საზოგადოება

თბილისის წყალსაცავი ჟონავს

29 ივლისი, 2010 • 4842
თბილისის წყალსაცავი ჟონავს

თბილისის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა დინება (ფილტრაცია) მიმდინარეობს, რაც თბილისის ზღვის გარშემო მდებარე სახლების საძირკვლებს აზიანებს. 2007 წლიდან თბილის წყალსაცავი აღსადგენ საწყალსატევო სადგურთა რიცხვში შევიდა და დაიხურა, რაც იმას ნიშნავს, რომ წყალსაცავის მდგომარეობის შესწავლა და მასზე დაკვირვება აღარ მიმდინარეობს.

თბილისის წყალსაცავი სამი მლაშე ტბის, – ავლაბრის, ილგუნიანისა და კუკიის, – ადგილას შეიქმნა და ექსპლუატაციაში 1953 წელს შევიდა. წყალსაცავი თბილისს სასმელი და სარწყავი წყლით ამარაგებს. წყალსაცავს, შექმნიდან 2005 წლამდე,  წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი აკვირდებოდა და სწავლობდა. ამჟამად ინსტიტუტს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი აქვს და  განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაშია.  ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი, თარხან თევზაძე ამბობს, ინსტიტუტმა ბოლო კვლევის ანგარიში 2004 წელს გამოაქვეყნა. ამის მერე კვლევების ჩასატარებლად სახელმწიფო დაფინანსება მათ აღარ მიუღიათ.

2008 წლის 15 დეკემბერს წყალთა მეურნეობის ინსტიტუტმა თბილისის მერიას წერილი მიწერა. წერილში ინსტიტუტის წარმომადგენლობა თბილისის მერიას სთხოვს, თბილისის წყალსაცავის გარშემო არსებული, – თემქის, მუხიანის, ვარკეთილის, ვაზისუბნის, – დასახლებების საცხოვრებელი ბინების ავარიულ მდგომარეობაზე გაემახვილებინა ყურადღება. წერილში,  ავარიული მდგომარეობის ძირითად მიზეზად,  წყალსაცავის მიწისქვეშა ნაკადებია დასახელებული.   ინსტიტუტი თბილისის მერთან აუდიენციას ითხოვდა, რათა შესაბამისი დამცავი ღონისძიებები გაეტარებინათ. როგორც წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის წარმომადგენლობა აცხადებს, მერიისაგან პასუხი მათ დღემდე არ მიუღიათ.

თბილისის მერიას ..ნეტგაზეთმა” მიმართა. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა, თამარ დვალმა განაცხადა, რომ  მერიამ  საპასუხო წერილი ინსტიტუტს 2009 წლის 29 იანვარს გაუგზავნა, თუმცა ინსტიტუტის კანცელაარიის არქივში წერილს ვერ მიაკვლიეს. თავად თანამშრომლები კი ასეთ ფაქტს ვერ იხსენებენ.

ბოლო, 2004 წლის, ანგარიშით,  თბილისის წყალსაცავის 9 უბნიდან მხოლოდ ორის, – ვარკეთილისა და თემქის, – შესწავლა მოხერხდა. ამ უბნებზე ჭაბურღილები (საბურღი დანადგარებით დედამიწის ზედაპირიდან მიწაში გაყვანილი ცილინდრული ფორმის სადაზვერვო გვირაბი ) 1982 წელს ააშენეს.

,,დაკვირვების შედეგად, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ წყალში მარილის შემცველობა 0,2 მილიგრამიდან 121 მეტრში 9 მილიგრამამდე იზრდება”, – განმარტავს თევზაძე.

თბილისის წყალსაცავის ტერიტორიაზე თაბაშირის შემცველი ნახევრადკლდოვანი გრუნტია (მიწა), რომელიც ადვილად იხსნება წყალში და შედეგად წყლის მარილიანობა იმატებს. მიწის მარილების ადგილი კი ცარიელი რჩება. ცარიელ ადგილს წყალი იკავებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ფილტრაცია ანუ გაჟონვა დაიწყო. ამ პროცესს მეცნიერულ ენაზე ქიმიური ფილტრაცია ეწოდება. თუ შესაბამისი სამუშაოები წყალსაცავში არ ჩატარდება, ქიმიური ფილტრაცია გაძლიერდება და ფიზიკურში გადაიზრდება, რაც მიწიდან უფრო დიდი ნაწილაკების, – ქვების, – მოხსნასა და დაშლას გამოიწვევს. ,,ფიზიკური ფილტრაციისას ერთი, რომ ფერდობი იშლება, და მეორე, ფილტრაცია უკვე მდინარის სახით წარმოიქმნება. გამოვა იქიდან მდინარე და მიეშვება ვარკეთილის ან თემქის უბანზე”, – ამბობს თარხან თევზაძე.

გაზრდილი მარილშემცველიანობა წყალს მავნებელ ფუნქციას ანიჭებს. ასეთ ფილტრაციულ ნაკადებს შეუძლია გაანადგუროს წყალგაყვანილობა, ტელეფონის ხაზები, სარდაფები, ნაგებობები, ცემენტიანი საფარი.

თბილისის წყალსაცავი ქალაქის ურბანიზებულ ტერიტორიაზე მაღლა მდებარეობს. ამიტომ წარმოქმნილი ფილტრაციული ნაკადები სახლების მიმართულებით მიედინება. წყალსაცავის საპროექტო ნიშნულის დონე 549 მეტრია, თუმცა ამჟამად წყალსაცავის დონე 11 მეტრითაა დაწეული.

,,ერთხელ იყო ასეთი შემთხვევა, როცა ჭაბურღულში წყლის დონემ 542 მეტრზე აიწია. შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ დაიწყო გრიფონი, მიწიდან წყლის ამოდინება და ჩვენ სასწრაფოდ დავაწევინეთ წყლის დონე”, – იხსენებს თევზაძე.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგანეტოს ჰიდროლოგი, ვახტანგ მგელაძე განმარტავს, რომ თბილისის წყალსაცავში დონის დაწევა სწორედ წყლის ფილტრაციასთანაა დაკავშირებული. თუ წყალსაცავის დონე საპროექტო ნიშნულამდე აიწევს, ფილტრაცია გაძლიერდება.

გარემოს ეროვნული სააგანტოს ინფორმაციით, თბილისის წყალსაცავი სარეაბილიტაციო საწყალსატევო სადგურთა ჯგუფში 2007 წელს მოხვდა და დაიხურა. ამის მიზეზად მგელაძე სახსრების არარსებობას ასახელებს.

,,თბილისის წყალსაცავი საკმაოდ დიდია, ამიტომ მისი მოვლა ძვირი ჯდება. სააგენტოს ბიუჯეტში ამდენი თანხა არ არის. საწყალსატევო სადგურებიდან დღეს მხოლოდ სიონის წყალსაცავს ვამოწმებთ”, – ამბობს მგელაძე.

იმისათვის, რომ წყლის ფილტრაცია აკონტროლონ,  აუცილებელია წყალსაცავზე გაკეთდეს ჭაბურღილები, რაც დიდ თანხას საჭიროებს. ჭაბურღილში წყლის მატება მიანიშნებს იმაზე, რომ წყალსაცავში ფილტრაცია მიმდინარეობს.

 

თბილისის წყალსაცავზე რამდენიმე ჭაბურღილი 1982 წელს წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის მონაწილეობით გაკეთდა, თუმცა, იმის გამო, რომ თბილისის ზღვაზე არანაირი სადამკვირვებლო და კვლევითი სამუშაოები აღარ მიმდინარეობს, დღეს ეს ჭაბურღილები უფუნქციოა.

სააქციო საზოგადოება ,,საქწყალპროექტის” მთავარი ჰიდროლოგი, ბაადურ უკლება ამბობს, რომ წყლის ფილტრაცია ყველა წყალსაცავისთვისაა დამახასიათებელი. წყლის მასიური ფილტრაციით გამოწვეული კატასტროფა, მისი აზრით, უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არ არის, „თბილისის წყალსაცავი თითქმის ნახევარი საუკუნეა არსებობს და მასეთი რამე ჯერ არ მომხდარა. დაახლოებით 80-იან წლებამდე წყალსაცავი ივსებოდა ბოლომდე, ახლა ეს აღარ ხდება, ამიტომ ნაკლებად მოსალოდნელია რაიმე სერიოზული კატასტროფა მოყვეს მაგ ამბავს”.

თბილისის წყალსაცავზე ოთხი კაშხალია, – ორი ბეტონის და ორიც მიწის. თარხან თევზაძე იხსენებს, რომ 60-იან წლებში ბეტონის კაშხლიდან ფილტრაცია თემქის მიმართულებით დაიწყო. ,,დიდი წვალებით მივაღწიეთ იმას, რომ ჭაბურღილების ძირში დიდი რაოდენობით ცემენტაცია გავაკეთებინეთ, რამაც ფილტრაციას ხელი შეუშალა”.

საქმე იმაშია, რომ უკვე რამდენიმე წელია თბილისის წყალსაცავზე არა თუ მსგავსი სამუშაოები, არამედ დაკვირვებითი და შესწავლითი სამუშაოებიც კი აღარ მიმდინარეობს. წყალთა მეურნეობის წერილში, რომელიც მათ თბილისის მერიას გაუგზავნეს, აღნიშნულია, რომ სწორედ ამის გამოა თემქის, მუხიანის, ვაზისუბნის, ვარკეთილის დასახლებებში საცხოვრებელი ბინების მასობრივად ავარიული მდგომარეობა. ვარკეთილსა და სამგორში საცხოვრებელი სახლების ავარიულ მდგომარეობაზე ,,ცენტრ პოინტ ჯგუფის” ერთ-ერთი დამფუძვნებელი, მაია რჩეულიშვილიც საუბრობს. ბაზეთ ,,ჯორჯია ვიქლის” ჯურნალისტისათვის მიცემულ ინტერვიუში რჩეულიშვილი ამბობს:,,კორპუსების უმრავლესობა ავარიულია და მათ ნაწილს ჩამონგრევის საფრთხე ემუქრება. ამის მიზეზი კი თბილისის ზღვის წყალია, რომლითაც მიწისქვეშა ქანებია გაჟღენთილი და კორპუსების საძირკველს სერიოზულ საფრთხეს უქმნის”.

წყლის ფილტრაციით აღმოცენებული საფრთხის ასაცილებლად, სპეციალისტების აზრით, პირველ რიგში წყალსაცავის უბნების შესწავლა უნდა მოხდეს. კვლევის ჩატარების შემდეგ, ანგარიშის საფუძველზე, კი შესაბამისი სამუშაოები ჩატარდეს. ,,ჩვენ მხოლოდ ორი უბანი გვაქვს შესწავლილი, ასეთი კიდევ შვიდია და არავინ იცის, ამ უბნებზე რა ხდება”, – ამბობს თევზაძე.

სპეციალისტების განმარტებით, წყალსაცავებში წყლის ფილტრაციის კონტროლი სისტემატურად უნდა ხდებოდეს. ამისათვის კი სახელმწიფომ შესაბამისი  ფინანსები უნდა გამოყოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი