საზოგადოება

შოვში ნაპოვნი 26 ცხედრიდან 23 იდენტიფიცირებულია – გუბერნატორი

16 აგვისტო, 2023 • 1753
შოვში ნაპოვნი 26 ცხედრიდან 23 იდენტიფიცირებულია – გუბერნატორი

შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი 26 ცხედრიდან 23 ამოცნობილია. ამის შესახებ დღეს, 16 აგვისტოს, რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პარმენ მარგველიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პარმენ მარგველიძემ ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ იდენტიფიცირებულებს შორის 3 ცხედარი ეკუთვნის ერთი სოფლის მცხოვრებლებს.

როგორც ცნობილია, შოვში მომხდარი სტიქიის შემდეგ სოფელ ლაგვანთის 3 მცხოვრებს ეძებდნენ, რომლებიც შოვში მშენებლობაზე მუშაობდნენ. ესენი არიან: ნიკა ჩალაძე, თემურ ჩარკვიანი და დიტო ფირცხალავა. როგორც ჟურნალისტებს ნიკა ჩალაძის ცოლმა უთხრა, დიტო ფირცხალავას და თემურ ჩარკვიანის ცხედრები იდენტიფიცირებულია, თუმცა მისი ქმრის – არა.

„დაკარგული 33 მოქალაქიდან ამ დროისთვის 26 ცხედარია ნაპოვნი, გრძელდება დაკარგული 7 მოქალაქის საძიებო სამუშაოები. გარდაცვლილებიდან 23 უკვე იდენტიფიცირებულია“, – განაცხადა პარმენ მარგველიძემ.


3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ზონაში მეთოთხმეტე დღეა სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროის მონაცემებით, 3 აგვისტოს რაჭაში მომხდარ სტიქიას 26 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 7 ადამიანს კი მაშველები სტიქიის ზონაში ამ დრომდე ეძებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი