საზოგადოება

რუსთაველი გადაკეტილია, მიმდინარეობს აქცია რუსეთთან ფრენების წინააღმდეგ

20 მაისი, 2023 •
რუსთაველი გადაკეტილია, მიმდინარეობს აქცია რუსეთთან ფრენების წინააღმდეგ

თბილისში რუსეთთან  პირდაპირი ფრენების შეწყვეტის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეებმა შეკრება 18:00 საათზე დაიწყეს. შემდგომში რუსთაველის გამზირი გადაიკეტა.

“რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება” – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები გუშინ განახლდა. 19 მაისს თბილისში პირველი რუსული თვითმფირნავი დაჯდა 2019 წლის შემდეგ, როდესაც გავრილოვის ღამის გამო პუტინის ფრენებით ქვეყნებს შორის ფრენები აიკრძალა.

გარდა ფრენებისა, მომიტინგეები აპროტესტებენ რუსეთის საგარეო უწყების სიძის ოჯახის წევრის ქორწილს, რომელიც საქართველოში იგეგმებოდა და გავრცელებული ინფორმაციით ჩაიშალა.

ყვარელში დღეს არაერთი ადამიანი დააკავეს სასტუმროსთან დემონსტრაციისას. დღევანდელი აქციის ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ მათი გათავისუფლებაცაა.

21 საათზე მომიტინგეები სახელით, აქციის ერთ-ერთმა სპიკერმა ნოდარ ნიშნიანიძემ განაცხადა, რომ ისინი 1-საათიან ვადას აძლევენ ხელისუფლებას იმისათვის, რომ გაიგონ, უშვებენ თუ არა დაკავებულებს და აუქმებენ თუ არა ფრენებს. მისი თქმით, სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული მომიტინგეების შემდგომი მოქმედება.

ტელეკომპანია „მთავარის“ ინფორმაციით, კახეთში, ყვარლის ტბაზე, სერგეი ლავროვის სიძის ძმა ქორწილს იხდის. ის, რომ საქართველოში იმყოფება, დასტურდება მიკა ვინოს, (იგივე მოშე ვინოკუროვის) და მისი მეუღლის ინსტაგრამ გვერდებიდან. მათ საქორწილო ცერემონიის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნეს, სადაც იუსტიციის სახლის მიერ გაცემული ქორწინების მოწმობებიც ჩანს.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ყვარელში იმყოფებიან სერგეი ლავროვის შვილი ეკატერინა ვინოკუროვა (ლავროვა) და მისი ქმარი ალექსანდრ ვინოკუროვი. ორივე მათგანი სანქცირებულია.

ორივე სასტუმრო — „ახაშენი ღვინის კურორტი და სპას“ და „ყვარლის ტბა“ — იდენტური განცხადებებით უარყოფენ ლავროვის შვილის სტუმრობასა და საქორწილო ღონისძიებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას და ამბობენ, რომ „ლავროვის გვარით სტუმარი არ უფიქსირდებათ“.

თუმცა ეკატერინა ლავროვი ქმრის გვარს — ვინოკუროვას ატარებს. ამასთან, „მთავარმა არხმა“ ჩაატარა ექსპერიმენტი: ჟურნალისტმა სასტუმროში დარეკა, როგორც ყვავილების მაღაზიის კურიერმა და იკითხა, იყო თუ არა „ყვარლის ტბაში” ადამიანი, სახელით და გვარით ეკატერინა ლავროვა, ვინაიდან მისთვის ყვავილების თაიგული იყო შეკვეთილი.

„მთავარი არხის” ჩანაწერის თანახმად, სასტუმროში უთხრეს, რომ სახელსა და გვარს ჩაინიშნავდნენ და დაუკავშირდებოდნენ. შემდგომ ჩანაწერში, რომელიც ეთერში გავიდა, ტელეარხის ცნობით, სასტუმროს წარმომადგენელი კურიერად წარდგენილ ჟურნალისტს ეუბნება:

„…გავარკვიეთ, რომ სწორად მოგაქვთ თაიგული”.

„ნამდვილად თქვენთანაა ხომ სტუმარი?” — კითხულობს ჟურნალისტი, რასაც ხსენებული პირი პასუხობს:

„კი, კი”.

სასტუმრო „ახაშენი ღვინის კურორტმა“ კი მოგვიანებით მორიგი განმარტება გაავრცელა და თქვა, რომ მისი „პრეროგატივა არ არის მოახდინოთ სტუმრების იდენტიფიცირება“.

„სასტუმროს ამის არც რესურსი და არც ვალდებულება არ გააჩნია. შესაბამისად, სასტუმროს ადმინისტრაცია არ და ვერ იქნება ინფორმირებული, ჩვენი სტუმრების ვიზიტის მიზანთან ან მათ გადაადგილებასთან დაკავშირებით“, — ნათქვამია სასტუმროს განცხადებაში.

ჟურნალისტებმა ლავროვის შვილის და სიძის საქართველოში შესაძლო ყოფნაზე კითხვები დაუსვეს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს, რომელიც 19 მაისს პარლამენტში, ინტერპელაციის წესით იყო მისული. გომელაურმა კითხვას არ უპასუხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი