საზოგადოება

დასავლეთის აქციები შარიათის წინააღმდეგ

21 ივლისი, 2010 • • 1267
დასავლეთის აქციები შარიათის წინააღმდეგ

საქინე მოჰამადი აშთიანის სიკვდილით დღეს დასჯიან. ირანში გაზეთებს, საინფორმაციო სააგენტოებსა და ტელევიზიებს მოჰამადი აშთიანის სასიკვდილო განაჩენის გაშუქება აკრძალული აქვთ.

24 ივლისს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 43 წლის ირანელი ქალის დასჯას გააპროტესტებენ. საპროტესტო დემონსტრაციები გაიმართება ტორონტოში, ოტავაში, ლონდონში, ბრემენში, ფრანკფურტში, ამსტერდამში, გეტებორგში, სტოკჰოლმში, ნიუ-იორკსა და სხვა ქალაქებში. აქციის გამართვა იგეგმება თბილისშიც. მოჰამადი აშთიანისთვის გამოტანილი განაჩენი საქართველოს დედაქალაქში პირველად 19 ივლისს ირანის საელჩოს წინ გააპროტესტეს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ფემინისტი ლია ჯაყელი არ ფიქრობს, რომ ”პროტესტის ამ ფორმით კონკრეტულ ადამიანს ან დანარჩენებს უახლოეს მომავალში რამე ეშველებათ. ცოტა ადრეც რომ მოგვეწყო, ამ წუთისთვის ვერაფერს შეცვცვლიდით. არასდროს არ არის გვიან, თუმცა ყოველთვის ადრე სჯობს. ზოგადად, სიკვდილით დასჯის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში ქალებს ვუჭერთ მხარს, უფრო მსუბუქი სასჯელიც რომ არსებობდეს, გაუმართლებელია. რა სახისაც არ უნდა იყოს სასჯელი, მისი მოტივაცია ქალების მიმართ დისკრიმინაციული და უსამართლოა”.

ორგანიზაცია „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ ხელმძღვანელი ეკა აღდგომელაშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამართული აქციის ერთ-ერთი ინიციატორი იყო, ამბობს, რომ 24 ივლისს ირანის საელჩოსთან აქცია ათი ადამიანის დასწრების შემთხვევაშიც გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი