საზოგადოება

ბინები პროფესიული ნიშნით, თუმცა მხოლოდ პოლიციელებს – რატომ?

23 მაისი, 2023 • 2703
ბინები პროფესიული ნიშნით, თუმცა მხოლოდ პოლიციელებს – რატომ?

თბილისში, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე 1000-ზე მეტი პოლიციელისთვის დასახლება შენდება, სადაც ბინის შესაძენად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს სიმბოლური თანხის გადახდა მოუწევთ (კვადრატულ მეტრში დაახლოებით 300 ლარი) დანარჩენ თანხას კი სახელმწიფო დაფარავს.

პროექტისთვის ბიუჯეტიდან 125 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

ამ პრაქტიკას კრიტიკულად აფასებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი. ისინი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ამ გზით პოლიციელების “გულის მოგებას” ცდილობს გაზრდილი რესპრესიული ფონის კვალდაკვალ.

ქვეყანაში საბინაო პოლიტიკის არარსებობის ფონზე კონკრეტული პროფესიული ჯგუფისთვის ბინების მშენებლობის საკითხს ეჭვის თვალით უყურებენ მკვლევრებიც, რომლებიც საცხოვრისის საკითხებს წლებია აკვირდებიან და ითხოვენ უსახლკარობის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებას.

რას ეფუძნება და რამდენად გამართლებულია მსგავსი პრაქტიკა? რატომ ეხება ის მხოლოდ ერთ პროფესიულ ჯგუფს, პოლიციას და არა სხვებს, მაგალითად პედაგოგებს?  – ამ სტატიაში ნეტაზეთი ამ და სხვა საკითხებს მიმოიხილავს.

რა ხდება

საქართველოს მთავრობა პოლიციელებისთვის ბინების შეღავათიან ფასად გადაცემას პირველად არ აანონსებს.

მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის კორპუსების მშენებლობა 2018 წელსაც დაანონსდა საქართველოს 5 დიდ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში.

ამ დაპირების მიხედვით აღნიშნულ ქალაქებში შსს-ს 400-მდე თანამშრომელს საცხოვრებელი სახლები შეღავათიან ფასად უნდა მიეღო. კერძოდ, ბინის 40%-ს სახელმწიფო, 60%-ს კი თავად მესაკუთრე დაფარავდა. პროექტის მიხედვით, სახელმწიფოს მშენებელი კომპანიებისთვის 13 386 364 ლარი უნდა გადაეხადა და ჯამში 10 საცხოვრებელი კორპუსი უნდა აშენებულიყო.

საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა თბილისსა და რუსთავში 2021 წელს დასრულდა და 139 პოლიციელს 77.4 კვ.მ ფართობის ბინა “თეთრი კარკასის” მდგომარეობით გადაეცა.

მაშინ შსს აცხადებდა, რომ შეღავათიან ფასებში ბინის შეძენის მსურველები შს მინისტრის ბრძანებით შექმნილმა კომისიამ შეარჩია, შემდეგ კი კანდიდატებს შორის გამარჯვებული ლოტოტრონის პრინციპით გამოვლინდა.

დაპირებული 88-ბინიანი საცხოვრებელი ორი კორპუსი ამ დრომდე დაუსრულებელია ბათუმში, რომელთა მშენებლობაზეც მესამედ ჩატარებული ტენდერის გამარჯვებული 2022 წლის ბოლოს გამოვლინდა. სახელმწიფომ 3 980 000 ლარზე ხელშეკრულება კომპანია “ანაგთან” გააფორმა.

სწორედ ამავე კომპანიასთან გააფორმა სახელმწიფომ 124 963 260 ლარიანი ხელშეკრულება თბილისში, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩის #69-ში 1 100-ბინიანი “პოლიციის ქალაქის” მშენებლობაზეც. ხელშეკრულება “ანაგთან” 2022 წლის 21 დეკემბერს გაფორმდა და მის თანახმად საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობისთვის 2.5 წელზე მეტი დრო აქვს.

მისი მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყო, რის აღსანიშნავადაც ერთ-ერთი შენობის საძირკველში პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა სიმბოლური კაფსულა ჩადეს.

ღონისძიებაზე ღარიბაშვილმა დაპირება გასცა, რომ ეს არ იქნებოდა ერთადერთი პოლიციის ქალაქი და მომავალშიც გაგრძელდებოდა მსგავსი პროექტები შსს-ს თანამშრომლებისთვის:

“ჩვენი დიდი სურვილია, რომ ეს საკანონმდებლო დონეზეც იყოს გარანტირებული”, — თქვა მან.

მხოლოდ ამ ერთი პროექტის განხორციელება სახელმწიფოს 125 მილიონ ლარამდე უჯდება.

“ავტორიტარული პოპულიზმი”

პოლიტიკური პარტია “ლელოს” წარმომადგენელი თაზო დათუნაშვილი სახელმწიფოს მხრიდან საბინაო პოლიტიკის არსებობის მომხრე არ არის. ის მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს ფუნქცია ადამიანების ბინებით უზრუნველყოფა არ უნდა იყოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადამიანი სოციალურად დაუცველია.

რაც შეეხება “პოლიციის ქალაქს”, მისი შეფასებით, ეს სახელმწიფოს მხრიდან “ავტორიტარული პოპულიზმია”, რადგან ხელისუფლებას პოლიცია ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, საყრდენად ესახება. ხოლო ამ გზით მათი “ერთგულების მოსყიდვას” ცდილობს.

თაზო დათუნაშვილი

ის ძალოვანი უწყებებისთვის საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფას ან შეღავათიან ფასებში გადაცემას გამართლებულად მიიჩნევს მხოლოდ ერთ შემთხვევაში — თუ ამ ქმედების მიზანი კადრების დეფიციტის ფონზე პოლიციაში ან ჯარში ადამიანების მოზიდვა და ამ გზით სახელმწიფოს ინტერესების გატარება იქნება. თუმცა, მისი შეფასებით, კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით პოლიციელებისთვის სპეციალურად გამოყოფილი უბანი შენდება, ზემოთ აღნიშნული მოტივი არ იკვეთება.

“მე რასაც ვხედავ, ეს არის პოპულიზმი… ძალიან ძველი საბჭოთა პრაქტიკა, როდესაც ხელისუფალი და პოლიცია გარკვეულწილად დანაშაულში თანამონაწილეები იყვნენ. დამოკიდებულება ასეთია — შენ ჩემთვის ხალხს დაარბევ, მე შენთვის ბინებს გამოვყოფ. შენ ჩემთვის პოლიტიკური პოლიციის ფუნქციას შეასრულებ, უთვალთვალებ ჩემს პოლიტიკურ ოპონენტებს, მე პრემიას მოგცემ.  ეს არის ქართველი ხელისუფლის იდეის გაგრძელება, რომ პოლიცია უნდა გყავდეს ახლოს და მეგობრულად”, — განმარტავს დათუნაშვილი.

პოლიციისთვის “გულის მოგებასთან” დაკავშირებით დათუნაშვილის მოსაზრებას იზიარებს წარსულში პოლიციის მაღალჩინოსანი საქართველოსა და უკრაინაში, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე.

ის ზოგადად ნებისმიერი ხელისუფლების მხრიდან პოლიციის მიმართ მსგავს ქმედებებში ხედავს საფრთხეს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ რისკები “ქართული ოცნების” პირობებში კიდევ უფრო იზრდება.

ხატია დეკანოიძე

“ყველა ხელისუფლება ჩვენს პირობებში პოლიციას პოლიტიკური მიზნების შესასრულებლად იყენებდა, ამიტომ, შეიძლება [ხელისუფლების მხრიდან] მსგავსი ლოიალობის გამოჩენა დაკავშირებული იყოს იმასთან, რომ მეტად მიიბან პოლიცია.

ძალიან დიდი საფრთხეა, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, როდესაც არ გვაქვს დემოკრატიული მმართველობა, ეს კიდევ პოლიტიკური იარაღად გამოიყენონ.

[2024 წელს] არჩევნები მოდის. ხელისუფლებას უნდა, რომ პოლიცია უფრო რეპრესიული გახდეს და მთავრობის მიმართ იყოს გაცილებით მორჩილი”, — ამბობს დეკანოიძე.

ის მიიჩნევს, რომ ბინების თანადაფინანსებაზე მეტად შსს-ს თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვანია შემდეგი სამი პირობით უზრუნველყოფა:

  1. ღირსეული ხელფასები
  2. კარგი სოციალური პაკეტები, რაც მათი და მათი ოჯახის წევრების დაზღვევასაც გულისხმობს
  3. ღირსეული შრომის პირობები.

“პოლიცია ერთ-ერთი მიზნობრივი ჯგუფია”

“ქართული ოცნების” დეპუტატი და პარლამენტში სოციალურ საკითხთა კომიტეტის  წევრი, რიმა ბერიძე დადებითად აფასებს ხელისუფლების გადაწყვეტილებას პოლიციელებისთვის ბინების მშენებლობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, არ არის მართალი, რომ სახელმწიფოს საბინაო პოლიტიკა არ აქვს და ამის მაგალითად მოჰყავს სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფისთვის, მათ შორის დევნილებისთვის და ეკომიგრანტებისთვის სახლების მშენებლობა.

“ნეტგაზეთის” რეპლიკაზე, რომ პოლიციიისთვის სახლების მშენელობის შემთხვევაში, საუბარია კონკრეტულ პროფესიაზე და არა ცალკეული ადამიანების საჭიროებებზე, (როგორიცაა უსახლკაროდ დარჩენილი დევნილი, ეკომიგრანტი და სხვ.), ბერიძემ განაცხადა, რომ პოლიციაც ერთ-ერთი “მიზნობრივი ჯგუფია” და ამ პროფესიის წარმომადგენლებს განსაკუთრებული ხელშეწყობა სჭირდებათ.

“ეს არის ადამიანებზე ზრუნვა. პოლიცია ერთ-ერთი მიზნობრივი ჯგუფია ჩვენს სახელმწიფოში. ნეტა ყველა სტრუქტურა გააკეთებდეს ანალოგიურს და არც ერთ სტრუქტურაში არ დარჩნენ ადამიანები, ვისაც ბინათსარგებლობის კუთხით საბინაო პოლიტიკის გაუმჯობესება ესაჭიროება. სახელმწიფომ თქვა, რომ აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე მაქსიმალურად ცდილობს იმ ჯგუფებისთვის მიზნობრივი პოლიტიკა განახორციელოს, ვისაც სჭირდება. უამრავ მაგალითს მოგიყვანთ, როცა თავდაცვის სამინისტრო აუმჯობესებს მათთან მოსამსახურე ჯარისკაცების და პერსონალისთვის  [გადასცემს მათ სახლებს]. ასევე, როცა სახელმწიფო დევნილი ოჯახებისთვის აშენებს ბინებს, ასევე ეკომიგრანტებისთვის. არსებობს სოფლად სახლის მშენებლობები, როდესაც ქალაქში მცხოვრებ დევნილებს თანხას აძლევს, რომ მათი სურვილის შემთხვევაში სოფლად შეიძინონ სახლი. ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრია”, — განმარტავს რიმა ბერიძე.

რიმა ბერაძე

ცალკეული პროფესიული ჯგუფების წახალისება საერთო პოლიტიკის გარეშე

“ღია საზოგადოების ფონდის” სოციალური სამართლიანობის პროგრამის მენეჯერი, იურისტი, ანანო ცინცაბაძე “ნეტგაზეთთან” სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული პროფესიული ჯგუფისთვის სახლებით უზრუნველყოფის პრობლემურობაზე საუბრობს.

საცხოვრისით უზრუნველყოფის კონტექსტში ის სახელმწიფო დონეზე ცალკეული პროფესიული ჯგუფისთვის პრიორიტეტის მინიჭებას არ ეთანხმება და განმარტავს, რომ ეს ქვეყანაში უსახლკარობის პრობლემას ვერ გადაჭრის.

მისი განმარტებით, პრობლემის მოსაგვარებლად მნიშვნელოვანია ეტაპობრივი მოქმედების სტრატეგიის შემუშავება, სადაც სახელმწიფო ჯერ აღიარებს პრობლემას, შემდეგ დაითვლის მის მასშტაბებს, შეაგროვებს შესაბამის ინფორმაციას მოსახლეობის საჭიროებების თაობაზე და მხოლოდ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შექმნის შესაბამის სერვისებს.

“თუ ამ პროცესებს გაივლის სახელმწიფო, უბრალოდ ვერ მივა იმ დასკვნამდე, რომ კონკრეტული პროფესიისთვის უნდა შეიქმნას საცხოვრისები.

მივალთ იმ მდგომარეობამდე, რომ საცხოვრისის სერვისები შეიქმნება საჭიროების მქონე ჯგუფებისთვის და ბუნებრივია, არ გამოვრიცხავ, რომ მათ შორის მოხვდებიან შესაბამისი პროფესიის წარმომადგენლებიც.

დარწმუნებული ვარ, არაერთ პოლიციელს უდგას დღეს სერიოზული ეკონომიკური და სოციალური პრობლემები, მათ შორის საბინაოც, თუმცა მათთვის და სხვა ჯგუფებისთვის თანაბარი და სამართლიანი მიდგომების განვითარებისთვის აუცილებელია, შესაბამისი პროცესები გაიაროს სახელმწიფომ, რაც არის პოლიტიკის შექმნა, რასაც არ აკეთებს”, — განმარტავს ცინცაბაძე.

არასამთავრობო სექტორი რამდენიმე წელია აქტიურად ითხოვს უსახლკარობის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებას, თუმცა უშედეგოდ. ამ საკითხთან დაკავშირებით 2019 წელს “საქართველოში ადამიანების სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესწავლის შესახებ“ თემატური მოკვლევის ჯგუფიც შეიქმნა.

ასევე, 2019 წელს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა “საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის დებულება” და შეიქმნა სხვადასხვა უწყების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან და ექსპერტებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფიც.

თუმცა, აღნიშნული მცდელობების მიუხედავად, ცინცაბაძის თქმით, ქვეყანაში ამ დრომდე არ არსებობს უსახლკარობის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტი და სტრატეგია, რის მიხედვითაც დადგინდებოდა ის საჭიროებები, რაც საქართველოს მოსახლეობას საცხოვრისთან დაკავშირებით უდგას და განისაზღვრებოდა, თუ ვინ მიაჩნია სახელმწიფოს საცხოვრისის საჭიროების მქონე ჯგუფად.

ანანო ცინცაბაძე

ანანო ცინცაბაძე

“სახელმწიფოს მხრიდან გარკვეულწილად დისკრიმინაციული მიდგომები ვლინდება. მისთვის პრიორიტეტული ჯგუფებისთვის ქმნის ცალკე პროგრამებს და არა საერთო პოლიტიკას ან ხედვას. ასეთ დროს ყოველთვის გაჩნდება კითხვა — რატომ აირჩია სახელმწიფომ ეს ჯგუფი და არა სხვა. და ეს კითხვა რჩება პასუხგაუცემელი…

ერთი მხრივ, მივესალმები, რომ ყველას, ვისაც სჭირდება, საცხოვრისით იყოს უზრუნველყოფილი მაგრამ, მეორე მხრივ, ის, რომ სხვა ჯგუფებისთვის ასეთი სერვისები ხელმისაწვდომი არ არის, მათ შორის მათთვისაც, ვისაც გადაუდებლად სჭირდება [საცხოვრისი], ბუნებრივია, აჩვენებს, რომ სახელმწიფოს ძალოვან უწყებებში მომუშავე ადამიანების კეთილგანწყობა სჭირდება და ნაკლებად აინტერესებს იმ ადამიანების ბედი, რომლებიც წლებია ღია ცის ქვეშ ცხოვრობენ”, — განმარტა მან.

ცინცაბაძე სახელმწიფოს მხრიდან საბინაო პოლიტიკის არშემუშავების ორ მიზეზს ასახელებს:

  1. სახელმწიფო სტრუქტურებში მცირეა ისეთი კვალიფიციური კადრები, რომელთაც აქვთ მაღალკვალიფიციური პროფესიული საქმიანობის წარმოების გამოცდილება და შესაბამისი ცოდნა.
  2. პოლიტიკური მოტივაცია —  სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარება აღარ დატოვებს სივრცეს იმისთვის, რომ ხელისუფლებამ სოციალური პრობლემებით მანიპულირება შეძლოს საარჩევნოდ.

“სადაც სოციალური პოლიტიკა მოგვარებულია, იქ სოციალური პრობლემები მანიპულირებადი ვერ არის. ანუ ცალკეული პრობლემების გადაჭრით ადამიანებს ვერ მოიმადლიერებ და ცალკეულ ჯგუფებში ვერ გააჩენ კონკრეტული ძალის მიმართ დადებით განწყობებს, რაც შეიძლება იდგეს მსგავსი პროგრამების უკან. ბუნებრივია, სოციალურ კეთილდღეობაში მცხოვრები ადამიანები პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსაც საკუთარი ნებით იღებენ, და არა მადლიერების გამო”, — ამბობს ის.

პასუხგაუცემელი შეკითხვები

“პოლიციის ქალაქთან” დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად “ნეტგაზეთი” შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობას დაუკავშირდა.

მთავრობას ვკითხეთ, რის საფუძველზე გადაწყვიტეს, რომ სახელმწიფოს მის მიერ დასაქმებული სხვადასხვა პროფესიული ჯგუფიდან საცხოვრისით მხოლოდ პოლიციელები  უზრუნველეყო [თანადაფინანსების სახით] და უძღოდა თუ არა ამ გადაწყვეტილებას წინ რაიმე კვლევა. რა არის “პოლიციის ქალაქის” მშენებლობის მიზანი და იგეგმება თუ არა იმავეს გაკეთება სხვა პროფესიული ჯგუფებისთვისაც.

სტატიის გამოქვეყნების მომენტისთვის მთავრობის ადმინისტრაციიდან “ნეტგაზეთს” პასუხი არ აქვს მიღებული.

პასუხი არ მიგვიღია ასევე კითხვაზე, რა ეტაპზეა საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა, რომლის შემუშავებასაც არასამთავრობო სექტორი რამდენიმე წელია ითხოვს და რომლის შექმნის რეკომენდაციაც საპარლამენტო მოკვლევის ჯგუფმა მთავრობას 2019 წელს გაუწია. აღნიშნული დოკუმენტის პირველადი ვერსია 2020 წლის პირველ კვარტალში უნდა ყოფილიყო მზად.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, “ნეტგაზეთმა” უწყებას მიმართა შეკითხვით, თუ რა პრინციპით შეირჩევიან შსს-ს ის თანამშრომლები, ვინც პოლიტკოვსკაიას ქუჩის #69-ში ბინებს შეღავათიან ფასში შეისყიდიან.

“ნეტგაზეთი” პასუხს აღნიშნული უწყებიდანაც ელოდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი