საზოგადოება

გენდერულ საკითხებში მერის თანაშემწე გახდა პირი, რომელიც სამირა ბაირამოვას ხელს უშლიდა

7 აპრილი, 2023 • 5070
გენდერულ საკითხებში მერის თანაშემწე გახდა პირი, რომელიც სამირა ბაირამოვას ხელს უშლიდა

მარნეულის მერიის თანამშრომელი ირმა ზარქუა ამავე მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწედ დანიშნეს გენდერულ საკითხებში. გასულ წელს ის მარნეულის ბაზარში დახვდა, გალანძღა და მოსახლეობასთან კომუნიკაციაში ხელი შეუშალა აქტივისტ სამირა ბაირამოვას, რომელსაც კამპანიის “შინ ევროპისკენ” ფარგლებში მოქალაქეებთან შეხვედრა სურდა.

“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, რა კრიტერიუმებით შეარჩიეს ზარქუა ზემოხსენებულ პოზიციაზე. მარნეულის მერის პრესსამსახურის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ შეხვედრაზე იყო და თავად დაგვიკავშირდებოდა.

თავად ირმა ზარქუამ ჩვენი მხრიდან შეკითხვის დასმის შემდეგ თქვა, რომ ავტომობილში იჯდა, ხმა კარგად არ ესმოდა და გვთხოვა, მოგვიანებით დაგვერეკა, თუმცა სატელეფონო ზარებისთვის აღარ უპასუხია.

ინციდენტი, რომელშიც ზარქუა ფიგურირებდა, გასული წლის 2 ივლისს მოხდა. მარნეულის მერიის თანამშრომლები, ირმა ზარქუა და რიმა ოთარაშვილი, სამირა ბაირამოვას ფეხდაფეხ დასდევდნენ, უყვიროდნენ, ლანძღავდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ის ვერ გააგრძელებდა კამპანიას მარნეულში.

„დატოვე ტერიტორია და სხვა ქალაქში გააგრძელე შეხვედრა, აქ შენ ვერ გააგრძელებ“, — უყვიროდა ზარქუა ბაირამოვას.

ირმა ზარქუა სამირა ბაირამოვას ფეხდაფეხ დასდევდა და ღიად ეუბნებოდა, რომ არ მისცემდა გადაადგილების საშუალებას. ფოტოასლი “რადიო მარნეულის” ვიდეოდან.

ზარქუა ასევე ყვიროდა, რომ ბაირამოვამ „გადახაზა ქრისტიანული ჯვარი“, რაც სიმართლე არ არის.

რამდენიმე კვირით ადრე სამირა ბაირამოვამ ძალადობრივი, პრორუსული „ალტ-ინფოს“ დაფუძნებული პარტიის ოფისს მარნეულში წითელი საღებავი შეასხა. აღნიშნული პარტიის ლოგოს ნაწილია ჯვრის მსგავსი გამოსახულება, რომელსაც ზარქუა ჯვრად, საღებავის შესხმის ფაქტს კი — ჯვრის შეურაცხყოფად წარმოაჩენდა.

სამირა ბაირამოვა შეეცადა ზარქუასთვის აეხსნა, რომ მან საღებავი შეასხა არა ჯვარს, არამედ „რუსეთიდან დაფინანსებულ პარტიას“.

„რას ამბობ, შენც ხომ გაფინანსებს ვიღაც?“, — უპასუხა ზარქუამ ბაირამოვას და გააგრძელა ყვირილი.

“რადიო მარნეულის” თანახმად, იმ პერიოდში, როცა ინციდენტი მოხდა, ირმა ზარქუა მერიის მოსაკრებლის განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე საქმიანობდა. ეს თანამდებობა მას 2021 წლის ივლისიდან ეკავა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქალაქის მერის თანაშემწედ დაინიშნა გენდერულ საკითხებში, ზარქუამ “ფეისბუკის” პირად გვერდზე, მიმდინარე კვირაში განათავსა.

სამირა ბაირამოვას შეფასებით, ახალ პოზიციაზე დანიშვნა ზარქუასთვის “ალბათ ჯილდო იყო [იმისთვის], რა პერფორმანსიც მოაწყო ივლისში ბაზრის ტერიტორიაზე”.

“სისტემა ისე იქცევა: ვინც უფრო რადიკალურია, მოძალადეა და არღვევს ადამიანის უფლებას, ვინც ყველა სახის ღირებულებიდან, პატრიოტიზმიდან შორსაა, იმ ადამიანების დაწინაურება ხდება ყველა ადგილობრივ თვითმმართველობაში. სამწუხაროა, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ჩვენ ასეთ შემთხვევებს ვხედავთ”, — უთხრა სამოქალაქო აქტივისტმა “ნეტგაზეთს”.

“არ ვიცი, მსგავსმა ადამიანმა რა წვლილი შეიძლება შეიტანოს გენდერის საკითხებში და საზოგადოებრივ საქმიანობაში”, — დაამატა მან.

ინციდენტის შემდეგ, სამირა ბაირამოვამ სამართალდამცავ უწყებებს მიმართა. ის აცხადებდა, რომ ინციდენტის შემდეგ ზარქუა მის შეურაცხყოფას აგრძელებდა და პირადი ცხოვრების ხელყოფაზეც გადავიდა, რის შემდეგაც გადაწყვიტა, ეჩივლა მერიის თანამშრომლისთვის.

თავის მხრივ, პოლიციაში საჩივარი შეიტანა ირმა ზარქუამაც, დასძენდა რა, რომ ინციდენტის დროს სამირა ბაირამოვამ მას ხელი ჰკრა. ზარქუას მტკიცებით, მომხდარის შემდეგ სოციალურ ქსელში მის წინააღმდეგ ბულინგს, შეურაცხყოფასა და შანტაჟს ჰქონდა ადგილი.

სამირა ბაირამოვას თქმით, თავის საჩივართან დაკავშირებით სასამართლო პროცესი დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა სხდომა მოსამართლის ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.

მასალების გადაბეჭდვის წესი