საზოგადოება

სასწრაფოდ აღუდგინეთ აკრედიტაცია კრიტიკული ტელეკომპანიების თანამშრომლებს — კოალიცია

7 აპრილი, 2023 • 1228
სასწრაფოდ აღუდგინეთ აკრედიტაცია კრიტიკული ტელეკომპანიების თანამშრომლებს — კოალიცია

“მედიის ადვოკატირების კოალიცია” გმობს პარლამენტის მიერ “ფორმულას”, “ტვ პირველისა” და “მთავარი არხის” ჟურნალისტებისა და ოპერატორებისათვის აკრედიტაციის შეჩერებას.

საქმე ეხება 6 აპრილის გადაწყვეტილებას, რომელიც 3 ჟურნალისტსა და 2 ოპერატორს შეეხო. 4 მათგანის შემთხვევაში საბაბი გახდა ის, რომ დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოს ფოიეში აშშ-ის მიერ სანქცირებულ მოსამართლეებზე კითხვები დაუსვეს. რაც შეეხება „ფორმულას“ ჟურნალისტს, დეპუტატებს შალვა რამიშვილის შესახებ ეკითხებოდა.

“მედიის ადვოკატირების კოალიციის” შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილებები სადამსჯელო ხასიათს ატარებს, განსაკუთრებით, მმართველი პარტიის მხრიდან კრიტიკული მედიისადმი გაცხადებული ბოიკოტისა და პოლარიზებული მედიაგარემოს ფონზე.

“ქვეყანაში მედიაგარემო უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. კრიტიკული მედია პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების, ფიზიკური თავდასხმის, მუქარის, დეზინფორმაციისა თუ უკანონო მოსმენის სამიზნეა.

ხელისუფლება კრიტიკულ მედიასთან ბოიკოტის რეჟიმშია და ამით ართმევს საზოგადოებას განსხვავებული მოსაზრებებისა და პოზიციის მოსმენის შესაძლებლობას. ამ ფონზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტში ჟურნალისტებისათვის აკრედიტაციის წესებს იღებს”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაციის პოზიციაა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება, მედიის ჩართულობისა და მათი ლეგიტიმური პოზიციების გათვალისწინების გარეშე, ჟურნალისტებისათვის საფრთხის შემცველია და შესაძლოა, გამოყენებული იყოს კრიტიკული კითხვების შეზღუდვისა თუ სარედაქციო პოლიტიკაზე წნეხის მექანიზმად.

“ჩვენი შეშფოთება დადასტურდა კიდეც, როგორც პარლამენტის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების დროს, ასევე რუსული კანონის განხილვისას, როდესაც მედიას ხელისუფლებამ საკანონმდებლო ორგანოში პროფესიული საქმიანობის განხორციელებისა თუ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები უკანონოდ შეუზღუდა, მათ შორის, აკრედიტაციის შეჩერებით.

საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი გასაჩივრებულია სასამართლოში”, — აღნიშნავს კოალიცია.

ორგანიზაცია მოუწოდებს პარლამენტს, სასწრაფოდ აღუდგინოს ტელეკომპანიების თანამშრომლებს აკრედიტაცია და “შეწყვიტოს ამ ფორმით კრიტიკულ მედიაზე დამატებითი ზეწოლის ახალი, მანკიერი პრაქტიკის დამკვიდრება”.

ამავე თემაზე გირჩევთ:

პარლამენტმა კრიტიკული მედიის 3 ჟურნალისტსა და 2 ოპერატორს აკრედიტაცია შეუჩერა

მასალების გადაბეჭდვის წესი