საზოგადოება

გლდანში ენმ-ის წევრები, მათ შორის ნიკა მელია დააკავეს

22 სექტემბერი, 2023 • 1706
გლდანში ენმ-ის წევრები, მათ შორის ნიკა მელია დააკავეს

გლდანში ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია, ასევე ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” ენმ-ის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

“პოლიციასთან იყო ძალიან მარტივი და ლოგიკური შეკითხვა, 40-მდე ადამიანმა კასტეტი რომ აიღო ხელში და რომ აორგანიზებდნენ თავდასხმას, 40 კაცი ორგანიზებულად რომ მოდიოდნენ კონკრეტულ მისამართზე, პოლიციამ ეს როგორ ვერ გაიგო. მე რომ წავიდე ივანიშვილის სახლთან, იქ ხომ 100 პოლიციელი დამხვდება.

ამ შეკითხვაზე გაღიზიანდა პოლიცია”, — უთხრა TV პირველს ხაბეიშვილმა.

ისინი იმყოფებოდნენ გლდანში, ადგილზე, სადაც, მათი თქმით, მანამდე თავს დაესხნენ ენმ-ის წევრს, საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეს.

მოგვიანებით 3 ადამიანის დაკავების ფაქტი შსს-მ ნეტგაზეთს დაუდასტურა.

“[ეძგვერაძეზე თავდასხმის] ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ადგილზე მყოფმა პირებმა წინააღმდეგობა გაუწიეს. მათ პოლიციას სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავა სამი პირი”, — უთხრეს ნეტგაზეთს შსს-ში.

რაც შეეხება ეძგვერაძეზე თავდასხმას, უწყების ცნობით, გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულს გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი