საზოგადოება

ოსური მედიის პროფესიული დღე

23 ივლისი, 2010 • 1490
ოსური მედიის პროფესიული დღე

ცხინვალში ოსმა ჟურნალისტებმა 23 ივლისს პროფესიული დღესასწაული აღნიშნეს. ამ დღეს 104 წელი შესრულდა პირველი ოსური გაზეთის „ირონ გაზეტ“ (ოსური გაზეთი) გამოსვლიდან. იგი ჩრდილო ოსეთში გამოდიოდა, ამიტომ ოსმა ჟურნალისტებმა ეს დღე პროფესიულ  დღესასწაულად აირჩიეს. 

ცხინვალელ ჟურნალისტებს ეს დღე პირველად დეფაქტო რესპუბლიკის ინფორმაციისა და მასობრივი კომუნიკაციების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ  გიორგი კაბისოვმა მიულოცა. მისი თქმით, ოსური მედია დაფინანსების მხრივ მძიმე დღეშია.  სახელმწიფო გაზეთების პერიოდულობის კვირაში სამ დღემდე გაზრდაც კი ვერ ხერხდება.

ამჟამად დეფაქტო რესპუბლიკაში რუსულენოვანი „იუჟნაია ოსეტია“ და ოსურენოვანი „ხურზარინი“ კვირაში ორჯერ გამოდის . ორივე გაზეთი დეფაქტო რესპუბლიკის  ბიუჯეტიდან  ფინანსდება.  

დეფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზიაც დღეში მხოლოდ სამ საათს მაუწყებლობს. კაბისოვის თქმით, მიმდინარე წელს მაუწყებლობის ხანგრძლივობის გაზრდაც იგეგმება. მისი თქმით, ქართული სატელევიზიო არხები ოსურ დასახლებებში უპრობლემოდ ვრცელდება და იქაურ პროპაგანდას ადგილობრივი ხელისუფლება ვერაფერს უპირისპირებს.

ოსური ტელევიზიის სიგნალი შეფერხებებით ვრცელდება ახალგორის და ზნაურის რაიონის ტერიტორიაზე.  კაბისოვი ამბობს, რომ საინფორმაციო ომში ოსური მხარე აგებს, რადგან მთიან ოსურ სოფლებში, სადაც ოსური სახელმწიფო ტელევიზიის გადაცემები ვერ ვრცელდება, ქართულ სატელევიზიო არხებს უყურებენ. მისი თქმით, ვითარების გამოსწორება დაფინანსების გაზრდით უნდა მოხდეს. 

მთავარი ინტერნეტგამოცემებიც  „ოსინფორმი“ და „რესი“ სახელმწიფო მედიასაშუალებებია. 

ცხინვალში ერთადერთი დამოუკიდებელი გაზეთი „21–ე საუკუნე“ დარღვეული პერიოდულობით გამოდის. მისი რედაქტორი თემურ ცხოვრებოვი დეფაქტო ხელისუფლების კრიტიკის ობიექტი ხშირად ხდება.  ბოლოს ოსურმა მთავრობამ ის ქართულ-ოსური ფორუმის გამო გააკრიტიკა.

მასალების გადაბეჭდვის წესი