საზოგადოება

ირლანდიის თავშესაფრებში ყველაზე მეტი ადამიანი საქართველოდანაა

25 ივლისი, 2023 • 4346
ირლანდიის თავშესაფრებში ყველაზე მეტი ადამიანი საქართველოდანაა

უახლესი სტატისტიკით, ირლანდიაში თავშესაფარის მაძიებელთა საცხოვრებლებში საქართველოს მოქალაქეები პირველ ადგილს იკავებენ და უსწრებენ ისეთი ქვეყნების მოქალაქეებსაც კი, რომლებშიც ომი მძვინვარებს.

კერძოდ, ირლანდიის ბავშვთა, თანასწორობის, შშმ პირთა, ინტეგრაციისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორი ივლისის სტატისტიკით, თავშესაფრის მაძიებელთათვის გამოყოფილ საცხოვრებლებში ცხოვრობს საქართველოს 3432 მოქალაქე. მეორე ადგილზეა ნიგერია [2847], მესამეზე კი, ალჟირი [2543].

საქართველო აგრეთვე უსწრებს იმ ქვეყნებს, სადაც ამჟამად საომარი მოქმედებები მიმდინარეობს – სომალიდან მაძიებელთა რაოდენობა შეადგენს 2120-ს, სირიიდან – 249-ს.

ქართველების მიერ ირლანდიაში თავშესაფრის ძიების საკითხი არახალია – „დუბლინ ინქუაირერის“ ცნობით, 2022 წელს საქართველოდან განაცხადი შეიტანა 2700 ადამიანზე მეტმა, 2021 წელს კი მათმა რაოდენობამ 340 შეადგინა.

ამასთან ერთად, ირლანდიას საქართველო უსაფრთხო ქვეყანათა სიაში ჰყავს შეყვანილი, რაც ამცირებს მაძიებელთა შანსს თავშესაფრის მიღებაზე. უსაფრთხო ქვეყანათა სიაში საქართველო 2018 წელს მოხვდა, ხოლო 2019-ში საქართველოს ელჩი ირლანდიაში, გიორგი ზურაბაშვილი ამბობდა, რომ არ არსებობს „პოლიტიკური გარემოებები“, რომელთა გამოც საქართველოს მოქალაქეს ირლანდიაში თავშესაფარი შეიძლება დასჭირდეს.

რატომ ირჩევენ ქართველები ირლანდიას

ირლანდიაში მცხოვრები რენა ფურცელაძე ეუბნება „ბათუმელებს“, რომ ირლანდიის არჩევა განპირობებულია ქვეყნის მაღალი ეკონომიკური განვითარებითა და კარგი საათობრივი ანაზღაურებით. მისივე მოსაზრებით, საქართველოდან ემიგრაციაში მიდიან არა მხოლოდ უმუშევრობისა და სოციალური პრობლემების გამო, არამედ, ზოგადად, ბუნდოვანი მომავლისა და უპერსპექტივობის შიშით.

ფურცელაძე აგრეთვე აღნიშნავს, რომ ირლანდიის პოლიტიკა მაძიებლებისადმი მიმზიდველია მიგრანტებისთვის, ვინაიდან თავშესაფრის მოთხოვნაზე განაცხადის გაკეთების დღიდან სახელმწიფო იწყებს პირზე ზრუნვას, რაც გამოიხატება საცხოვრებლისა და კვების უზრუნველყოფით, ხოლო თავშესაფრის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში ემიგრანტები სარგებლობენ ყველა იმ სოციალური პაკეტით, რითაც ირლანდიის მოქალაქეები სარგებლობენ.

„ყველაზე მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო არ გტოვებს ბედის ანაბარა, როცა ცხოვრებას ნულიდან იწყებ ახალ სამყაროში და არ გაქვს ხვალინდელი დღის შიში, გაქვს სტაბილურობის განცდა. ალბათ ეს არის ის ძირითადი ფაქტორები, რის გამოც ირლანდია ახალ და სასურველ მიმართულებად იქცა ემიგრაციისთვის“, – ამბობს რენა ფურცელაძე.

უფრო ვრცლად ირლანდიაში მცხოვრებ ქართველებზე გირჩევთ:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/485597/?fbclid=IwAR0ndrl_NU50nBKhkS_UubG4RwrWH0NBs9_fT4upLAPhYp1wMFr0pS8mgTk

მასალების გადაბეჭდვის წესი