საზოგადოება

„კანონპროექტი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროპულ მომავალს“ — „წიგნების თარო“

7 მარტი, 2023 • 763
„კანონპროექტი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროპულ მომავალს“ — „წიგნების თარო“

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „წიგნების თაროს“ შემოქმედებითი ჯგუფი განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტში ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ საფრთხეს უქმნის საქართველოს ინტეგრაციას დასავლურ ორგანიზაციებში, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროპულ მომავალს:

„გვსურს, გამოვეხმაუროთ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს, რომელმაც საზოგადოებაში სამართლიანი ვნებათაღელვა გამოიწვია. “წიგნების თაროსთვის”, რომელიც საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან ახალგაზრდულ პროექტად მოიაზრება, უმთავრესია ქართველი ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობა და ნათელი მომავალი, ჩვენი მიზანია მომავალი თაობა იყოს წიგნიერი, განათლებული და წარმატებული. შესაბამისად, ჩვენთვის უპირობო ამოცანაა ევროპული ოჯახის წევრობა, რაც საქართველოს კონსტიტუციაშიცაა აღბეჭდილი და განმტკიცებული.

ამასთან დაკავშირებით, გავეცანით რა კანონპროექტის შინაარსსა თუ უცხოელი პარტნიორების განცხადებებს, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონპროექტი საფრთხეს უქმნის საქართველოს ინტეგრაციას ჩვენთვის მნიშვნელოვან დასავლურ ორგანიზაციებში, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროპულ მომავალს. არა კანონპროექტს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, — ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, წლების შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც. ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს “ხალხის ძალიდან” „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვთ ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 6 მარტს „ხალხის ძალის“ ინიციირებულ კანონპროექტებს უცხოეთის აგენტების შესახებ I მოსმენით მხარი დაუჭირა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი არის მეორე და წამყვანი კომიტეტი, რომელმაც კანონპროექტებს მხარი დაუჭირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი