საზოგადოება

დევნილების გასახლება პოლიციის თანხლებით

26 ივლისი, 2010 • • 1381
დევნილების გასახლება  პოლიციის თანხლებით

გამომცემლობა “სამშობლოს” ყოფილი შენობიდან დევნილებს ასახლებენ. შენობას გარს პოლიციის კორდონი აქვს შემორტყმული, გადაკეტილია თამარ ჭოველიძის ქუჩაც. დევნილებისთვის უცნობია, სამართალდამცავებს სად მიაქვთ მათი ნივთები.

დევნილების თქმით,   გამთენიისას შეამჩნიეს, რომ ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე ათასამდე პოლიციელი შეიკრიბა და სამშობლოს შენობისკენ დაიძრა.

“ჩვენ გამოვედით ქუჩაში ისე, რომ წინააღმდეგობა არ გაგვიწევია. შენობაში პოლიციელები შევიდნენ და ახლა ჩვენი ნივთები გამოაქვთ.”

კოსტავას 14 ნომერში შესახლებულ დევნილებთან ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელი ორი კვირის წინ მივიდა და უთხრა, რომ, შენობის გაყიდვის გამო, საცხოვრებლის დატოვება მოუწევდათ.

19 ივლისს გამომცემლობის ყოფილ შენობაში მცხოვრებმა 380-მდე დევნილმა ოჯახმა აქცია გამართა.

დევნილების განცხადებით, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო მათ ალტერნატიულ ფართს სთავაზობს წალენჯიხის რაიონის სოფელ ფოცხოში. დევნილები უარს აცხადებენ საზღვრისპირა სოფელში დასახლებაზე, მიზეზად გაუსაძლის პირობებს ასახელებენ.

დევნილების თქმით, ადგილი, რომელსაც სთავაზობენ, რუსეთის ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაა, სადაც არ არის სკოლა, ბაღი, სამუშაო…

დევნილები აცხადებენ, რომ დევნილთა და განსახლების სამინისტროს ჰყავს მოყვანილი მუშები, რომლებსაც მათი კუთვნილი ნივთები სატვირთო ავტომობილებით გაურკვეველი მიმართულებით მიაქვთ.

ადგილზე მყოფი პოლიციის თანამშრომლები და პირები, რომლებიც ზედამხედველობენ გამოსახლების პროცესს, ჩვენს კითხვებს არ პასუხობდნენ.

გამომცემლობა “სამშობლოს” ყოფილი შენობაში დევნილები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შესახლდნენ. აქ ცხოვრობენ დევნილები  სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი