რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში დაიწყო ევაკუაცია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შოვიდან უკვე გამოიყვანეს 70-მდე ადამიანი, მათგან სულ მცირე 5 ბავშვია.
აქტიური სამაშველო ღონისძიება გრძელდება.
როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში უთხრეს, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არის.
განახლება: თავდაპირველად მასალაში ეწერა, რომ სტიქიის ზონიდან 40-მდე მოქალაქის ევაკუაცია მოხდა, თუმცა მოგვიანებით, 20:08 საათისთვის, შსს-მ განაახლა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ევაკუირებულია 70-მდე მოქალაქე.
რაც შეეხება დაშავებულებს, ოფიციალურად დაშავებულებისა და დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა ტელეკომპანია ფორმულასთან ერთ-ერთი მოქალაქე ჰყვება, რომ სტიქიის ზონაში მისი დედაა დარჩენილი, რომელთან დაკავშირებასაც ვერ ახერხებენ. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ.
გარეკანის ფოტო: ქეთი კოვზიაშვილი