საზოგადოება

ALDE “ოცნებას”: გაათავისუფლეთ გვარამია, სააკაშვილი და ლაზარე

29 მაისი, 2023 • 955
ALDE “ოცნებას”: გაათავისუფლეთ გვარამია, სააკაშვილი და ლაზარე

ლიბერალთა და დემოკრატთა ევროპულმა ალიანსმა (ALDE) 26-28 მაისს სტოკჰოლმში გამართულ კონგრესზე რეზოლუცია მიიღო ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს  ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ფლირტს აგრძელებს და ევროკავშირსა და ნატო-ში ქვეყნის ინტეგრაციის საბოტაჟს ეწევა.

რეზოლუციაში წუხილია გამოთქმული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებების გამო, რომლებიც დასავლეთს და ევროკავშირს ადანაშაულებენ საქართველოს ომში „ჩათრევის“ სურვილში. ALDE-ს განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ამით ძირს უთხრის ევროკავშირის იმიჯს და ავრცელებს დეზინფორმაციას, რომელიც მხოლოდ რუსეთის მთავრობას აწყობს.

რეზოლუციაში წუხილია გამოთქმული საქართველოს მთავრობის პოზიციაზე, რომ გააღრმავოს თანამშრომლობა რუსეთთან, მათ შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის გზით.

ALDE ასევე ეხმიანება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახის წევრების საქართველოში შემოშვებას, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დასავლეთის სანქციების ქვეშ არიან.

ALDE მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“:

  • შეუერთდეს საავიაციო სექტორში რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს და ფხიზლად იყოს ამ სანქციების თავიდან აცილების პოტენციური მცდელობის წინააღმდეგ;
  • შეწყვიტოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის საბოტაჟი ევროკომისიის 12 რეკომენდაციის არშესრულებითა და ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის შენარჩუნებით;
  • შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლებასთან ფლირტი ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაღრმავებით;
  • შეწყვიტოს ანტიდასავლური პროპაგანდა და დეზინფორმაციული კამპანიები;
  • შეწყდეს პოლიტიკური დევნა და გაათავისუფლოს ლაზარე გრიგორიადისი, ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი.

ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი (ALDE) ევროპაში ლიბერალურ პარტიებს აერთიანებს.  ALDE-ს პოლიტიკურ ოჯახში საქართველოდან 5 ოპოზიციური პარტია ერთიანდება: რესპუბლიკური პარტია, თავისუფალი დემოკრატები, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „გირჩი-მეტი თავისუფლება“.

26-28 მაისს სტოკჰოლმში გამართულ კონგრესს ALDE-ს წევრი ქართული პარტიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი