საზოგადოება

სახელმწიფო 300 ონკოპაციენტ ბავშვს საზღვარგარეთ მკურნალობას დაუფინანსებს

24 აპრილი, 2023 • 1139
სახელმწიფო 300 ონკოპაციენტ ბავშვს საზღვარგარეთ მკურნალობას დაუფინანსებს

საქართველოს მთავრობის განცხადებით, ონკოლოგიური დაავადებების მქონე 300 ბავშვის საზღვარგარეთ მკურნალობას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, მათ შორის დაიფარება საზღვარგარეთ მკურნალობის, ცხოვრებისა თუ მგზავრობის ხარჯები და ბიუჯეტიდან ამისთვის დაახლოებით 30 მილიონი ლარი გამოიყოფა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობას შერჩეული აქვს მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე კლინიკა, სადაც პროგრამის ბენეფიციარები გაივლიან მკურნალობას.

ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში, სამწუხაროდ, დღესდღეობით არ არის ყველა ის პირობა შექმნილი, რომ სრულყოფილი და, რაც მთავარია, ხარისხიანი, მაღალი სტანდარტის სერვისები მიიღონ ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებმა, სწორედ ამიტომ, ღარიბაშვილის თქმით, ხშირ შემთხვევაში საჭიროა ამ ბავშვების მკურნალობა საზღვარგარეთ, რაც მრავალი ათასი ამერიკული დოლარი ჯდება და ამის საშუალება ყველას არ აქვს:

„რამდენიმე ხნის წინ მე დავავალე ჯანდაცვის მინისტრს და ჩვენ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე მუშაობა – მოგეხსენებათ, საქართველოში დაახლოებით 300-მდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვი გვყავს, ჩვენი მოქალაქე, რომელთაც, რა თქმა უნდა, სახელმწიფო აფინანსებს მათ მკურნალობას, წელიწადში მათთვის გამოყოფილია 10 მლნ ლარი დაახლოებით, მაგრამ ისიც მოგეხსენებათ, რომ საქართველოში, სამწუხაროდ, დღეს არ არის ყველა ის პირობა შექმნილი, რომ სრულყოფილი და, რაც მთავარია, ხარისხიანი და მაღალი სტანდარტის სერვისები მივაწოდოთ. ხშირ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება ამ ბავშვების მკურნალობა საზღვარგარეთ.

ისეთი სერვისები, როგორიცაა, თუნდაც პროტონული თერაპია, დასხივება და ა.შ. რაც მრავალი ათასი ამერიკული დოლარი ჯდება. ზოგ შემთხვევაში შეიძლება 100 000 ევრო დაჯდეს ერთი კურსი. რა თქმა უნდა, ამის საშუალება ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ, ყველას არ აქვს ამის საშუალება და სახელმწიფოსაც, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს გარკვეული შეზღუდვები ამ მიმართულებით.

რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება ასეთი მომსახურება, ამიტომ ეს საკითხი იყო გადაუწყვეტელი და მოუწესრიგებელი. ამიტომ, ჩვენი გადაწყვეტილებით, 300 ონკოლოგიური პაციენტი, ბავშვი, სრულად დაფინანსება სახელმწიფოს მიერ. ჩვენ შერჩეული გვაქვს, უკვე გამოკვეთილია რამდენიმე საუკეთესო კლინიკა მთელ მსოფლიოში , სადაც მოხდება ამ ბავშვების მკურნალობა“, — აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი