საზოგადოება

ენმ-ს 2 გადამდგარი გენერალი შეუერთდა

5 აპრილი, 2023 •
ენმ-ს 2 გადამდგარი გენერალი შეუერთდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ორი ახალი წევრი წარადგინა – ზაზა გოგავა და მამუკა ყურაშვილი.

როგორც ხაბეიშვილმა თქვა, „გოგავა პარტიის სამდივნოში დაიკავებს ადგილს“, ყურაშვილი – „მაღალ თანამდებობას თბილისის ორგანიზაციაში“.

„დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა გავხდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი…მიხეილ სააკაშვილი იმყოფება ციხეში, ყოფილი თავდაცვის მინისტრი [დავით კეზერაშვილი – რედ.] პოლიტიკურ დევნაშია, ათასობით სამხედრო წასულია ქვეყნიდან… გადამწყვეტი, ფიალის ამვსები მომენტი იყო 7-9 მარტის აქციები, როცა მომავალ თაობას გავაცანით წიწაკის სპრეის გემო“, – ახსნა პარტიაში გაწევრიანების მიზეზები გოგავამ..

მამუკა ყურაშვილმა მადლობა გადაუხადა პარტიას და აღნიშნა, რომ მასში გაწევრების გადაწყვეტილებას აქამდე – ჰააგის სასამართლოს დასრულებამდე – ვერ მიიღებდა, რადგან არ მომხდარიყო საკითხის პოლიტიზება.

„ჩვენი უმთავრესი საზრუნავია უმაღლესი მთავარსარდლის დახსნა ტყვეობიდან, აზოველი გმირის, რომელიც ერთადერთია შემორჩენილი და დაიხაუს კონცლაგერშია, როგორც ვიცით. რაც შეგვეძლება, გავაკეთებთ“, – თქვა ყურაშვილმა [სტილი დაცულია].


„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი წევრები მაღალი თანამდებობის ყოფილი სამხედრო პირები არიან:

ზაზა გოგავა – გენერალ-მაიორი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი (მათ შორის რუსეთთან ომის დროს), 2008-2012 წლებში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსი.

მამუკა ყურაშვილი – ბრიგადის გენერალი, იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამშვიდობო ძალების (ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონში) შტაბის უფროსი (2007-2008) და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე (2009).

მასალების გადაბეჭდვის წესი