საზოგადოება

რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატების ქონება საზღვარგარეთ

20 მარტი, 2023 • 12102
რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატების ქონება საზღვარგარეთ

საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა გასულ კვირაში „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული სულისკვეთების კანონპროექტს მხარი დაუჭირა, კიდევ ორმა დეპუტატმა კი განაცხადა, რომ კანონპროექტს მხარი ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ მისცა. საზოგადოების პროტესტის შედეგად საბოლოოდ „ქართულმა ოცნებამ“ კანონი უკან გაიწვია.

„ნეტგაზეთი“ დაინტერესდა, თუ რა ქონებას ფლობენ საქართველოს ფარგლებს გარეთ ის დეპუტატები, რომლებმაც „რუსულ კანონს“ მხარი დაუჭირეს. სტატიაში დასახელებული ინფორმაცია ეფუძნება დეპუტატების მიერ შევსებულ დეკლარაციებს.

გოჩა ენუქიძე

საქართველოს მე-7; მე-8; მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი გოჩა ენუქიძე, მის მიერ შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ორი ამერიკული კომპანიის, Tesla და Cerberus Cyber Sentinel Corporation-ის აქციებს ფლობს.

დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატმა 2021 წელს, ჯამში, Tesla-ს 209 263 აშშ დოლარის ღირებულების 305 აქცია შეიძინა, 2022 წელს კი დამატებით 62 აქცია იყიდა, ჯამური ღირებულებით — 37 738 აშშ დოლარი.

ამასთან, ენუქიძემ კიბერუსაფრთხოების სფეროში მომუშავე Cerberus Cyber Sentinel Corporation-ის 50 აქცია 2022 წელს 273,5 აშშ დოლარად იყიდა.

ფრიდონ ინჯია

„ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატი ფრიდონ ინჯია, რომელმაც რუსულ კანონს ასევე დაუჭირა მხარი, საცხოვრებელ ბინას რუსეთში ფლობს. მის მიერ შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ბინა დეპუტატის მეუღლის სახელზეა გაფორმებული და მოსკოვში მდებარეობს.

ლევან კობიაშვილი

ლევან კობიაშვილს, რომელიც წლების განმავლობაში გერმანიაში ცხოვრობდა და ფეხბურთს თამაშობდა, ბოლო დეკლარაციის მიხედვით უძრავი ქონება ბერლინსა და დიუსელდორფში აქვს.

კერძოდ, კობიაშვილს და მის მეუღლე თამარ წულეისკირს, რომელიც ასევე საჯარო მოხელეა და საგარეო საქმეთა სამინისტროს „ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრს“ ხელმძღვანელობს, 2020 წელს ბერლინში 110 კვადრატული მეტრის ფართობის საცხოვრებელი ბინა აქვთ შეძენილი 945 000 ევროდ.

ამასთან, მათ საკუთრებაშია 550 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი ბერლინში და 770 კვ.მ მიწის ნაკვეთი ამავე ქალაქში.

2016 წლის დეკლარაციის მიხედვით, ოჯახი დიუსელდორფში ასევე ფლობდა 425 კვ.მ ფართობის საცხოვრებელ სახლს და 790 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს, თუმცა აღნიშნული ქონება ბოლო წლებში შევსებულ დეკლარაციებში აღარ ფიგურირებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლის დეკლარაციაში ლევან კობიაშვილს მითითებული აქვს გერმანიაში ბინის გაყიდვით მიღებული შემოსავალი.

პაატა კვიჟინაძე

„ქართული ოცნების“ დეპუტატი პაატა კვიჟინაძე, 2022 წელს ჩაბარებული დეკლარაციის მიხედვით, რუსეთში, კერძოდ კი მოსკოვში, ორ ბინას და ავტოფარეხს ფლობს.

დეკლარაციაში ასახული მონაცემების მიხედვით, დეპუტატმა მოსკოვში 53 კვ.მ ფართობის ბინა 2001 წელს შეიძინა 40 000 აშშ დოლარად, 2007 წელს კი – 107 კვადრატული მეტრის ფართობის კიდევ ერთი ბინა 100 000 აშშ დოლარად და  ავტოფარეხი 5 000 აშშ დოლარად.

ანტონ ობოლაშვილი

„ქართული ოცნების“ დეპუტატ ანტონ ობოლაშვილს დეკლარირებული აქვს საფრანგეთის ქალაქ პარიზში მდებარე 130 კვადრატული მეტრის ფართობის ბინა, რომელშიც 2014 წელს 1 165 025 ევრო გადაიხადა. ბინა დეპუტატს მეუღლესთან თანასაკუთრებაში აქვს.

ბეჟან წაქაძე

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ბეჟან წაქაძე, მის მიერ შევსებული ბოლო დეკლარაციის მიხედვით, უკრაინის დედაქალაქში 85 კვადრატული მეტრის ფართობის ბინას ფლობს. დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატმა ბინა 825 000 ლარად 2015 წელს შეიძინა.

ნინო წილოსანი

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი, მის მიერ შევსებული დეკლარაციის მიხედვით, 25-25%-იან წილებს ფლობს ორ უცხოურ კომპანიაში. ერთი მათგანი, S.R.O Almitrans ჩეხეთშია რეგისტრირებული, მეორე U.S TRADING COMPANY კი -ამერიკის შეერთებულ შტატებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი