საზოგადოება

FIFA TOP ფეხბურთელებს გამოკითხვით ავლენს — კვარაცხელია თორმეტეულშია

14 სექტემბერი, 2023 • 1667
FIFA TOP ფეხბურთელებს გამოკითხვით ავლენს — კვარაცხელია თორმეტეულშია

„ნაპოლის“ ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია FIFA-ს საუკეთესო თორმეტ ფეხბურთელს შორისაა, მათგან სამი ფეხბურთელი კი ხმის მიცემით გამოვლინდება.

კვარაცხელიასთან ერთად, ფიფას საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე ნომინირებული არიან ლიონელ მესი, ერლინგ ჰოლანდი, კევინ დე ბრუინი, ხულიან ალვარესი, მარსელო ბროზოვიჩი, ილქაი გიუნდოგანი, როდრი, კლიან მბაპე, ვიქტორ ოსიმენი, დეკლან რაისი და ბერნარდო სილვა.

ხმის მიცემისთვის, ფეხბურთის გულშემატკივრები FIFA-ს ვებგვერდზე უნდა დარეგისტრირდნენ და ფავორიტი ფეხბურთელები რიგითობის მიხედვით მონიშნონ.

ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიურ „ნაპოლისთან“ ერთად 2022-23 წლის სეზონზე სერია ა-ს მოგება შეძლო და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მისი გოლი კი „ატალანტას“ წინააღმდეგ სეზონის საუკეთესოდ შეირჩა. ამასთან, ხვიჩა კვარაცხელია 2022-23 წლის უეფას ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდოს მფლობელია და „ოქროს ბურთი 2023-ის“ (Ballon d’Or 2023) ნომინანტებს შორისაცაა დასახელებული. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ნაპოლის თავდამსხმელი „ოქროს ბურთის“ 30-კაციან სიაში მოხვდა.

FIFA-ს საუკეთესო კაცი ფეხბურთელი რამდენიმეეტაპიანი ხმის მიცემით გამოვლინდება. კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ჟიური, რომელიც მოქმედი მწვრთნელებისა და ეროვნული ნაკრებების კაპიტნებისგან შედგება, ამასთან, კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებენ ჟურნალისტები და  გულშემატკივრები, რომლებიც FIFA.com-ზე დარეგისტრირდებიან.

როგორც FIFA-ს ვებგვერდზეა განმარტებული, ყველა ზემოაღნიშნული ჯგუფში გამოვლენილ შედეგებს თანაბარი ძალა ექნება და საბოლოო შედეგის განსაზღვრისთვის მათი შეჯამება მოხდება.

ხმის მისაცემად გადადით ბმულზე – https://www.fifa.com/the-best-fifa-football-awards/best-fifa-mens-player

მასალების გადაბეჭდვის წესი