ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ამ დროისთვის შოვში, სტიქიის ზონაში დაახლოებით 50-მდე ადამიანთან დაკავშირება ვერ ხერხდება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან ისაუბრა.
მისი თქმით, 152 ადამიანის იდენტიფიცირება მოხდა, ისინი უსაფრთხო ადგილას არიან და ხვალ მათი გადმოყვანა იგეგმება:
“ამ მომენტისათვის 70-მდე მოქალაქე უკვე გამოყვანილია სტიქიის ზონიდან, 152 ადამიანის იდენტიფიცირება მოხდა, რომლებიც იმყოფებიან უკვე უსაფრთხო ადგილას და მაშველებთან და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად. უზრუნველყოფილი არიან ყველა აუცილებელი საჭიროებით და ხვალ უკვე დაგეგმილია მათი გადმოყვანა.
ამასთან, დაახლოებით 50 ადამიანია, რომელთანაც კავშირი ვერ ხერხდება”, — განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, 150-მდე მაშველი უშუალოდ სტიქიის ზონაში დაკარგული ადამიანების პოვნის სამუშაოებშია ჩართული.
შოვში სტიქიის ზონიდან ადამიანების ევაკუაცია ვერტმფრენმა დაღამების შემდეგ, დილამდე შეაჩერა.
ადგილზე მუშაობას განაგრძობს ცოცხალი ძალა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის ინფორმაციით, მანამდე, სანამ ვერტმფრენი მუშაობას შეაჩერებდა, სტიქიის ზონაში მაშველები გადაიყვანეს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “იმედთან” განაცხადა.
მისი თქმით, მანამდე სტიქიის ზონიდან ადამიანების ევაკუაცია მხოლოდ ვერტმფრენის საშუალებით ხერხდებოდა, რადგან დაახლოებით 500 მეტრის სიგრძის სავალი გზა მეწყრის შედეგად განადგურდა, ასევე წაღებულია ორი ხიდი.