საზოგადოება

როგორ აღმოჩნდა საქართველოდან გაუჩინარებული აქტივისტი რუსეთის ციხეში

9 ნოემბერი, 2023 • 1051
როგორ აღმოჩნდა საქართველოდან გაუჩინარებული აქტივისტი რუსეთის ციხეში

რუსი ოპოზიციონერი აქტივისტი რაფაილ შეპელევი, რომელიც 2021 წლიდან საქართველოში ცხოვრობდა, 12 ოქტომბერს რუსეთში, ვლადიკავკაზში აღმოჩნდა, სადაც მის წინააღმდეგ უკვე აღძრულია საქმე ტერორიზმის ბრალდებით, ამბობს აქტივისტის შვილი „მედიაზონასთან“.

თავდაპირველად შეპელევის საქართველოდან „გაუჩინარებაზე“  რუსულმა უფლებადაცვითმა პროექტმა, „პერვი ოტდელმა“ დაწერა.

„რაფაილ შეპელევი თბილისში, მთაწმინდაზე მდებარე სახლიდან გავიდა და დაიკარგა. სახლში მისი პირადი ნივთები დარჩა. თანამოაზრეების თქმით, საქართველოში  2021 წლიდან ცხოვრობდა და რუსეთში დაბრუნებას არ აპირებდა“, – წერდა პროექტი.

„მედიაზონასთან“ საუბარში შეპელევის ნაცნობი, ირინა რუჩკო ამბობს, რომ გაუჩინარებამდე სახლიდან „ყოფითი საკითხების მოსაგვარებლად გავიდა და არაფერი აუხსნა მეზობლებს“. რუჩკოც და აქტივისტის შვილიც, დანილ შეპელევი გამორიცხავენ, რომ რაფაილ შეპელევი რუსეთში თავისი ინიციატივით წასულიყო.

13 ოქტომბერს, როგორც შეპელევი ამბობს, მას ტერორიზმის მუხლით წაუყენეს ბრალი რუსეთში. შეპელევი რუსეთში არაერთხელ დაუკავებიათ სხვადასხვა აქციაში მონაწილეობისთვის. ის აგრეთვე იყო მოძრაობა „არტპადგატოვკის“ წევრი, რომლის ლიდერიც, ვიაჩესლავ მალცევი, 2017 წლის 5 ნოემბერს რუსეთში რევოლუციას წინასწარმეტყველებდა.

მოძრაობა 2021-ში ტერორისტულად გამოაცხადეს.

როგორ აღმოჩნდა შეპელევი რუსეთში?

განახლება: შსს-ს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 143-ე მუხლით [თავისუფლების უკანონო აღკვეთა]. უწყების განცხადების თანახმად:

„12 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის მოქალაქე [შეპელევი] მისი საცხოვრებელი მისამართიდან გაემგზავრა შიდა ქართლში, კერძოდ ქალაქ გორში, საიდანაც ტაქსით სოფელი კირბალის მიმართულებით გაემგზავრა.

გამოკითხული პირების, მათ შორის ტაქსის მძღოლის და ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აღნიშნულმა პირმა ავტომობილიდან გადასვლის შემდეგ საკუთარი ნებით გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი და გაემართა ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმისკენ“.

„მედუზამ“ შეპელევის გაუჩინარებაზე მასალის გამოქვეყნებისას აღნიშნა, რომ იგი, სავარაუდოდ, საქართველოდან რუსეთში ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს, როგორც ეს საზღვარგარეთ მცხოვრები რიგი სხვა რუსი აქტივისტის შემთხვევაში მოხდა.

თუმცა, როგორც სამხრეთ კავკასიაში ფონდ „თავისუფალი რუსეთის“ წარმომადგენლობა წერს, საქართველოს შსს-ს ცნობით, შეპელევი 12 ოქტომბერს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ კირბალში გაემგზავრა, რასაც ადასტურებს ვიდეოკამერების ჩანაწერები და სოფელ კირბალში მომუშავე ტაქსის მძღოლის ჩვენება. ამავე ინფორმაციით, ადგილობრივთა ცნობითვე, ნახეს, თუ როგორ მივიდა შეპელევი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან, რომლებიც კირბალის ეკლესიასთან იყვნენ. ამის შემდეგ შეპელევი ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაუყვანიათ.

„პასუხი კითხვაზე, ეს მოხდა რუსული მხრის მიერ აქტივისტზე ზეწოლის გამო თუ სხვა მიზეზით, არ გვაქვს. საბოლოოდ [შსს-ს] მონაცემების დადასტურება, მომხდარის მიზეზების და გარემოებების ახსნა მხოლოდ რაფაილს შეუძლია, როცა მასთან ადვოკატი მოახერხებს შესვლას“, – აღნიშნავენ ფონდში.

ამასთან ერთად, „მთავარ არხს“ ადგილობრივები ეუბნებიან, რომ მართლაც დაინახეს, თუ როგორ მიდიოდა პირი ეკლესიასთან, სადაც მას რუსი მესაზღვრეები „ელოდებოდნენ“.

„ნეტგაზეთმა“ აგრეთვე მიმართა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას კითხვით, ხომ არ აქვთ რამე ინფორმაცია შეპელევის მიერ საოკუპაციო ხაზის სავარაუდო გადაკვეთაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი