საზოგადოება

EU-ს რამდენიმე მინისტრმა მოლდოვასა და საქართველოში პრორუსი ოლიგარქების სანქცირება მოითხოვა — Politico

21 მარტი, 2023 •
EU-ს რამდენიმე მინისტრმა მოლდოვასა და საქართველოში პრორუსი ოლიგარქების სანქცირება მოითხოვა — Politico

Politico-ს ინფორმაციით, ორშაბათს, 20 მარტს, რამდენიმე ევროპელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირს მოუწოდა, სანქციები დაუწესონ მოლდოვასა და საქართველოში „დესტაბილიზაციის მცდელობებში“ ჩართულ ოლიგარქებს.

„ეს ორი ქვეყანა დესტაბილიზაციის მცდელობების წინაშე დგას, რაც ჩვენს უდიდეს სიფხიზლეს მოითხოვს და შეიძლება გამართლებული იყოს, რომ ჩვენ დავიწყოთ ამ მცდელობებზე პასუხისმგებელ პირთა მიზანში ამოღების განხილვა“, — განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ.

მისმა რუმინელმა და ესტონელმა კოლეგებმა ასევე მოუწოდეს ბლოკს მოლდოვის პრორუსი ოლიგარქებისთვის სანქციების დაწესებისკენ.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ თქვა, რომ ევროკავშირს „აკისრია პასუხისმგებლობა, გამოიყენოს და შექმნას სანქციების ახალი მექანიზმი რუსეთის პროქსი აგენტების, იმ ოლიგარქების წინააღმდეგ, რომლებიც მოლდოვაში გადატრიალებას ამზადებენ“.

რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში გამოიწვია მოსკოვის ჩარევის მზარდი შიში ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში — განსაკუთრებით მოლდოვაში, რომლის პროევროკავშირის პრეზიდენტმა საჯაროდ ამხილა კრემლის გეგმები მთავრობის დამხობის შესახებ.

მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა გასულ ივნისს, უკრაინასთან ერთად – მაშინ, როდესაც საქართველოს მოუწევს რამდენიმე რეფორმის განხორციელება, მათ შორის დეოლიგარქიზაცია.

საქართველოსთან დაკავშირებით Politico წერს, რომ ათასობით ადამიანმა თბილისში გამოხატა პროტესტი „უცხოელი აგენტებზე” საკამათო კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც, საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მოსკოვის მიერ იყო ნაკარნახევი.

„მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ უკან გაიწვია კანონპროექტი სამი დღის შემდეგ, მაგრამ ქართველების მზარდი რაოდენობა შიშობს, რომ მათი მთავრობა მოსკოვს უახლოვდება. პარტიის [ქართული ოცნება] დამფუძნებელს, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთთან, სადაც მან თავისი ქონება 1990-იან წლებში იშოვა“, — წერს Politico.

მასალების გადაბეჭდვის წესი