, რუსეთი აფხაზური მხარისგან ფულს ითხოვს ელექტროენერგიის მიწოდებაზე. ამავე დროს, აფხაზეთის პარლამენტში [დე ფაქტო] შევიდა დოკუმენტაცია, რომლის შესაბამისად, რუსული კერძო კომპანია 49 წლით იჯარით აიღებს ენგურჰესის ერთ-ერთ ვარდნილ სადგურს.
აფხაზეთში საზოგადოებრივი ორგანიზაცია “სახალხო ერთობის” თავმჯდომარე ადგურ არძინბა აფხაზეთში მოსახლეობას მიმართავს ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით.
“ეკონომიკაში არსებობს ასეთი წესი, ვინც მართავს ენერგეტიკულ რესურსებს, ის მართავს ქვეყანასაც. სამხრეთ ოსეთისგან განსხვავებით, ძალიან გაგვიმართლა, რომ ენგურჰესის გენერაცია შეგვიძლია. ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ, ესაა თაღლითების გაძევება და ამ და სხვა რესურსების სახელმწიფოებრივად განკარგვა”, – აცხადებს არძინბა მიმართვაში.
ოპოზიციის გააქტიურება ორმა ახალმა ამბავმა გამოიწვია. პირველი ამბავი იმის შესახებაა, რომ უკვე 16 ნოემბერს აფხაზეთი, შესაძლოა, დარჩეს რუსული ელექტროენერგიის გარეშე, თუკი აფხაზეთი მისი მიწოდების ღირებულებას არ გადაიხდის. მეორე ამბავი კი შეეხება კერძო პირისთვის ვარდნილი ჰესი 2-ის იჯარით გადაცემას.
2023 წლის ბოლომდე აფხაზეთმა რუსეთს 900 მილიონი რუსული რუბლი [დაახლოებით, 10 მილიონი აშშ დოლარი] უნდა გადაუხადოს მიწოდებისთვის, მათ შორის, 200 მილიონი რუბლის [დაახლოებით, 2 მილიონ აშშ დოლარი] გადარიცხვა უკვე მიმდინარე კვირაშია სავალდებულო. ამჟამად ელექტროენერგიის საფასური მხოლოდ 16 ნოემბრამდეა გადახდილი.
აფხაზურ-რუსული ურთიერთობების ისტორიაში პირველად კომუნიკაცია მიმდინარეობს ულტიმატუმის ენით. წინა წლებში რუსეთის ფედერაცია აფხაზეთს ელექტროენერგიას სოციალური მხარდაჭერის ფარგლებში აწვდიდა. აფხაზეთი ელექტროენერგიის საფასურს რუსეთის ფინანსური დახმარების ფულიდან იხდიდა. მიმდინარე წელს კი რუსულმა მხარემ ანაზღაურება აფხაზეთს საკუთარი ბიუჯეტიდან მოსთხოვა.
“რეალურად რომ დაიფაროს საჭირო მოთხოვნა მიმდინარე წელს, დაახლოებით 900 მილიონი რუბლია საჭირო. 135 მილიონი აფხაზეთმა უკვე დაფარა. ახლა განვიხილავთ 200 მილიონის თანხის მიწოდებას. მოლაპარაკებათა პროცესი რუსულ მხარესთან ჯერ არ დასრულებულა. ჯერ ვმსჯელობთ საჭირო თანხაზე, რომელიც დეკემბერში დეფიციტის დასაფარად არის საჭირო”, – ამბობს ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანი.
ყოველივე ამის ფონზე პარლამენტში მინისტრთა კაბინეტიდან შევიდა შეთანხმება აფხაზეთში ენგურის მეორე ვარდნილი ჰესის 49 წლიანი იჯარით გადაცემაზე რუსეთის კერძო იურიდიული პირის – შპს ПГЭС-2 – თვის.
შეთანხმების ტექსტში ნათქვამია, რომ მოიჯარე ვალდებულებას იღებს აღადგინოს ჰესი და აამუშაოს. პირველი 10 წლის განმავლობაში კი საიჯარო გადასახადის სახით გამომუშავებული 20% აფხაზურ ელექტროკომპანია “ჩერნომორენერგოს” გადაუხადოს. 10 წლის შემდეგ კი – 30%.
აფხაზი დეპუტატები ადასტურებენ შესაბამისი დოკუმენტის მიღებას და გეგმავენ მის განხილვას.
რაც შეეხება ოპოზიციას, ის წინააღმდეგია კერძო პირისთვის ჰიდროელექტროსადგურის ნებისმიერი პირობით გადაცემაზე.
ვეტერანთა ორგანიზაციის თავმჯდომარის, თემურ გულიას თქმით, აფხაზეთი ქართული მხარის წინადადებას უნდა გამოეხმაუროს.
საუბარია ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ლევან მებონიას მიერ ჯერ კიდევ 2021 წელს გახმიანებულ იდეაზე ენგურჰესის ხარჯზე ვარდნილი ჰესების აღდგენასთან დაკავშირებით, რათა სადგურის კასკადი ერთიან სისტემაში დარჩეს. გულია ამბობს, რომ ეს უფრო სარგებლიანი წინადადებაა აფხაზეთისთვის, ვიდრე ვარდნილი ჰესების კერძო პირებისთვის გადაცემა და მისი გენერაციით მინიმალური პროცენტის მიღება.
“არსებობს უნიკალური გადაწყვეტილება, რომელიც ქართულმა მხარემ, კერძოდ, ენგურჰესის დირექტორმა მებონიამ შემოგვთავაზა, მან თავის ინტერვიუში განაცხადა, რომ ვინაიდან სამი ვარდნილი ჰიდროელექტროსადგური ენგურჰესის ერთიან კომპლექსში შედის, ისინი მზად არიან საკუთარ თავზე აიღონ ვალდებულება, გაარემონტონ და ექსპლუატაციაში ჩაუშვან. ენგურჰესის მთლიანი კასკადის გენერაციიდან 50% კი უფასოდ მოგვაწოდონ. ანუ მომსახურების, რემონტისა და ექსპლუატაციისთვის ჩვენ არაფრის გადახდა მოგვიწევს. ვლადისლავ არძინბამ ხომ შეძლო და 60/40-ზე მოელაპარაკა.. მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ… ვფიქრობ, კარგი წინადადებაა”, – ამბობს გულია.
აფხაზური კომპანია “ჩერნომორენერგოს” გენერალური დირექტორი თემურ ჯინჯოლია ასევე ფიქრობს, რომ არ ღირს ვარდნილი სადგურების კერძო კომპანიებისთვის გადაცემა და აფხაზეთის ხელისუფლებამ სადგურის საკუთარ კონტროლქვეშ დატოვების საშუალება უნდა გამოძებნოს.
“აღნიშნული კასკადის აღდგენის საერთო ღირებულება 9-10 მილიარდ რუბლამდე მერყეობს. კარგი იქნებოდა, რომ ყველა ეს ჰესი სახელმწიფომ აღადგინოს. ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტში მინიმუმ 5 წელი დასჭირდება ამას”, – ამბობს ჯინჯოლია.
ნებისმიერ შემთხვევაში, ამჟამად არსებული რთული ვითარებიდან ორი გამოსავალი არსებობს. პირველი – გადაუხადო რუსულ მხარეს ელექტროენერგიის მოწოდების საფასური – საერთო ჯამში, მილიარდ რუბლზე მეტი. და მეორე – შემოიღო ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი. ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ ხალხის გამოყვანა ქუჩაში ცივი და ბნელი სახლებიდან ოპოზიციისთვის ბევრად მარტივი იქნება, შესაბამისად, ყველანაირად ცდილობს, არ დაუშვას ელექტროენერგიის გათიშვა.









