საზოგადოება

კულებას თქმით, სიტუაცია სააკაშვილის ჯანმრთელობის ირგვლივ „დუღილის წერტილამდე“ მივიდა

4 ივლისი, 2023 • 833
კულებას თქმით, სიტუაცია სააკაშვილის ჯანმრთელობის ირგვლივ „დუღილის წერტილამდე“ მივიდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ამბობს, რომ უკრაინისთვის სიტუაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ირგვლივ „დუღილის წერტილამდე“ მივიდა და კიევმა „მძაფრი, მაგრამ სამართლიანი ნაბიჯი“ გადადგა – მოითხოვა საქართველოს ელჩისგან, თბილისში დაბრუნებულიყო კონსულტაციებისთვის.

უკრაინის პირველი დიპლომატის თქმით, კიევს ასეთი ნაბიჯისკენ უბიძგა სააკაშვილის 3 ივლისის კადრებმა, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი ძალიან ცუდად გამოიყურება.

„როცა სახელმწიფო რამით უკმაყოფილოა, რეაქციის პირველი დონეა პროტესტის გამოხატვა, მეორე – საკუთარი ელჩის გამოწვევა კონსულტაციებისთვის, ხოლო მესამე, სიმკაცრის მხრივ რამდენიმე დონით მაღალი – ვთხოვოთ ამ ქვეყნის ელჩს, დატოვოს უკრაინა საკუთარ მთავრობასთან კონსულტაციებისთვის. დიპლომატიაში ეს განსაკუთრებით მკაცრი ფორმაა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამას იმსახურებს“, – ციტირებს მინისტრს „უკრაინსკა პრავდა“.

კულებას მოსაზრებით, ელჩმა საქართველოს ხელისუფლებასთან უნდა ისაუბროს იმის შესახებ, „თუ საერთოდ სად მიდის საქართველო, რატომ ანგრევენ ისინი [საქართველოს ხელისუფლება] საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს და რა უნდა გაააკეთონ მათ გადასარჩენად“.

მისივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას სურს, სააკაშვილი სიკვდილამდე მიიყვანოს „პირადი ზიზღისა და შურიძიების გამო. [ხელისუფლება] მოქმედებს ძველი სტალინური მეთოდით, არაა ადამიანი – არაა პრობლემა“.

„თუ ისინი მას შიდა პოლიტიკისთვის საფრთხედ მიიჩნევენ, მისცენ უფლება დატოვოს საქართველო, იცხოვროს წყნარად უკრაინაში ან სხვა ქვეყანაში. თქვენ კი განაგრძეთ ცხოვრება და რუსეთთან დაახლოება, ასე თუ გსურთ. მაგრამ ჩვენ ვხედავთ ბრმა, უბრალოდ ცხოველურ პოლიტიკას – მის [სააკაშვილის] სიკვდილამდე მიყვანას“, – განაცხადა კულებამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი