საზოგადოება

ევროპული ფასდაკლება საქართველოსთვის

17 ივნისი, 2010 • • 1564
ევროპული ფასდაკლება საქართველოსთვის

ნინო ძანძავას ფოტო

ბრუსელში, მიგრაციასთან დაკავშირებით, ევროკავშირისა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრები ადასტურებს, რომ ევროპა საქართველოსთვის გარკვეული შეღავათების დაწესებაზე ფიქრობს და, ამავდროულად, რიგ საკითხებთან მიმართებაში, მისგან პასუხისმგებლობების აღებას და აქტივობას ელის.  

სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია ბრიუსელში გაიმართა, სადაც ევროპულ მხარეს ევროკავშირის პრეზიდენტი და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიგელ ანხელ მორატინოსი და სესილია მალმსტრომი, საშინაო საქმეების ევროკომისარი წარმოადგენდნენ. ამის შემდეგ დოკუმენტი ევროპარლამენტში გაიგზავნება.

ევროკავშირსა და მესამე ქვეყნებს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმებები, როგორც წესი, რეადმისიის შეთანხმებებზე მსჯელობის პარალელურად მიმდინარეობს. ასეა საქართველოს შემთხვევაშიც. რეადმისია იმ მოვალეობებსა და პროცედურების დაცვას გულისხმობს, რომლებიც ევროკავშირის წევრმა და მესამე ქვეყნებმა შეთანხმების მხარეთა ტერიტორიაზე არალეგალურად მყოფ ადამიანებთან მიმართებაში უნდა განახორციელონ.

ევროკავშირისთვის არალეგალური მიგრანტები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენენ. ამიტომ იმ ქვეყნისგან, რომელთანაც სავიზო შეღავათებს აწესებს, ევროკავშირი არალეგალური მიგრაციის მართვის საკითხებზე თანამშრომლობასა და პასუხისმგებლობის გამკაცრებას ელის.

კახა გოგოლაშვილი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, ნეტგაზეთთან საუბარში განმარტავს: ”როდესაც ევროპა სავიზო რეჟიმს ამარტივებს, ხდება ლიბერალიზაცია, მოქალაქეების გადაადგილება ადვილდება, ის ჩვენგანაც მოითხოვს უფრო მკაცრი და, შესაბამისად, მეგობრული მიგრაციული პოლიტიკის გატარებას. რეადმისიის შეთანხმებით, საქართველო იღებს ვალდებულებას ევროკავშირიდან ის არალეგალურ მიგრანტები მიიღოს, რომლებიც ევროკავშირში საქართველოს ტერიტორიიდან შევიდნენ”. ამ დროს მნიშვნელობა არ აქვს, ევროპაში არალეგალურად მოხვედრილი პირი საქართველოს მოქალაქეა თუ არა. საქართველოში ბევრი უცხოელი ცხოვრობს, რომელთა აღრიცხვა ქვეყანაში არ კონტროლდება. გარდა უკან დაბრუნების ვალდებულებისა, საქართველო მოვალე იქნება უკან დაბრუნებულ ადამიანებს, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები, ჰუმანურად მოეპყრას და სპეციალურ თავშესაფრებში განათავსოს ისინი.

კახა გოგოლაშვილი თვლის, რომ არალეგალური მიგრანტების საქართველოში მიღება რეადმისიის შეთანხმების მნიშვნელოვანი პუნქტია, მაგრამ საქართველოს თანამშრომლობა სხვა სახითაც უნდა გამოიხატოს. გოგოლაშვილის თქმით, ”საქართველოს მოუწევს იყოს უფრო ფრთხილი და სელექტიური, რათა იმ ადამიანებს, რომლებიც შესაძლოა ევროპაში დარჩნენ, არ მისცეს საქართველოდან გასვლის საშუალება”.

რეადმისიის შეთანხმება არ გულისხმობს სავიზო რეჟიმის ერთის მხრივ გამარტივებას, ხოლო მეორე მხრივ, გართულებას. სავიზო რეჟიმის გამარტივების დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ევროპაში ხშირად მგზავრობენ, მოკლევადიან ვიზებს უფრო მარტივად მიიღებენ. მოკლევადიან ვიზა გულისხმობს 90-დღიან ვიზას, რომელსაც მოქმედების ვადა 180 დღის განმავლობაში აქვს. საქართველოში სამოგზაუროდ ან გავლით მყოფი ევროკავშირის მოქალაქეები სავიზო ვალდებულებებისგან 2006 წლის 1 ივლისიდან არიან გათავისუფლებულნი. 

ევროკავშირის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ადამიანების გარკვეული კატეგორიისთვის შეთანხმება არსებითად ამარტივებს სავიზო განაცხადისთვის საჭირო თანდართულ დოკუმენტაციას. ამ კატეგორიას განეკუთვნებიან ბიზნესმენები, მეცნიერები, სტუდენტები, ჟურნალისტები და ის ადამიანები, რომელთა ახლო ნათესავები ევროკავშირის ქვეყნებში იმყოფებიან.

მათთვის, ვისაც ევროპაში მიმოსვლა ხშირად უწევს, წევრი ქვეყნები გრძელვადიან მრავალჯერად ვიზებს გამოუწერენ. დიპლომატიური პასპორტების მქონე პირები სავიზო ვალდებულებებისგან თავისუფლდებიან.

სავიზო მომსახურების თანხა ყველა მოქალაქისთვის 60-დან 35 ევრომდე შემცირდება. ხოლო პენსიონერები, 12 წლამდე ასაკის მოზარდები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები, მეცნიერები და ჟურნალისტები სავიზო მომსახურების საფასურს საერთოდ არ გადაიხდიან.

ევროკავშირს სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის შეთანხმებები უკვე 8 ქვეყანასთან აქვს დადებული. ეს ქვეყნებია: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, მაკედონია, მოლდოვა, მონტენეგრო, რუსეთი და უკრაინა.

სავიზო რეჟიმის გამარტივება არ განიხილება გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიასთან მიმართებაში, რომლებიც შენგენის თანამშრომლობაში არ მონაწილეობენ. შეთანხმების დამტკიცების საფუძველზე საქართველოს მოქალაქეებს შეღავათები არც დანიაში გამგზავრებისას ექნებათ. დანიას, ნორვეგიას, ისლანდიასა და შვეიცარიას, რომლებიც შენგენის ქვეყნების შემადგენლობაში იმყოფებიან, ევროკავშირი ასევე მოუწოდებს საქართველოსთან სავიზო შეღავათების გაფორმებას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი