საზოგადოება

სახდეპი „შემაწუხებლად“ მიიჩნევს ქართული სასამართლოს „დამოუკიდებლობის ნაკლებობას“

28 ივლისი, 2023 • 948
სახდეპი „შემაწუხებლად“ მიიჩნევს ქართული სასამართლოს „დამოუკიდებლობის ნაკლებობას“

„შემაწუხებელი“ – ასე აფასებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ნაკლებობასა და მის მუშაობაში პოლიტიკურ ჩარევას, განსაკუთრებით კი, გახმაურებელ საქმეებში.

ბიზნესისა და ინვესტირების კონტექსტში საქართველოს სასამართლოს სისტემის შესახებ დოკუმენტში ნათქვამია, რომ „სულ უფრო იზრდება უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, დამოუკიდებლად, დროულად და კომპეტენტურად განიხილოს კომერციული დავები“.

„ზოგი კომპანია ჩივის მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტური პროცესის, ეფექტური ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ნაკლებობის, პოლიტიკური ჩარევის ბრალდებების, რეგულაციებისა და კანონების შერჩევითი აღსრულების გამო. მთავრობა განაგრძობს მუშაობას ამ საკითხების მოსაგვარებლად, და მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, საქართველო რეგიონში კარგი ადგილია ბიზნესის საკეთებლად“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

სახდეპში ასევე მიიჩნევენ, რომ „ხელისუფლების ყოყმანი სასამართლო სისტემის სრული შეფასების ჩატარებაზე და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულ შესრულებაზე კიდევ უფრო უთხრის ძირს რწმენას სისტემის დამოუკიდებლობაში“.

„მართალია, კონსტიტუცია და კანონი იძლევა საშუალებას დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არსებობისთვის, რჩება ნიშნები, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობაში და მიუკერძოებლობაში ჩარევა ხდება“, – ნათქვამია ანგარიშში.

ამავე დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ბოლო დროს ადგილი ჰქონდა პოლიტიკურად მოტივირებულ ძალადობას. ამ კონტექსტში აშშ-ის საგარეო უწყება იხსენებს 2021 წლის 5 ივლისის ძალადობას.

„ზოგადად პოლიცია ასრულებდა თავის ვალდებულებას წესრიგის დაცვაზე, წინასწარ გამოუცხადებელი პროტესტების შემთხვევაშიც კი, თუმცა, ზოგ შემთხვევაში ქმნიდა ულტრამემარჯვენე ძალადობის დასაშვებ გარემოს“, – წერია დოკუმენტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი