საზოგადოება

გარემოვაჭრეები საკრებულოს გარევაჭრობის რეგულირებას სთხოვენ

26 აგვისტო, 2010 • 1539
გარემოვაჭრეები საკრებულოს გარევაჭრობის რეგულირებას სთხოვენ

გარემოვაჭრეები თბილისის საკრებულოს გარევაჭრობის რეგულირების შესახებ სამართლებრივი აქტის მიღებას სთხოვენ. პროექტის ავტორი ,,კონსერვატიული პარტიის” წევრი ლაშა ჩხარტიშვილია. ეს მოთხოვნა  დღეს საკრებულოს შენობასთან დევნილებისა და გარემოვაჭრეების აქციაზე გახდა ცნობილი.

სამართლებრივი აქტი (საკრებულოს გადაწყვეტილება, თუ როგორ უნდა მოწესრიგდეს გარევაჭრობა დედაქალაქში), რომლის განხილვასა და მიღებას გარემოვაჭრეები და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ითხოვენ, ხუთ პუნქტად არის ჩამოყალიბებული.  პროექტის ინიციატორები ამბობენ, რომ ამ აქტმა უნდა შეცვალოს ძველი, 2006 წლის თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება.

,,2006 წლის აქტი არ არის სრულფასოვანი, მაშინ საკრებულომ, როგორც ჩანს, მოიცილა პასუხისმგებლობა და წესების შემუშავება მერიას დაავალა. ჩვენ მოვითხოვთ, რომ წესები საკრებულომ შეიმუშავოს, რადგან ეს აქტი ფაქტობრივად არ მოქმედებს. მერიამ 2006 წლიდან მოყოლებული არ შეიმუშავა არანაირი კონკრეტული წესები გარევაჭრობის დასარეგულირებლად”, – ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი და პასუხისმგებლობას ამ საკითხზე თბილისის საკრებულოს აკისრებს.

თბილისის საკრებულოს 2006 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ,,დედაქალაქში გარევაჭრობად მიჩნეულ იქნეს ქალაქის ქუჩებზე, მოედნებსა და ტროტუარებზე, ასევე დასასვენებელ ადგილებში, მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან ვაჭრობა”.

გარდა ამისა, გადაწყვეტილებაში წერია, რომ საზოგადოებრივ ადგილებში გარევაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილები მოეწყოს ისე, რომ არ დაამახინჯონ ქალაქის იერსახე, ვაჭრობა განხორციელდეს მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების, სხვა ნორმებისა და წესების დაცვით.

გადაწყვეტილება თბილისის მერიას ანიჭებს უფლებას, რომ განსაზღვროს გარევაჭრობის ადგილები და ამ ადგილებით სარგებლობის ფორმები. ასევე მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან ვაჭრობისათვის დასაშვები ნომენკლატურა.

გარე ვაჭრობის რეგულირების ახალი პროექტი თბილისის მერიას არანაირ უფლებას არ ანიჭებს. პროექტის თანახმად, გარევაჭრობა ნებადართულია ყველგან. ზუსტად არის განსაზღვრული, თუ რისი გაყიდვა შეიძლება (ან არ შეიძლება) მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან.

,,ვაჭრობისათვის დასაშვებად იქნეს მიჩნეული ყველა სახის საქონელი გარდა მედიკამენტებისა, მომწამლავი ნივთიერებებისა და სახლის პირობებში დამზადებული კონსერვირებული პროდუქტებისა. მალფუჭებადი პროდუქტებისათვის აუცილებელია მაცივრის გამოყენება”, – წერია პროექტის მეორე პუნქტში.

 

ასევე, გარევაჭრობისათვის ნებართვა უნდა გაიცეს უსასყიდლოდ  იმ პირებისათვის, ვინც 2010 წლის 10 აგვისტომდე იყვნენ დაკავებულნი ამ საქმით. ერთ პირზე დროებით სარგებლობაში გადასაცემი მიწის ნაკვეთი, პროექტის მიხედვით, უნდა განისაზღვროს 2 კვადრატული მეტრის ოდენობით, ხოლო მოსაკრებელი ერთ კვადრატულ მეტრზე 1 ლარის ოდენობით დღე-ღამეში.

იმისათვის, რომ გარევაჭრობის განხორციელებისას, დაცული  იყოს სანიტარულ-ჰიგიენური ფორმები და ვაჭრობამ არ შეაფერხოს ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება, გარევაჭრობის შესახებ შემუშავებულ  პროექტში მითითებულია:

  1. თითოეული მოვაჭრისათვის განკუთვნილი ადგილის საზღვრები მოინიშნოს ასფალტზე საღებავით.
  2. ნარჩენების გატანა განხორციელდეს დღე-ღამეში რამდენჯერმე და გარევაჭრობის ადგილებზე დაიდგას სათანადო რაოდენობის ურნები ნარჩენებისათვის (ნაგვისათვის).
  3. შეიქმნას ვაჭრობისათვის განკუთვნილი დახლები, რომელიც ქალაქის იერსახეს შეესაბამება ქ.თბილისის ბიუჯეტის სახსრებიდან.

აქციაზე გარემოვაჭრეებთან ერთად  დევნილებიც შეიკრიბნენ, რომლებიც  საცხოვრებელი ფართების გამოყოფას თბილისის ტერიტორიაზე ითხოვენ. ჩხარტიშვილის თქმით, დევნილებისათვის თბილისში ცხოვრება  არა ფუფუნება, არამედ გადარჩენისათვის აუცილებელი პირობაა.

,,მათ სამუშაო ადგილები, თუნდაც დროებითი, თუნდაც მძიმე ან თუნდაც გარევაჭრობაში ან სხვაგან აქვთ მოპოვებული ამ ქალაქში, მათი სოციალური გარემო არის აქ და სხვაგან მათ არსებობის, სამუშაოს შენარჩუნების საშუალება არ ექნებათ”, – განმარტავს ,,კონსერვატული პარტიის” წევრი.

ასევე ჩხარტიშვილის თქმით, ხვალ საკრებულოს სხდომას გარემოვაჭრეებიც დაესწრებიან. პარალელურად, 12 საათზე აქცია საკრებულოსთან ისევ გაიმართება. მომდევნო კვირის ხუთშაბათს კი დევნილები და გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციას უკვე თბილისის მერიასთან გამართავენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი