[განახლება]: თურქეთის “ცესკომ” გამარჯვებულად ერდოღანი გამოაცხადა
თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ხმებს ითვლიან. ოფიციალური შედეგები ცნობილი ჯერ არ არის, თუმცა მიმდინარეობს პარალელური დათვლები.
საარჩევნო უბნები ქვეყნის ტერიტორიაზე თბილისის დროით 18:00 საათზე დაიხურა, რის შემდეგაც ხმის დათვლა დაიწყო.
სანამ თურქეთის საარჩევნო საბჭო შედეგებს გამოაცხადებს, ორი მედიასაშუალება თავისი პარალელური დათვლების შედეგებს აქვეყნებს.
თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, Anadolu-ს მონაცემებით, მოქმედ პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, ხმათა 52.61% აქვს, მის მთავარ კონკურენტს, ქემალ ქილიჩდაროღლუს — 47.39%. ესაა Anadolu-ს მონაცემები თბილისის დროით 20:20 საათისთვის.
ერდოღანი ლიდერობს კერძო საინფორმაციო სააგენტო ANKA-ს შედეგებითაც, თუმცა, უფრო მცირე უპირატესობით. მოქმედ პრეზიდენტს ამ დათვლით 51.35% აქვს, ქილიჩდაროღლუს კი — 48.65%. ესაა ANKA-ს მონაცემები თბილისის დროით 20:20 საათისთვის.
Anadolu-ს თანახმად, თავისი ეს შედეგები საარჩევნო ყუთების 91.55%-ს ეფუძნება, ANKA-ს მიხედვით კი ყუთების 93.43%-ია გახსნილი.
გამომდინარე იქიდან, რომ პარალელური დათვლები ჯერაც მიმდინარეობს და არც ოფიციალური მონაცემები გამოქვეყნებულა, საბოლოო შედეგზე საუბარი ჯერაც ნაადრევია.
თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც 14 მაისის არჩევნებში ვერც ერთმა კანდიდატმა შეძლო გამარჯვებისათვის საჭირო 50%-ზე მეტის მოპოვება.
არჩევნების პირველი ტური ერთ-ერთი ყველაზე რთულად პროგნოზირებადი იყო უკანასკნელ ათწლეულებში. მიზეზებს შორის დომინირებდა ერდოღანის მმართველობის ბოლო წლებში გამწვავებული ეკონომიკური პრობლემები ისევე, როგორც ოპოზიციის ერთიანობა მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ.
მეორე ტურს ოპონენტებს შორის ხისტი ურთიერთბრალდებები, ყალბი ამბების გავრცელება და ნაციონალისტური დისკურსის გაფართოება სდევდა თან.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი 20 წელია, თურქეთს მართავს. ის თურქეთის მმართველ პარტიას, “სამართლიანობისა და განვითარების პარტიას” თავმჯდომარეობს. მისი მთავარი კონკურენტი ქემალ ქილიჩდაროღლუ თურქეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის, “რესპუბლიკური სახალხო პარტიის” თავმჯდომარეა.