რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის თქმით, შოვში ჩამოწოლილი მეწყრის შემდეგ იქ მყოფ 35 ადამიანთან დაკავშირება ამ დრომდე [დაახლ. 10:00 საათი] ვერ ხერხდება.
ქარსელაძის განცხადებით, “დილიდან გრძელდება ადამიანების გამოყვანა”.
“ამ მომენტისთვის გამოყვანილია აბსოლუტურად ყველა ადამიანი, რომელიც უსაფრთხო ადგილას, მაშველებთან და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა. რა თქმა უნდა, გრძელდება სამაშველო ოპერაცია სრული მასშტაბით, ვერტმფრენების გამოყენებით და მაშველების ჩართულობით.
რაც შეეხება ადამიანებს, რომლებთანაც ვერ ხერხდება კავშირი, ამ მომენტისთვის 35 ასეთი ადამიანია. პროცესი გრძელდება, ხდება გადამოწმება და გადაზუსტება.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურის მიმართულებას, ტექნიკა მობილიზებულია. უკვე მოხერხდა ორი ექსკავატორის გადაყვანა და პროცესი გრძელდება მდინარეზე. გარდა ამისა, ორ წაღებულ ხიდთან დაკავშირებით ასევე ინტენსიურად მოსამზადებელია სამუშაოები და დღეს დაიწყება, როგორც ვგეგმავდით, ხიდის მონტაჟს”, — უთხრა ქარსელაძემ ჟურნალისტებს 4 აგვისტოს დილას.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა და საცხოვრებელი კოტეჯებიც მოიყოლა. ცნობილია ექვსი დაღუპულის შესახებ.
დაკარგულ ადამიანებთან დაკავშირებით ცხელი ხაზი (598 913 089) შინაგან საქმეთა სამინისტრომ სტიქიიდან დაახლოებით 9 საათის შემდეგ გამოაქვეყნა.
შსს-ს თქმით, “სტიქიის ზონაში, მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება, რომელშიც 400-მდე მეხანძრე – მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები არიან ჩართულები”.
4 აგვისტოს 09:40 საათზე გავრცელებულ განცხადებაში შსს ამბობს, რომ “ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 140 ადამიანი”.
“სტიქიის ზონაში მოწყობილია საველე შტაბი, რომელიც მუდმივ კავშირზეა ადგილობრივ მერიაში შექმნილ საკოორდინაციო შტაბთან, ადგილზე მუშაობენ გეოლოგებიც”, — აცხადებს უწყება.








