საზოგადოება

აშშ აცხადებს, რომ თბილისთან შეშფოთება დააფიქსირა დეზინფორმაციის გამო

26 ივლისი, 2023 • 1263
აშშ აცხადებს, რომ თბილისთან შეშფოთება დააფიქსირა დეზინფორმაციის გამო

საქართველოში აშშ-ის საელჩო დეზინფორმაციას უწოდებს ცნობას იმის შესახებ, რომ მისმა რომელიმე თანამშრომელმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში მიიღო მონაწილეობა. განცხადება საელჩომ 26 ივლისს გაავრცელა.

“ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, თბილისსა და ვაშინგტონში, შეშფოთება გამოთქვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ბოლო დღეების განმავლობაში, აშშ-ის საელჩოსა და ჩვენი თანამშრომლების საქმიანობასთან დაკავშირებით ზოგიერთი მედიასაშუალებების მიერ გამოქვეყნებულ დეზინფორმაციასა და პოლიტიკური მოღვაწეების მიერ ამ დეზინფორმაციის გავრცელების თაობაზე.

როგორც აღვნიშნეთ, თბილისში აშშ-ის საელჩოში არავის მიუღია მონაწილეობა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ლობირებაში და არც დახმარებია მის ლობისტებს რაიმე შეხვედრის დაგეგმვაში. მავნებლური ინფორმაცია, რაც ამტკიცებს ან გულისხმობს, რომ საელჩოს თანამშრომლებმა ფული მიიღეს ლობისტური ფირმებისგან, ერთმნიშვნელოვნად ცრუ და უპასუხისმგებლოა”, — აღნიშნავს აშშ-ის საელჩო.

რა ხდება

უცხოელი აგენტების რეგისტრაციის (FARA) ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის Akerman LLP-ის მიერ გაწეულ საქმიანობაზე.

დოკუმენტის თანახმად, კომპანიასთან კონტრაქტი მიხეილ სააკაშვილის ბიძას, თემურ ალასანიას აქვს გაფორმებული და ლობისტური მომსახურების საფასური 75 451 დოლარს შეადგენს.

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, ლობისტური კომპანიის დასახულ მიზნებს შორის იყო მიხეილ სააკაშვილის შესახებ სტატიების მომზადება, კომუნიკაცია სააკაშვილის საქმის მაგნიტსკის სიაში შესატანად და კოორდინირება ბრიტანელ ოფიციალურ პირებთან აშშ-ის სახელმწიფო მდივნისთვის, ენტონი ბლინკენისთვის და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარისთვის, მაიკლ მაკ-კოლისთვის მასალების გადასაცემად.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ლობისტური კომპანიის აქტივობებს/სერვისებს შორისაა კომუნიკაცია აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ პირებთან თბილისში და ოფიციალურ პირებთან პოლონეთში, რათა პოლონელ ექიმებს სააკაშვილის მკურნალობის საშუალება მისცემოდათ.

დოკუმენტის თანახმად, აქტივობებს შორის იყო 2 სატელეფონო ზარი აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან. ამ უკანასკნელთან ლობისტებს ორი საკითხის განხილვა სურდათ:

  • პოლონური მხარის თხოვნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსადმი, მიეცათ პოლონელი სპეციალისტებისთვის სააკაშვილის მკურნალობის ნებართვა;
  • მაგნიტსკის სია და შეხვედრის დაგეგმვა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, სააკაშვილის შეწყალების საკითხზე.

დოკუმენტში არ ჩანს ფაქტი, რომ საელჩოს თანამშრომელი რაიმე ფორმით დაეხმარა ლობისტური კომპანიის წარმომადგენლებს ამ საკითხების მოგვარებაში. მიუხედავად ამისა, “ქართული ოცნების” მოკავშირე პარტიის, ხალხის ძალის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები უშუალოდ არიან ჩართულნი ზემოხსენებული კომპანიის ლობისტურ საქმიანობაში.

 

რისთვის გადაუხადა სააკაშვილის ოჯახმა ფული ამერიკულ ლობისტურ კომპანიას

მასალების გადაბეჭდვის წესი