საზოგადოება

შსს-ს 4 თანამშრომელი დანაშაულში ვამხილეთ, მათ შორის ერთი, ოჯახში ძალადობაში — საგამოძიებო

25 ივლისი, 2023 • 773
შსს-ს 4 თანამშრომელი დანაშაულში ვამხილეთ, მათ შორის ერთი, ოჯახში ძალადობაში — საგამოძიებო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ამ წლის ივნის-ივლისში უწყებამ ძალადობაში ამხილა 4 სამართალდამცავი. მათ შორის ერთს ბრალდება წარუდგინეს ოჯახში ძალადობის მუხლით.

როგორც საგამოძიებო სამსახური ამბობს, დანაშაულში ამხილეს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის თანამშრომელი. გამოძიების თანახმად, მან 2023 წლის 11 მაისს თბილისში, შურისძიების მოტივით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს, კერძოდ, თავში იარაღი ჩაარტყა.

„ასევე, ძირს დაგდებულ მსხვერპლს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და კვლავ განაგრძო მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, რის შედეგადაც მსხვერპლს თავის მიდამოში მიადგა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები.

საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ პირს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის და მუქარისთვის წარუდგინა ბრალდება“, – წერს საგამოძიებო სამსახური.

დანაშაულში ამხილეს და დააკავეს შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელიც. როგორც გამოძიება ამბობს, ის ყოფილ მეუღლეს, 6 წლის განმავლობაში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემურად აყენებდა შეურაცხყოფას და ამცირებდა. ასევე, 2023 წლის მაისში მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. საქართველოს პროკურატურამ სამართალდამცავს ოჯახში ძალადობის და მუქარისთვის ბრალდება წარუდგინა.

ბრალი წაუყენეს შსს-ს დაცვის პოლიციის კიდევ ორ თანამშრომელს. მათ შორის ერთს, ფიზიკური ძალადობის მუხლით. უწყების თქმით, მან ცეცხლსასროლი იარაღი ჩაარტყა დაზარალებულს თავში, ხოლო მეორემ:

„2023 წლის 16 მარტს ქ. თბილისში, ურთიერთშელაპარაკების დროს, მსხვერპლს ცემის შედეგად სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა. გარდა აღნიშნულისა, ვ. გ. 2023 წლის 17 მაისს ქ. თბილისში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მის ნაცნობ ქალბატონს და დააზიანა დაზარალებულის ავტომანქანა“.

უწყება ამბობს, რომ ჯამში, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მუშაობის შედეგად ძალადობრივ დანაშაულსა და არასათანადო მოპყრობაში 40 სამართალდამცავია მხილებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი