საზოგადოება

ვინ (არ) ესწრება ოპოზიციიდან იმპიჩმენტის განხილვას

18 ოქტომბერი, 2023 • 1822
ვინ (არ) ესწრება ოპოზიციიდან იმპიჩმენტის განხილვას

პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით გადაყენების პროცედურის განხილვა მიმდინარეობს.

განხილვას არ ესწრებიან “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციისა და პოლიტიკური ჯგუფის — “საქართველოსთვის” (გიორგი გახარიას გუნდი) წევრები. აღნიშნული გადაწყვეტილება მათ  განხილვის დაწყებამდე მიიღეს.

დარბაზში არ იმყოფებიან პოლიტიკური ჯგუფის “ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“ წევრები, ნიკა მაჭუტაძე და ბაჩუკი ქარდავა.

განხილვის დაწყებამდე სხდომათა დარბაზი დატოვეს პოლიტიკური ჯგუფ “თავისუფლების” წევრებმა — ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა. დარბაზი ასევე დატოვეს “ევროოპტიმისტების” წევრმა ხატია დეკანოიძემ და “ლელოს” წევრებმა.

სხდომათა დარბაზში არ არიან პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები: თამარ კორძაია, თამარ ჩარკვიანი, დილარ ხაბულიანი, გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე.

იმპიჩმენტის საკითხის განხილვას, უმრავლესობის წევრების გარდა, ესწრებიან: “ევროპელი სოციალისტების”, “გირჩის”, “მოქალაქეების” წევრები და “რეფორმების” ჯგუფის წევრი თეონა აქუბარდია.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში 16 ოქტომბერს გამოცხადდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს სასამართლოს დასვნას, რომლითაც პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო, მხარი საკონსტიტუციოს 9 მოსამართლიდან 6-მა დაუჭირა. მოსამართლეები, რომლებმაც განსხვავებული  მოსაზრება დააფიქსირეს, არიან: ირინა იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში.

პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს “ქართული ოცნების” დეპუტატებმა მიმართეს. მათ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა აქვთ წამოწყებული. თავად პრეზიდენტის პოზიციაა, რომ უცხოეთში ვიზიტებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საქმეში მხარდაჭერის მოსაპოვებლად მართავს.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ახლა პროცესები პარლამენტში უნდა გაგრძელდეს. იმპიჩმენტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს, სადაც ამისათვის 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. “ქართულ ოცნებას” და მის მოკავშირეებს ამ ეტაპზე 100 მანდატი არ აქვთ.

 

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი