საზოგადოება

რა ჭირდებათ დევნილებს

5 აგვისტო, 2010 • 2068
რა ჭირდებათ დევნილებს

ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალის“ ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორი ნიკოლა დაქვორთი დღეს დევნილთა და განსახლების მინისტრ კობა სუბელიანს შეხვდება.  მანამდე კი ორგანიზაციამ საქართველოში დევნილების მდგომარეობაზე ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა.

ანგარიშის მიხედვით, დევნილების მთავარ პრობლემად ადეკვატური საცხოვრისის არქონა, დასაქმება, სოციალური უსაფრთხოება, ჯანმრთელობა, ადგილობრივი ინტეგრაცია, ინფორმაციის ხელისაწვდომობა  და თანამონაწილეობა რჩება.  დაქვორთი ნეტგაზეთთან ინტერვიუში ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დევნილების თანამონაწილეობაა და მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა გადახედოს სტრატეგიას:

ნეტგაზეთი:  რა საკითხებს გამოყოფთ თქვენი ანგარიშიდან მინისტრთან საუბრისას?

ნიკოლა დაქვორთი: ორი მთავარი რამ უნდა ვუთხრათ სამინისტროს წარმომადგენლებს: პირველ რიგში, ანგარიშის მთავარი საკითხების შესახებ მოვუყვებით. მეორე, გამოვყოფთ იმ პრობლემებს, რომელთა გამოსწორებაც, ჩვენი აზრით, აუცლიებელია ამ ეტაპზე, რათა დევნილებმა ღირსეულად გააგრძელონ ცხოვრება. საუბარი იქნება არა მხოლოდ საცხოვრისის პრობლემის მოგვარების შესახებ,  მათ დასაქმებაზეც, ჯანდაცვის მისაწვდომობაზეც. ზოგი დევნილი ისე შორს ცხოვრობს, რომ მათთვის ძნელია სამედიცინო დახმარების წყაროსთან მიღწევა. წამლის ყიდვაც არაა ადვილი.

თუმცა პროგრესი სახეზეა. ბევრი ინიციატივა დღესაც გრძელდება. ზოგი მათგანი მას შემდეგ დაიწყო, რაც ანგარიში მოვამზადეთ. ასევე გვაინტერესებდა, რა ახალი ინიციატივა აქვს სამინისტროს, რომ ისიც ჩაგვერთო ჩვენს ანგარიშში და ზუსტად აგვესახა. ამიტომ  გვინდოდა გუშინ სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა, რათა, თუ რამე სიახლე იყო, დღევანდელ პრესკონფერენციაზე დამატებით გვეხსენებინა.  მაგრამ აუცილებლობის გამო, მინისტრს მოუწია, შეხვედრა დღეისათვის გადაედო.

ნეტგაზეტი: თქვენი ანგარიშის მიხედვით, ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ ზოგ დევნილს ჯერ კიდევ არ აქვს დევნილის სტატუსი. რატომაა ეს პრობლემა?

ნიკოლა დაქვორთი:  ყველა დევნილისთის აუცილებელია სტატუსის ქონა, რადგან ის საშუალებას იძლევა, დევნილებმა რიგი შეღავათებით ისარგებლონ. თუ მათ სტატუსი არა აქვთ, ეს მათ დამატებით პრობლემებს უქმნის. მაგალითად, ესაა ქონების გადაფორმება. როცა ხარ რეგისტრირებული, როგორც დევნილი, ეს შესაძლებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში კი – არა.

ნეტგაზეტი: ანგარიშში ასევე მოხსენიებული იყო უმუშევრობა, როგორც ერთ-ერთი პრობლემა. თქვენი აზრით, რა შესაძლებლობა აქვს სახელმწიფოს ამჟამად, რომ ისინი დაასაქმოს?

ნიკოლა დაქვორთი:  ეს არაა ადვილი საქმე. საქართველოში არა მხოლოდ დევნილები არიან დაუსაქმებლები, არამედ ადგილობრივი მოსახლეობაც.

 დასაქმების სტრატეგია, რომელიც ამ პრობლემას გაუმკალავდებოდა, ზოგადად, საქართველოს არ გააჩნია. არადა,   სტრატეგია უნდა ჰქონდეს,  ეს მხოლოდ დევნილებს არ ეხება.

დევნილებს, განსაკუთრებით მათ, რომლებიც დიდი ხანია დევნილობაში იმყოფებიან, არ ჰქონიათ საშუალება, რომ თავიანთი შესაძლებლობანი, უნარ-ჩვევები გამოევლინათ  და მათ ეს უნარიც დაკარგეს. რაც შეეხება ახალ დევნილებს, ისინი მიჩვეულები იყვნენ ფერმერობას, მიწათმოქმედებას. ახლა კი ისეთ მდგომარეობაში არიან, რომ იმ საქმიანობას, რომელიც იცოდნენ,  ვეღარ აგრძელებენ. ამიტომ ფიქრობენ, რომ ჭირდებათ გადამზადება სხვა სფეროში. თუ შემუშავდება რაიმე საპილოტე ან გადამზადების პროგრამები, კარგი იქნება.  არსებობს ასეთებიც, მაგრამ ისინი არ მოიცავენ ქვეყანას, არ არიან სრულყოფილნი.  თუმცა იყო  პერიოდი, როცა დევნილებს  გარკვეული ტრენინგი უტარდებოდათ, მაგრამ შემდეგ ვერ საქმდებოდნენ – რეალიზება ვერ ხდებოდა. ხშირად ისინი გრძნობდნენ, რომ ამ ტრენინგს არანაირი შედეგი არ მოჰქონდა და ფიქრობდნენ, რომ უკეთესი იქნებოდა, ეს დრო სხვა რამისთვის დაეთმოთ. ამიტომ აუცილებელია ერთიანი სტრატეგიის ქონა, რომ მოხდეს დასაქმება და ხალხს ჰქონდეს სტაბილური შემოსავალი.

ნეტგაზეტი:  თუ შეგიძლიათ მითხრათ, განსხვავდება თუ არა   ე.წ. ახალი და ძველი დევნილების პრობლემები?  

ნიკოლა დაქვორთი:  ჩემი აზრით, ძალიან დიდი განსხვავებაა ე.წ ახალ და ძველ დევნილებს შორის. ახალი დევნილების უმრავლესობა  ახალ შენობებში ჩაასახლეს.

რაც შეეხება 90–იანი წლების დევნილებს, მათ უმრავლესობას ჯერ კიდევ ძალიან არაადეკვატურ საცხოვრებელ გარემოში უწევთ ცხოვრება. ზოგი მათგანი კერძო სექტორში ცხოვრობს და ყოველ წელს უწევს გადასახლება, რომ ახალი ადგილი მოძებნოს.  ბევრი მათგანი ნათესავებთან ცხოვრობს, ეს კი დაძაბულობას ქმნის.  საქმე იმაშია, რომ რეალურად არავინ იცის, რამდენი ადამიანი ცხოვრობს კერძო სექტორში. არ არსებობს ზუსტი მონაცემები,  ვინ სად ცხოვრობს.

ნეტგაზეტი: თქვენი აზრით, რატომ იყო მთავრობისთვის შეუძლებელი, რომ ამის ზუსტი სტატისტიკა შეედგინა?

ნიკოლა დაქვორთი:  არავინ იცის, ზუსტად რამდენი დევნილი ცხოვრობს კერძო სექტორში. ამ ინფორმაციის არქონა არ იძლევა საშუალებას, ვიცოდეთ, რეალურად რამდენი ადამიანი ცხოვრობს ასეთ მდგომარეობაში და როგორ უნდა დავეხმაროთ მათ. იგივე ეხება უმუშევრობასა და ჯანდაცვის საკითხებს.

არსებობს არაფორმალური კვლევა დევნილებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც,  უმუშევრობა დევნილებს შორის უფრო მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივ მოსახლეობაში და ასევე  ჯანმრთელობის პრობლემები მათთან უფრო მეტია, ვიდრე ადგილობრივებში. ზუსტი სტატისტიკის გარეშე, ძნელია თქმა, ეს მართლა ასეა თუ არა. მაგრამ ზუსტად ცნობილი ის არის, რომ აუცილებელია, არსებობდეს მიზანმიმართული სტრატეგია ამ პრობლემების გადასაჭრელად. ჩვენ გვესმის, რომ უმუშევრობის პრობლემა  ადგილობრივ  მოსახლეობასაც აქვს,   მაგრამ არსებობს  ხალხი, რომლებიც განსაკუთრებით მოწყვლადნი არიან და სტრატეგია სწორედ ამ ყველაზე მოწყვლად ჯგუფზე  უნდა მუშაობდეს.

ნეტგაზეტი: რა არის თქვენი მთავარი რეკომენდაციები მთავრობის მიმართ და რამდენად რეალურია მათი მოკლე დროში განხორციელება?

ნიკოლა დაქვორთი:  ჩვენი მთავარი რეკომენდაცია ადეკვატური საცხოვრებელი სახლების პრობლემის გადაჭრაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს ყველა პრობლემის გადაჭრას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საცხოვრებელი სახლების პრობლემა აუცილებლად უნდა გადაწყდეს, მაგრამ თუ იფიქრებთ დევნილების მომავალზე, ეს უფრო მეტია, ვიდრე სახლის ქონა.

ასევე უნდა მიხედონ უმუშევრობის პრობლემას, ჯანდაცვას, ინტეგრაციას, უნდა შეიმუშაონ პაკეტი მთელი ამ სტრატეგიებისა, რომლის მიხედვითაც, დევნილებმა ხელახლა დაიწყონ ცხოვრება, რომ  არ მოექცნენ  იზოლაციაში.

მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა დევნილებოს მონაწილეობა და ჩართულობაა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.  

როცა ჩვენ მათ (დევნილებს) ვესაუბრებოდით,  მათთვის რაღაც პრობლემის გადაწყვეტის წარდგენა ბოლო ეტაპზე ხდებოდა, მაგრამ მათ მონაწილეობა არ მიუღიათ სტრატეგიის შემუშავებაში. თავიდან მათ არ ეკითხებოდნენ, რა უნდათ თვითონ, რისი იმედი აქვთ, რა ამოძრავებთ.  მნიშვნელოვანია მათი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების ყველა ეტაპზე და არა ბოლოს.

ნეტგაზეტი:  თქვენ ამბობთ, რომ მთავრობა არ ეკითხებოდა დევნილებს, თუ რა სურდათ მათ?

ნიკოლა დაქვორთი:  დიახ, ბევრმა დევნილმა გვითხრა, რომ მათ არავიან არაფერს არ ეკითხებოდა, რა უნდოდათ, რა ჭირდებოდათ. ეს განსაკუთრებით ეხება ძველი თაობის დევნილებს, როცა 90-იანი წლებიდან მათ მუდმივად უხდებოდათ ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლა და  გრძნობდნენ, რომ ისინი რიგის ბოლოში იდგნენ. ასევე ჩვენ დაველაპარაკეთ არასამთავრობო ორგანიზაქციების წარმომადგენლებს და ყველანი აღიარებდნენ დევნილების ინფორმირებულობის ნაკლებობას.  ეს მექანიზმი არ მუშაობს რაღაც მიზეზის გამო. მთავრობამ უნდა გადახედოს თავის სტრატეგიას, რადგან დევნილებმა იგრძნონ, რომ მათაც ეკითხებათ ჭკუა.

ნეტგაზეტი: ჰქონდათ თუ არა დევნილებს თანამონაწილეობის ინიციატივა?

ნიკოლა დაქვორთი:   ხალხს სხვადასხვა მოთხოვნები  და  სურვილები აქვს,  შეუძლებელია ყველა მათგანის შესრულება.  ეს მთავრობისთვის დიდი გამოწვევაა, მაგრამ ბევრ დევნილს ისეთი შეგრძნება ჰქონდა,  რომ მათ აზრს არ ეკითხებოდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი