საზოგადოება

საერთაშორისო ორგანიზაციები გვარამიას გათავისუფლებისთვის პრეზიდენტს მიმართავენ

20 აპრილი, 2023 • 1171
საერთაშორისო ორგანიზაციები გვარამიას გათავისუფლებისთვის პრეზიდენტს მიმართავენ

საერთაშორისო უფლებადაცვითი და მედიაორგანიზაციები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას პატიმრობისგან გათავისუფლების თხოვნით.

„ჩვენ, ადამიანის უფლებათა და პრესის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ხელს ვაწერთ ამ განცხადებას, ვულოცავთ ქართველ ხალხს, რომ მიაღწიეს „უცხოეთის აგენტებზე“ კანონპროექტის გაწვევას და მივესალმებით თქვენს, როგორც ლიდერის როლს კანონპროექტის უარყოფის საქმესა და დემოკრატიული ღირებულების დაცვაში. დღეს ჩვენ გწერთ, რათა გთხოვოთ, კიდევ ერთხელ გადადგათ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი პრესის დასაცავად და თქვენი უფლებამოსილების შესაბამისად, ციხიდან გაათავისუფლოთ ჟურნალისტი ნიკა გვარამია.

განცხადების ავტორები ხელისუფლების მხრიდან „შურისძიებას“ უწოდებენ გვარამიას 3.5 წლით დაპატიმრებას მისი პროფესიული საქმიანობის გამო, რაც მმართველი პარტიის ბასრ კრიტიკას გულისხმობდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გვარამიას დაპატიმრება არის „შემობრუნების წერტილი“ საქართველოში, რადგან „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ მონაცემებით, 1992 წლიდან საქართველოში ჟურნალისტი არ დაუპატიმრებიათ.

„გვარამიას დაპატიმრება საქართველოს აყენებს რეპრესიული, ავტორიტარული ქვეყნების რიგში პოსტსაბჭოთა ევრაზიაში, რაც აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას“, — აღნიშნავენ უფლებადაცვითი ორგანიზაციები.

„მოგიწოდებთ, გამოიყენოთ თქვენი აღმასრულებელი ძალაუფლება და ნიკა გვარამია წინაპირობების გარეშე, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოთ ციხიდან“, — წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ საერთაშორისო უფლებადაცვითი და მედიაორგანიზაციები:

  • ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი — Committee to Protect Journalists;
  • Article 19;
  • ევროპელ ჟურნალისტთა ასოციაცია — Association of European Journalists (AEJ);
  • პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი — European Centre for Press and Media Freedom (ECPMF);
  • ჟურნალისტთა ევროპული ფედერაცია — European Federation of Journalists (EFJ);
  • — Human Rights Watch;
  • ფონდი სამართლიანობა ჟურნალისტებისთვის — Justice for Journalists Foundation;
  • ცენზურის ინდექსი — Index on Censorship;
  • საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი — International Press Institute (IPI)
  • PEN International
  • რეპორტიორები საზღვრებს გარეშეReporters Without Borders (RSF);

მასალების გადაბეჭდვის წესი