საზოგადოება

ვოლსკი ადასტურებს, რომ საქართველოში ლავროვის შვილი იმყოფებოდა

20 მაისი, 2023 • 7328
ვოლსკი ადასტურებს, რომ საქართველოში ლავროვის შვილი იმყოფებოდა

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი ადასტურებს, რომ საქართველოში ნამდვილად იმყოფებოდა სერგეი ლავროვის შვილი. ამის შესახებ ვოლსკიმ იმედის ეთერში განაცხადა.

“ლავროვის შვილი იყო, როგორც მოგვიანებით გავიგეთ. ვინოკუროვაა, სხვა გვარით არის. ქმრის გვარზეა. მისი ქმრის ძმის ქორწილი იყო, როგორც მეუბნებიან”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ვოლსკის განცხადებით, ლავროვის შვილის ქმრის ძმა საკმაოდ ანტირუსული განცხადებებით არის ცნობილი და ფეისბუკზე წერს “არა ომს”, “არა უკრაინაზე თავდასხმას” და ა.შ. “მთლად რადიკალური განცხადებები არ აქვს: ძირს პუტინი, მაგრამ საკმაოდ თავისუფლად მოაზროვნე ხალხია”.

მისივე თქმით, ლავროვის შვილმა აშშ-ში დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი და შესაძლოა ამერიკული პასპორტიც აქვს.

“არ არის სასიამოვნო ისეთ რაღაცებზე ვჭორაობ”, – განაცხადა ვოლსკიმ.

მან უსიამოვნო უწოდა ლავროვის შვილის, პოზნერის (2021 წელს) თუ მიხალკოვის ვიზიტს (2011 წელს) საქართველოში, მაგრამ “ჯოხით რომ გამოეკიდები არ არის ის რეალობა, რაც უნდა აისახოს”.

ტელეკომპანია „მთავარის“ ინფორმაციით, კახეთში, ყვარლის ტბაზე, სერგეი ლავროვის სიძის ძმა ქორწილს იხდის. ის, რომ საქართველოში იმყოფება, დასტურდება მიკა ვინოს, (იგივე მოშე ვინოკუროვის) და მისი მეუღლის ინსტაგრამ გვერდებიდან. მათ საქორწილო ცერემონიის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნეს, სადაც იუსტიციის სახლის მიერ გაცემული ქორწინების მოწმობებიც ჩანს.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ყვარელში იმყოფებიან სერგეი ლავროვის შვილი ეკატერინა ვინოკუროვა (ლავროვა) და მისი ქმარი ალექსანდრ ვინოკუროვი. ორივე მათგანი სანქცირებულია.

ორივე სასტუმრო — „ახაშენი ღვინის კურორტი და სპას“ და „ყვარლის ტბა“ — იდენტური განცხადებებით უარყოფენ ლავროვის შვილის სტუმრობასა და საქორწილო ღონისძიებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას და ამბობენ, რომ „ლავროვის გვარით სტუმარი არ უფიქსირდებათ“.

თუმცა ეკატერინა ლავროვი ქმრის გვარს — ვინოკუროვას ატარებს. ამასთან, „მთავარმა არხმა“ ჩაატარა ექსპერიმენტი: ჟურნალისტმა სასტუმროში დარეკა, როგორც ყვავილების მაღაზიის კურიერმა და იკითხა, იყო თუ არა „ყვარლის ტბაში” ადამიანი, სახელით და გვარით ეკატერინა ლავროვა, ვინაიდან მისთვის ყვავილების თაიგული იყო შეკვეთილი.

„მთავარი არხის” ჩანაწერის თანახმად, სასტუმროში უთხრეს, რომ სახელსა და გვარს ჩაინიშნავდნენ და დაუკავშირდებოდნენ. შემდგომ ჩანაწერში, რომელიც ეთერში გავიდა, ტელეარხის ცნობით, სასტუმროს წარმომადგენელი კურიერად წარდგენილ ჟურნალისტს ეუბნება:

„…გავარკვიეთ, რომ სწორად მოგაქვთ თაიგული”.

„ნამდვილად თქვენთანაა ხომ სტუმარი?” — კითხულობს ჟურნალისტი, რასაც ხსენებული პირი პასუხობს:

„კი, კი”.

სასტუმრო „ახაშენი ღვინის კურორტმა“ კი მოგვიანებით მორიგი განმარტება გაავრცელა და თქვა, რომ მისი „პრეროგატივა არ არის მოახდინოთ სტუმრების იდენტიფიცირება“.

„სასტუმროს ამის არც რესურსი და არც ვალდებულება არ გააჩნია. შესაბამისად, სასტუმროს ადმინისტრაცია არ და ვერ იქნება ინფორმირებული, ჩვენი სტუმრების ვიზიტის მიზანთან ან მათ გადაადგილებასთან დაკავშირებით“, — ნათქვამია სასტუმროს განცხადებაში.

ჟურნალისტებმა ლავროვის შვილის და სიძის საქართველოში შესაძლო ყოფნაზე კითხვები დაუსვეს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს, რომელიც 19 მაისს პარლამენტში, ინტერპელაციის წესით იყო მისული. გომელაურმა კითხვას არ უპასუხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი