საზოგადოება

ბორელი: „პრეზიდენტის იმპიჩმენტი ზრდის პოლარიზაციას“

8 სექტემბერი, 2023 • 738
ბორელი: „პრეზიდენტის იმპიჩმენტი ზრდის პოლარიზაციას“

„ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წამოწყება ზრდის დაძაბულობის რისკს და პოლარიზაციას, მიიჩნევს ჟოზეფ ბორელი, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი. ამის შესახებ მან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. გამოსვლის დასაწყისში მან აგრეთვე მწუხარება გამოთქვა გურიაში მომხდარი ტრაგედიის გამო.

„რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტს. რისკია, რომ ეს კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას, გაზრდის პოლარიზაციას. ყველა ინსტიტუტი ერთად უნდა მუშაობდეს ევროპულ გზაზე. საქართველოს აქვს ამის პოტენციალი. გჭირდებათ თანამშრომლობა ამ ისტორიულ მომენტში“, – თქვა ბორელმა.

მისივე თქმით, საქართველოს ამ ეტაპზე სრულად, როგორც უკვე აღინიშნა ევროკავშირის ივნისის დასკვნაში, თორმეტიდან მხოლოდ სამი პრიორიტეტი აქვს შესრულებული [საქართველოს პრემიერმა ამავე პრესკონფერენციაზე ამის საპირისპიროდ განაცხადა, რომ რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი შესრულებულია და მხოლოდ რამდენიმეა დარჩენილი].

„მთელი ძალისხმევა კონცენტრირებული უნდა იყოს იმაზე, რომ დაძაბულობა შემცირდეს და ეს ისტორიული შანსი არ იყოს დაკარგული.  შემდეგი ნაბიჯები ევროინტეგრაციის გზაზე დამსახურებებზე იქნება დამოკიდებული. შედეგი კი იქნება მიღწეული გაერთიანებული ძალისხმევის წყალობით. ამოცანები კარგადაა გაწერილი, თორმეტი პრიორიტეტის სახით. როგორც უკვე განვაცხადეთ ჩვენს დასკვნაში, ივნისის შემდეგ შეასრულეთ სამი მათგანი, დანარჩენი ცხრა კი პროცესშია, შესასრულებელია. თუმცა, დრო მაინც არის“, – განაცხადა ბორელმა.

მისივე თქმით, უპირველეს ყოვლისა საჭიროა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, საარჩევნო და სასამართლო რეფორმები და მედია პლურალიზმი. „მოკლე გზები ამის მისაღწევად არაა. ყველაფერს სჭირდება მუშაობა და პოლიტიკური ნება და მკაფიო ერთგულება ევროკავშირის ფასეულობებისადმი“, – აღნიშნა მან.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელებმა ხაზი გაზი გაუსვა, რომ ეჭვგარეშეა საქართველოს კუთვნილება ევროპულ ოჯახში, რისი თქმაც მას ქართველი ხალხისთვის პირადად სურს:

„როდესაც ჩამოვედი, დავინახე, ქართველი ხალხის ძლიერი სულისკვეთება. 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს შთამბეჭდავი რიცხვია, მაგრამ იგი როდია მხოლოდ რიცხვი. მიხარია, ბევრ ევროპულ დროშას რომ ვხედავ თბილისში. უფრო მეტია, ვიდრე ბრიუსელში. [..] [ვუცხადებთ] ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიროტიული მთლიანობას. განვაგრძობთ საქართველოს გვერდზე დგომას. [..] საქართველოს ყოველთვის შეუძლია ჰქონდეს ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი“, – განაცხადა მან.

ბორელმა აგრეთვე ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომზე და ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი უკრაინას იქამდე დაუჭერს მხარს, სანამ საჭიროა. მან მწუხარება გამოხატა იმის გამო, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა განახლდა და აღნიშნა, რომ საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებულები ვალდებულებების მხრივ ბევრი მიმართულებით სჭირდება შედეგების გაუმჯობესებაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი