საზოგადოება

დაიცადეთ 2012-მდე

29 ივლისი, 2010 • 1627
დაიცადეთ 2012-მდე

სააკაშვილის პირველი საპრეზიდენტო არჩევნების დროს ბოლნისის ერთ-ერთ სოფელში კოორდინატორად იმუშავა. ”100%-იანი ხმები მთელ სოფელში მხოლოდ ჩემი კარგად მუშაობის შედეგად აიღო სააკაშვილმა, ახლა კი მაგის მთავრობა მეუბნება, შევარდნაძის დევნილი ხარ, ჩვენი -არა და სადაც გინდა, იქ იცხოვრეო”.

2008 წელს, როდესაც გორიდან დევნილები სახელმწიფომ რუსთაველზე, გამომცემლომა ”სამშობლოში” შეასახლა, აფხაზეთიდან დევნილი ლინა მარკოზიას ხუთსულიანი ოჯახი ნაძალადევის რაიონში ქირით ცხოვრობდა. ლინამ მაშინ შემთხვევით ისარგებლა და შენობაში  საცხოვრებლად ოჯახით გადავიდა. ”ძალით შევიჭერით გამომცემლობაში. ქირა ვეღარ გადავიხადე. ისე წამოვედი, 1200 ლარი გადასახდელი დამრჩა. მე, როგორც დევნილს,  სხვა არაფრით მისარგებლია სახელმწიფოსგან”.

18 წელია ლინა სხვადასხვა რესტორანში მუშაობს. დღეს რუსთაველის  ”ხინკლის სახლში” დამლაგებელია. დღეში 10 ლარს უხდიან. მუშაობს ყოველ მეორე დღეს. იქამდე ჩინურ რესტორანში ჭურჭელს რეცხავდა.

შვილებიდან ყველაზე უფროსი, სტუდენტია. სწავლის გადასახადს, 1200 ლარს წელიწადში,  თვითონვე იხდის. გლდანში, ერთ-ერთ პოკერ -კლუბში მუშაობს და ხელფასი 500 ლარი აქვს.

ორი დღის წინ, როდესაც გამომცემლობის შენობიდან ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ოჯახები გამოასახლა, ალტერნატიული საცხოვრებელი ზუგდიდის რაიონის სოფლე ფოცხოში შესთავაზეს.

”სურათიც კი არ მინახავს, სად აპირებენ ჩვენს ჩასახლებას. ამბობენ, ფაბრიკა გადააკეთესო. რომ გადავიდეთ, როგორ ვიცხოვროთ. აგვისტოში მიწასაც კი ვერ დაამუშავებ. გამოდის, სულ მცირე, ერთი წელი საჭმელიც არ გვექნება. იმაზე რომ აღარაფერი ვთქვა, რომ შვილები, სწავლა–განათლების გარეშე დამრჩებიან. იმიტომ არ ვმუშაობ დამლაგებლად, რომ ჩემი შვილების მომავალიც ასეთი იყოს. დღემდე ცუდად ვარ, როცა ჩემი ყოფილი მოსწავლე დამინახავს დამლაგებლის ამპლუაში”,-ამბობს ლინა.

ლინა დევნილობამდე, გალში ქიმიის მასწავლებლად მუშაობდა.

დღეს, მთელი დღეა, პატარა წითელი ჩანთით ხელში, ქმართან ერთად ბინის საშოვნელად დადის. შვილები ნაცნობებთან და ნათესავებთან გაუშვა დროებით. ბინა სასწრაფოდ უნდა იშოვნოს, რადგან ბოლო ორ ღამეს ქმართან ერთად ვერის ბაღში, სკამზე,ვ ათევს. ბინის დაქირავება ავლაბარში ურჩევნია. ადგილიც აწყობს და ფასებიც კატასტროფულად მაღალი არ ეჩვენება.

ჩანთაშ, ღამით დასაფარებელი ზეწარი და ერთი ჭიქა უდევს. ეს ნივთები ერთადერთია, რისი წამოღებაც გამომცემლობა ”სამშობლოდან” ორი დღის წინ გამოსახლების შემდეგ თან დააქვს. ოჯახის დანარჩენი ნივთები ახლა რუსთავის გზატკეცილზე, ერთ-ერთ შენობაში შეუნახა ლტოლვილთა და განსახლების სამინისიტრომ.  გული წყდება, რომ გამოსახლების შემდეგ ნივთები დიდ სატვირთო მანქანაში ისე შეუყარეს სამინისტროს წარმომადგენლებმა, არც დაინტერესებულან, გასატეხი ხომ არაფერი იყო შიგნით. ახლა, იმედი აღარ აქვს, რომ რამდენიმე თეფშიდან და ჭიქიდან, რამე მთელი გადარჩა.

”როცა ვუთხარი მაგათ, ხო არაფერი დამეკარგება მეთქი, დამცინეს, ნეტა შენი ძონძები ვის რაში ჭირდებაო”.

გუშინ მთელი დღე ლინა და კიდევ სხვა ოჯახები, ვისაც სოფელ ფოცხოში ცხოვრება არ უნდა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში, მინისტრის მოადგილე გიორგი ჟღენტთან იყვნენ დაბარებულები.

”დილის თერთმეტი საათიდან ექვსის ნახევრამდე გვალოდინეს, ბოლოს, კაბინეტის კარიდან ჟღენტმა თავი გამოყო და  გვითხრა, რომ არჩევანის საშუალება არ გვაქვს და 2012 წლამდე უნდა დავიცადოთ”, -ამბობს ლინა.

აფხაზეთიდან დევნილს,არც ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, კობა სუბელიანის იმედი აქვს-” ეგ ხო, საერთოდ, როცა გორიდან დევნილებს ეხება საქმე, მარტო მაშინ იწუხებს თავს. სამინისტროშიც ასეა, მიღებაზე როცა მივედით, სიას კითხულობდნენ, ვინ საიდანაა. ახალი დევნილები მაშინვე აუშვეს”.

შესაფერისი ბინა ლინამ რამდენიმე საათის სიარული შემდეგ იპოვა. 100 აშშ $ დაუფასეს, -პატრონი საზღვარგარეთაა და კაპიკს არ დააკლებსო.

” მაგდენის გადახდას ვერ მოვახერხებთ. ქმარი მშენებლობაზე მუშაობდა და ახლა უმუშევარია. ჩემი 150 ლარი თვეში და შვილის ხელფასი რამდენს გაწვდება. ჩვენც ადამიანები ვართ, ჩვენც გვინდა კვება და ვიტამინები”.

ლინა მარკოზია
ლინა მარკოზია

მასალების გადაბეჭდვის წესი