საზოგადოება

ორიენტაციაზე ნებისმიერი განცხადება მიუღებელია — ომბუდსმენი

3 აპრილი, 2023 •
ორიენტაციაზე ნებისმიერი განცხადება მიუღებელია — ომბუდსმენი

„ნებისმიერი განცხადება, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ორიენტაციასთან ან სხვა ტიპის გამოკვეთასთან, იქნება ეს რელიგიური თუ ეთნიკური კუთხით, აბსოლუტურად მიუღებელია“, — განაცხადა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა კითხვის საპასუხოდ, დისკრიმინაციულია თუ არა მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება ლაზარე გრიგორიადისის „არეული ორიენტაციის“ შესახებ.

იოსელიანმა ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკოსების განცხადებებს პოლიტიკოსებმა უნდა უპასუხონ.

„სახალხო დამცველის წარმომადგენელი ლაზარე გრიგორიადისის დაკავებიდან სულ რამდენიმე საათში შევიდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ნახა მისი განთავსების პირობები, ესაუბრა მას პირადად. ჩვენი მანდატის ფარგლებში მონიტორინგს ვახორციელებთ მის საქმეზე. მისი დაცვის უშუალო ფუნქცია ენიჭებათ ადვოკატებს, ჩვენ მისი უფლებების მონიტორინგი გვევალება“, — განაცხადა ლევან იოსელიანმა.

21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტის ღამით დააკავა. შსს მას ედავება 7-8 მარტის პროტესტისას პოლიციის თანამშრომლებისთვის ქვებისა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლას, რის შედეგადაც სამართალდამცველებმა დაზიანება მიიღეს. უწყების თანახმად, დაკავებულმა ასევე ცეცხლი წაუკიდა შსს-ს კუთვნილ ავტომობილს. გრიგორიადისს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ლაზარე გრიგორიადისს „არეული ორიენტაციის“ ადამიანი უწოდა. გარდა ამისა, სახელისუფლებო პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა მისი დისკრედიტაციის მასშტაბური კამპანია წამოიწყეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი