საზოგადოება

უმრავლესობა აპირებს, რომ საგამოძიებო კომისია დღის წესრიგიდან ამოიღოს

1 მაისი, 2023 • 842
უმრავლესობა აპირებს, რომ საგამოძიებო კომისია დღის წესრიგიდან ამოიღოს

საპარლამენტო უმრავლესობა აპირებს, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა, რაც ოპოზიციის ინიციატივაა, პლენარულ სხდომაზე კენჭსაყრელ საკითხებში აღარ ჩასვას.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს, პირველ მაისს, ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„ამ საქმემ დააბრკოლა კენჭისყრები. როგორც იცით, პლენარული სხდომის დღის წესრიგს ადგენს საქართველოს პარლამენტის ბიურო და შემდეგ ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. შემოთავაზებულ დღის წესრიგის პროექტში ეს კენჭისყრა არ არის ჩასმული. ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ, როდესაც ამ პროექტს გავივლით და ასეთი სახით შეგვიძლია შევთავაზოთ პლენარულ სხდომას დასამტკიცებლად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბიუროს სხდომაზე შალვა პაპუაშვილს „ლელოს“ წევრმა დავით უსუფაშვილმა სთხოვა დაეზუსტებინა, რის საფუძველზე მოხდა ბიუროს და პარლამენტის მიერ კენჭსაყრელად განსაზღვრული საკითხის ამოღება კენჭის საყრელი საკითხებიდან.

„კონკრეტულად რის საფუძველზე, კონსტიტუციის თუ რეგლამენტის რომელი მუხლის და პუნქტის საფუძველზე აპირებს პარლამენტის ბიურო და უმრავლესობა, რომ ამოიღოს კენჭისყრიდან პარლამენტის მიერ განხილული, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამჯერ რეგისტრაციაზე დაყენებული კენჭის საყრელ საკითხებში შეტანილი კონკრეტული საკითხი“, – ჰკითხა უსუფაშვილმა პაპუაშვილს.

პასუხად პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ არაფრის ამოღება არ ხდება.

„პარლამენტის პლენარული სხდომის კვირის დღის წესრიგი ყოველ ჯერზე ხელახლა არის შედგენილი. პროექტს ადგენს ბიურო და ამიტომ არ არსებობს არანაირი დღის წესრიგი, რომლიდანაც რაღაცის ამოღება ხდება. დღეს პარლამენტის ბიურო სწორედ  სასესიო კვირის დღის წესრიგის პროექტს ვადგენთ, რომელიც ხვალ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. შეგახსენებთ, რომ მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხი პარლამენტის სხდომების დღის წესრიგში რამდენჯერმე არ შეგვქონდა და წინა კვირას შევიტანეთ.

აქ რომ არ იყოს რაიმე მანიპულაცია, არანაირი დღის წესრიგი არ არსებობს, რომლისგანაც რაღაცის ამოღება ხდება ან არ ხდება. ყოველ ჯერზე ხდება დღის წესრიგის შედგენა, სადაც იმის მიხედვით შედის საკითხები, როგორც ბიურო განიხილავს. თუ პარლამენტის რომელიმე წევრი ან ჯგუფი არ ეთანხმება დღის წესრიგს და ფიქრობს, რომ რაიმე საკითხი დასამატებელია, თქვენ პლენარულ სხდომაზე, ასევე ბიუროს სხდომაზე, გაქვთ უფლება, დააყენოთ საკითხის დღის წესრიგში შეტანაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 


დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელმაც სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სავარაუდო სამართალდარღვევები უნდა შეისწავლოს, პარლამენტში ოპოზიციის მიერაა ინიცირებული. თუმცა კომისიის შექმნას „ქართული ოცნება“ ეწინააღმდეგება. ამიტომ მათ საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის კენჭისყრა სამჯერ ჩაშალეს.

კერძოდ, იმისათვის, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას, პარლამენტში კენჭისყრა უნდა გაიმართოს და საკითხს მხარი, მინიმუმ, 50-მა დეპუტატმა დაუჭიროს. კენჭისყრამდე კი საჭიროა სხდომაზე, სადაც მას კენჭი ეყრება, ქვორუმი შედგეს, რომლისთვისაც რეგისტრაცია, მინიმუმ, 76-მა დეპუტატმა უნდა გაიაროს.

თუმცა საპარლამენტო ოპოზიციაში 76 დეპუტატი არაა. ამით სარგებლობდა საპარლამენტო უმრავლესობა და იმისათვის, რომ კომისია არ შეიქმნილიყო, კენჭისყრამდე რეგისტრაციის გავლაზე უარს ამბობდა და, შესაბამისად, საჭირო ქვორუმი არ იკრიბებოდა და კომისიის შექმნას კენჭი ვერ ეყრებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი